მე ძალიან მიჭირს, როგორც სამართლის სპეციალისტმა, ისე შევაფასო „ქართული ოცნების“ ინიციატივები იმიტომ, რომ ამ ინიციატივებს არ აქვს სამართლის განზომილება. თუ მას სამართალთან რამე კავშირი აქვს, ეს მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიების ნაწილში, თორემ სამართლიანი საზოგადოების მოწყობის ნაწილში ამ ინიციატივებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო პაკეტებზე საუბრისას განაცხადა.
მენაბდის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რუსთაველის გამზირი დაკარგული აქვს და პროტესტის კერას ვერ აკონტროლებს.
„ქართულ ოცნებას“ რამდენიმე ამოცანა აქვს. ერთი ამოცანა არის, გაანადგუროს წინააღმდეგობა. მეორე ამოცანაა ის, რომ წინააღმდეგობის განადგურების შემდეგ გაანადგუროს ყველა საწინააღმდეგო აზრი, ყველა ოპონენტი და მესამე ამოცანაა, გრძელვადიანად დარჩეს ხელისუფლებაში ისე, რომ არავითარი საფრთხე არ შეექმნას მის ხელისუფლებაში ყოფნას.
აქ ლაპარაკი არის არა სამართალზე, არამედ იმაზე, რისი ძალა ეყოფა რეჟიმს. ამ წუთას რეჟიმს არ ჰყოფნის იმის ძალა, რომ მათ შორის, მის მიერ მიღებულ უკანონო და უსამართლო კანონების რაღაც ნაწილი აღასრულოს. აქ ლაპარაკი იმაზეა, „ქართულ ოცნებას“, როგორც რეჟიმს, რისი გაკონტროლების შესაძლებლობა აქვს. რუსთაველის გამზირი, როგორც ამ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ცენტრი ათწლეულების განმავლობაში, ამ წუთას „ქართულ ოცნებას“ აქვს დაკარგული. იქ ვერ ვრცელდება „ქართული ოცნების“ ძალაუფლება რაღაც კონკრეტულ მომენტებში. საზოგადოების დიდი ნაწილი მას მიიჩნევს არალეგიტიმურად, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ჰყოფნის ძალა, რომ სახელმწიფო აპარატი გააკონტროლოს, თუმცა მას არ ჰყოფნის ძალა, რაღაც ადგილები გააკონტროლოს წინააღმდეგობის კერაში“, - აღნიშნა მენაბდემ.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები შესუსტდეს, რადგან ეს მის ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს.
„"ქართულ ოცნებას" უნდა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა აღარ არსებობდეს. „ქართული ოცნების“ სიცოცხლისუნარიანობა მთლიანად მიბმულია პოლიტიკურ პროცესებზე. რაც უფრო ყოვლისმომცველი იქნება პოლიტიკური პროცესი, მით უფრო დღემოკლე იქნება „ქართული ოცნების“ მმართველობა, რაც უფრო დასასრულისკენ წავა და შევიწროვდება პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში, მით უფრო გაიზრდება შესაძლებლობა, ეს ქვეყანა უსასრულოდ მართოს. ამიტომ, ამ პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ კარგად დავინახოთ „ქართული ოცნების“ ამოცანები. ვიღაცამ შეიძლება ისიც იფიქროს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეტსაც იმსახურებს, არა თუ გაუქმებას, არამედ უფრო მძიმე მოქმედებებსაც და საერთოდ არ იდარდოს ამაზე, მაგრამ ამ ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ თუ „ქართული ოცნება“ თავისი კანონების აღსრულებას დაიწყებს, იქ მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ მოჰყვება, არამედ მოჰყვება ყველა სხვა პოლიტიკური პარტია.
„ქართული ოცნება“ როდესაც გამოდის და იძახის, მე წინასწარ გეუბნებით, რომ ამათ ყველას ავკრძალავო, ამ განცხადებაში არის ჩადებული ის აზრი, რომ სასამართლოს არავინ არაფერს არ ჰკითხავს ამ ურთულეს საქმეში. „ქართული ოცნების“ განაცხადი არის ის, რომ ოპოზიცია უნდა გაანადგუროს. მერე იქ ვიღაცას დანიშნავს ოპოზიციად, ეგრე ოპოზიცია პუტინსაც ჰყავს“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.