შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი და ევროკავშირი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ - ჩვენ ბრიუსელში არ შევდივართ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ, ამიტომ მხარი იმ ძალებს უნდა დავუჭიროთ, რომლებიც სწორ ღირებულებებს იზიარებენ!

ჩვენ ბრიუსელის ბიუროკრატია და ევროკავშირი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ - ჩვენ ბრიუსელში არ შევდივართ, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ და ამიტომ მხარი ევროკავშირში იმ ძალებს უნდა დავუჭიროთ, რომლებიც სწორ ღირებულებებს იზიარებენ! - ეს განცხადება დღეს მედიასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილმა ამ კონტექსტში უნგრეთისა და სლოვაკეთის ხელისუფლებები დაასახელა და როგორც აღნიშნა, „ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაში ის ძალები მოდიან და ძლიერდებიან, რომლებიც ადამიანის ბუნების არმცნობი სტრატეგიების დამკვიდრებას ეწინააღმდეგებიან“.

„რატომ ითხოვს ევროკომისია ოჯახური ღირებულებების შესახებ მიღებული კანონის გაუქმებას? - კანონში ხომ ზუსტად ის წერია, რომ არასრულწლოვანისთვის სქესის შეცვლის გამგონი ოპერაციები საქართველოში არ იყოს დაშვებული.

ბრიუსელი და ევროკავშირი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ - ევროკავშირი სულ სხვა ღირებულებებს, სხვა საძირკველს და ისტორიულ გამოცდილებას ეფუძნება. ის რასაც ევროპა და ევროკავშირი ეფუძნება, უპირველეს ყოვლისა, არის ქრისტიანული მორალი. ის, რასაც ბრიუსელის ბიუროკრატია აკეთებს ევროპული ღირებულებებისგან აცდენაა. ამიტომ ყოველ ჯერზე ბრიუსელის ბიუროკრატიას მოვუწოდებ, რომ ევროკავშირის ღირებულებებს დაუბრუნდეს.

ჩვენ ბრიუსელში არ შევდივართ, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ - ამიტომ ჩვენი მიზანია ევროკავშირში მხარი იმ ძალებს დავუჭიროთ, რომლებიც სწორ ღირებულებებს იზიარებენ. ვგულისხმობ უნგრეთისა და სლოვაკეთის ხელისუფლებას. სხვადასხვა ქვეყნებში ხელისუფლებაში მოდიან ან ძლიერდებიან ძალები, რომლებიც იმ აბსურდის დამკვიდრებას ეწინააღმდეგებიან, რასაც ბრიუსელი ცდილობს.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ევროკავშირში იმ ძალების გაძლიერება, რომლებიც ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს ეფუძნებიან, რათა როდესაც ჩვენი წევრობის მომენტი დადგება იქ დაგვხვდეს არა ისეთი ბიუროკრატია, რომელიც ადამიანის ბუნების არმცნობ სტრატეგიებს ამუშავებს, არამედ დაგვხვდეს ჭეშმარიტად ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ბიუროკრატია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო