„წრიული/ცირკულარული ეკონომიკა“ (CE) არის ეკონომიკა, სადაც გამოყენებული პროდუქტების ნარჩენები და ნაწილები ბრუნდება წარმოების პროცესში და ქმნის ხელახალი გადამუშვების, გამოყენებისა და კომერციალიზაციის შესაძლებლობას. ამ მიდგომით, ხორციელდება რესურესების დაკარგვის ან/და მათი მოჭარბებული მოხმარების პრევენცია, მცირდება ნაგავის რაოდენობა და გარემოს დაბინძურება.
ევროკავშირის მწვანე დღის წესრიგში, ცირკულარულ ეკონომიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური განზომილებების მიმართულებით. 2020 წელს შემუშავდა სპეციალური სამოქმედო გეგმა. 2026 წლისთვის ევროკავშირი ემზადება „ცირკულარული ეკონომიკის შესახებ“ კანონის მისაღებად, რომელიც მიზნად ისახავს მეორადი ნედლეულის ერთიანი ბაზრის შექმნას, მაღალი ხარისხის გადამუშავებული მასალების მიწოდების გაზრდას და ამ მასალებზე მოთხოვნის სტიმულირებას ევროკავშირის ფარგლებში. კანონი ხელს შეუწყობს „კონკურენტუნარიანობის კომპასში“ ჩამოყალიბებული ამბიციის განხორციელებას - 2030 წლისთვის ევროკავშირი გახდეს მსოფლიო ლიდერი ცირკულარული ეკონომიკის სფეროში.
ევროკავშირის პოლიტიკისა და სამართლის ასპექტები ვრცელდება გაფართოების სივრცეზეც და ევროკავშირში გაწევრების მსურველ სახელმწიფოებს აკისრებს პასუხისმგებლობას. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის სამართალი, პოლიტიკა და სტანდარტები ეტაპობრივად და თანმიმდევრულად გახდეს გაფართოების ქვეყნების სამართლებრივი, ინსტიტუციური და კულტურული ჩარჩოების ორგანული ნაწილი (არა მხოლოდ გაწევრიანების მიზნით, არამედ როგორც შინაგანად ინსტიტუციონალიზებული ღირებულება).
საქართველოში ამ მიმართულებით დაწყებულია საქმიანობა. შემუშავებულია ცირკულარობის გზამკვლევი საქართველოსთვის (უცხოელ პარტნიორთა მხარდაჭერით, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობით). მიღებულია კანონები, ძირითადად, ნარჩენების მართვაზე ორიენტირებით (მათ შორისაა, 2023 წლის საქართველოს კანონი „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ და სხვა).
ცირკულარობის გზამკვლევის დოკუმენტში აღნიშნულია: „საქართველო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის რეგიონული ლიდერია და მისი მიზანია ტრადიციული „ხმარებიდან ამოღების“ კონცეფცია ჩაანაცვლოს მდგრადი ეკონომიკური სისტემით, სადაც მასალის ციკლები ჩაკეტილია. 2018 წლიდან მოყოლებული, საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს ... გადასვლის მხარდასაჭერად, რესურსების მართვის, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის სფეროების კანონმდებლობა მუდმივად ახლდება.“
დადებითი ძვრების მიუხედავად საჭიროა ინტენსიური და ჯანსაღი პრაქტიკის ჩამოყალიბება. ევროკომისიის 2024 წლის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „[საქართველოში] ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის კანონმდებლობასთან დაახლოება ადრეულ ეტაპზეა და საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს. დამატებითი კონსოლიდაციაა საჭირო როგორც ნარჩენების ჩარჩო დირექტივასთან, ისე ნარჩენთა ნაკადების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისთვის. 2024 წლის თებერვალში განხორციელდა ცვლილებები ნარჩენების მართვის კოდექსში, რითაც გაფართოვდა გაფართოებული მწარმოებლის პასუხისმგებლობის ორგანიზაციების ვალდებულებები და განისაზღვრა ადმინისტრაციული სანქციები შეუსრულებლობისთვის. ნარჩენების მართვის სისტემის მოდერნიზებისა და ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით კვლავაც აუცილებელია მნიშვნელოვანი ინვესტიციები, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტების დონეზე.“
თანამედროვე ეპოქაში ეკონომიკური ზრდა (მისი სოციალური ზეგავლენით) და, იმავდროულად, მომხმარებლის კეთილდღეობა პრაქტიკული და ყოველდღიური საზრუნავის საგანია. ცირკულარულ ეკონომიკასა და მის ზეგავლენაზე დიალოგისას, აუცილებელია, პოლიტიკის შემმუშავებლები და სპეციალისტები თემას მიუდგნენ რეალისტური, პრაქტიკულ ცხოვრებაზე დაფუძნებული ხედვით. უმნიშვნელოვანესია ბიზნეს-სექტორის, მომხმარებლისა და სახელმწიფოს ინტერესების კვეთა და გაერთიანება. გასათვალისწინებელია ის ფუნდამენტური ასპექტი, რომ ევროკავშირი სოციალური საბაზრო ეკონომიკის განმახორციელებელია, ამდენად, ცირკულარული ეკონომიკის შედეგებმა უნდა უპასუხოს არამხოლოდ ბიზნესის ინტერესებს, არამედ, მომხმარებელთა ინტერესებსა (სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესებასა) და გარემოსდაცვით მიზნებს.
გამოყენებული წყაროები:
/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/
შეკი (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი)