11 ოქტომბერს საქართველოს კულტურის სამინისტროს, სიიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ დასკვნითი საღამო გაიმართა.
თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იყო – პირველად საქართველოში პროექტი – „Astor“, აღსავსე დრამატულობით, ვიზუალური სილამაზითა და სენსაციური ქორეოგრაფიით.
პროექტი „Astor“ 2021 წელს შეიქმნა, ასტორ პიაცოლას დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად.
საღამოში მონაწილეობდნენ: Balletto Di Roma – საბალეტო დასი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, შესრულდა ასტორ პიაცოლას უკვდავი ნაწარმოებები.
„დასრულდა წლევანდელი ფესტივალი „ღამის სერენადები“. მდიდარი ატმოსფერული პროგრამით წარვდექით მაყურებლის წინაშე საქართველოს სამ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში. ბედნიერი ვარ, რომ დიდი მოწონება დაიმსახურა და რეზონანსი გამოიწვია თითოეულმა კონცერტმა. საქართველოში კლასიკურ მუსიკას გამორჩეული ადგილი უჭირავს. მაღალ დონეზეა მუსიკალური კულტურა და სწორად აფასებს მსმენელი. უბედნიერესი ვარ, რომ ასე წარმატებით დაგვირგვინდა წლევანდელი „ღამის სერენადები“,- განაცხადა „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ისაკაძემ.
თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, თბილისის მერია წლებია მხარში უდგას ფესტივალს და ხელს უწყობს ვარსკვლავების ჩამოყვანას.
„ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ დასკვნით საღამოს გრიბოედოვის თეატრმა უმასპინძლა საოცარი პროექტით „ასტორ“. ბალეტო დი რომამ და მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ გენიალური ასტორ პიაცოლას 100 წლის იუბილეს არაჩვეულებრივი საღამო მიუძღვნეს.
თბილისის მერია წლებია მხარში უდგას ფესტივალს და ხელს უწყობს ვარსკვლავების ჩამოყვანას, არტისტების გაცვლას და ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო კარგად წარმოჩენას მსოფლიოს კულტურულ რუკაზე. მადლობა ორგანიზატორებს ფესტივალს მაღალ დონეზე ჩატარებისთვის, მადლობა მონაწილეებს საოცარი შესრულებისთვის. თბილისის მერია „ღამის სერენადების“ მხარდამჭერი მომავალშიც იქნება“,- განაცხადა მაკა ნასრაშვილმა.
„ფესტივალის ბოლო დღეს დავესწარით სპექტაკლს, რომელიც საქართველოში პირველად წარმოადგინა საბალეტო დასმა – ბალეტო დი რომამ და მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ. წლევანდელ ფესტივალზე ოთხი საღამო ჩატარდა იტალიელი ხელოვანების მონაწილეობით. ჩვენი საელჩო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოსა და იტალიის კულტურული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ეს ურთიერთობები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება და ქართველი მაყურებელი არაერთი დაუვიწყარი კონცერტის მომსწრე გახდება.“- განაცხადა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ.
„წლევანდელმა ფესტივალმა ბორჯომის, ბათუმისა და თბილისის კონცერტების სერია გააერთიანა. საერთო ჯამში, გაიმართა ექვსი კონცერტი, ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისათვის. მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის უდიდესი გამოცდილებაა, ამიტომ ჩვენი მოწვეული სტუმრები ყოველთვის ატარებენ მასტერკლასებს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ მათ. მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს, სიიპ „შემოქმედებით საქართველოს“, აჭარის კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში. მადლობა ჩვენს მსმენელს და ჩემს გუნდს, რომელიც დაუღალავად შრომობს მთელი ფესტივალის განმავლობაში.“- განაცხადა „ღამის სერენადების“ დირექტორმა ნინა ცაგარელმა.
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში საერთო ჯამში ექვსი კონცერტი სამ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გაიმართა. ფესტივალი 20 აგვისტოს ქალაქ ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა. 22, 24 და 26 აგვისტოს კი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაგრძელდა. ფესტივალმა კი 9 და 11 ოქტომბერს გადმოინაცვლა დედაქალაში. კონცერტებში მონაწილეობდნენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები: მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია; ნელო სალცა – საყვირი, იტალია; ანდრეს გაბეტა – ვიოლინო, საფრანგეთი; მორის შტეგერი – ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია; თამარ ლიჩელი – ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი შიოლაშვილი – ფორტეპიანო, საქართველო; სოფო ხალვაში – ვოკალი, საქართველო.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისათვის.
(R)