იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს, ზიანის სრულად ანაზღაურებამდე, ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ

ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულზე გასამართლებულ პირებთან დაკავშირებით მომზადებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, ცვლილების თანახმად, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება არა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ იმპერატიულად, თუკი ამისთვის სამი წინაპირობა იარსებებს.

„პირველი პირობის თანახმად, მსჯავრდებული ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ისეთ ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულებზე, როგორიც არის: - თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება, გაფლანგვა, ნივთის დაზიანება, განადგურება, ქონების გადამალვა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გულგრილობა და ა.შ.

მეორე პირობის თანახმად, მსჯავრდებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი. კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობა არის ის, რომ დაზარალებული კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად წერილობით არ უნდა აცხადებდეს უარს მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის აღსრულების უზრუნველსაყოფად აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობებს. შესაბამისი ცნობა ასევე დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გაიგზავნება, რომელიც თავის მხრივ შესაბამისი ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის გამოყენებით, საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესრულებას უზრუნველყოფს.

ფინანსურ დანაშაულებზე გასამართლებული პირის საქართველოდან გასვლის აკრძალვისგან გათავისუფლების საფუძველი იქნება ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურა ან როდესაც დაზარალებული თავად განაცხადებს უარს მისთვის კომპენსაციის გადახდაზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება