არავითარი სვეტა და არავითარი სხვა ვინმე, გელა უძილაური კონკრეტული მიზნით, კონკრეტულ ადგილას მივიდა, - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებულ გელა უძილაურის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
აღნიშნულით მან ბრალდებულის ჩვენებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, გელა უძილაურის თქმით, მკვლელობის დღეს „უკრაინული წარმოშობის ქალს, სვეტას უნდა შეხვედროდა უნივერსიტეტის ქუჩაზე“, თუმცა, საბოლოოდ, ჭავჭავაძეზე, ლევან ჯანგველაძის სანახავად წავიდა, რადგან მასთან „პირადი წყენა“ ჰქონდა.
ლევან ვეფხვაძე ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
საქმის პროკურორს 300-ზე მეტგვერდიანი დასკვნითი სიტყვა აქვს, სადაც ის საუბრობს, რომ საქმეზე უტყუარად დადასტურდა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით, ანგარებით მკვლელობა და გია ჩადუნელის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რითაც სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა.
„მოლოდინი იყო, რას იტყოდა გელა უძილაური. თვითონ იცის, რომ მოგონილი ვერსიაა და ლევან ჯანგველაძესთან მას არანაირი დაპირისპირება წარსულში არ ჰქონია, საკითხავია, საერთოდ იცნობდა თუ არა ჯანგველაძე მას“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
მან მოწმეთა ჩვენებებიც შეაფასა, მათ შორის, გია ჩადუნელისა და კახაბერ ძაძამიას ჩვენება, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ ლევან ჯანგველაძე საქართველოში ყოფნისას ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ორჯერ შეხვდა.
„ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს უთანხმოება ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან. მათ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობა.
ისინი გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილ პირს, გელა უძილაურს დაუკავშირდნენ და ლევან ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთეს...
არავითარი სვეტა და არავითარი სხვა ვინმე, ის კონკრეტული მიზნით, კონკრეტულ ადგილას მივიდა. არავითარი ხელში დაჭრა, კონკრეტული მიმართულებით ისროლა. თუ ვინმეს სჯერა, რომ შემთხვევის ადგილზე უძილაური მართლა ვინმე სვეტას წერდა, როცა ლევან ჯანგველაძეს უთვალთვალებდა, ეს არ ვიცი, ეს აბსურდია...
ლევან ჯანგველაძე „სკაიპით“ რომ ესაუბრებოდა უძილაურს, ეს ხომ აბსურდია? რა გარემოებებიც მან დაასახელა, ვერაფერს გადაამოწმებ, ვერც გარდაცვლილს დავკითხავთ. იარაღზე, რაც თქვა, უნდა, რომ პასუხისმგებლობა გიორგი ჯოხაძეს ააცილოს...
იმ დღეს, გელა უძილაური 18:23 საათზე სახლიდან გამოვიდა, მისი ვერსიით, სვეტასთან მიდიოდა და მოსაცმელი ხელში ეკავა. ძალიან ბევრი აბსურდი მოვისმინეთ, თავის ვერსიებში აიხლართა... ვეძებთ ვინმე სვეტას, არ ვიცით სახლი, არ ვიცით გვარი... როცა ვერ ნახა სვეტა, წავიდა ჭავჭავაძის გამზირზე 351 ავტობუსით, იქიდან ჩამოვიდა და მოსაშვილამდე ფეხით მივიდა, მერე ტაქსით, მერე ისევ ფეხით და ამ ყველაფრის ფონზე გელა უძილაური ამბობს, რომ სვეტა ვერ ნახა და უნდა ენახა ჯანგველაძე ხომ არ მივიდოდა იქ.
გელა უძილაური ელოდებოდა შეტყობინებას, რომ ლევან ჯანგველაძე იქ მივიდა, ამას ადასტურებს მისი დამოკიდებულება ტელეფონთან. ლევან ჯანგველაძემ უძილაურს მისამართი ჰკითხა, ბრალდებულმა კი საპასუხოდ თავი გაიქნია. საინტერესო ისაა, როგორც კი ჯანგველაძე მას გაცდება, უძილაური სათვალეს იღებს, უყურებს ტელეფონს და უყურებს ლევან ჯანგველაძეს. ის ინფორმაციას ელოდება, თუ ჯანგველაძის სურათი აქვს ტელეფონში და ადარებს, ეს უძილაურის გულშია და მან უნდა თქვას. რაც თქვა, კი ვიცით, აბსურდი.
სპეცრაზმელი, რომელიც 14 წელი მუშაობდა, მიხსნის, ძირს ვისროლე და არ მინდოდა ლევან ჯანგველაძეს მოხვედროდაო. გელა უძილაური შეეცადა სიმსუბუქისკენ წაეყვანა მისი საქმე, მაგრამ არ გამოუვიდა. 7 ტყვია ესროლა, 2 - ზურგში, 2- გულმკერდში. სპეცრაზმელია და ხელში უნდოდა!“ - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისი განმარტებით, უძილაურმა მობილური ტელეფონი, რაც ჰქონდა, მოიშორა.
„მან პოლონეთში რეგისტრირებული მობილური ტელეფონი მოიშორა“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
პროკურორმა მოსამართლესაც მიმართა და მომხდარ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება მოითხოვა.
„კაცი, რომელსაც შეუძლია უდანაშაულო ადამიანი ფულის გამო მოკლას, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. თქვენს უკან არის საქართველოს დროშა, თქვენ გადაწყვეტილება გამოგაქვთ საქართველოს სახელით და იმედი მაქვს, თქვენი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, ერთის მხრივ საზოგადოებისთვის, რომ ჩადენილ დანაშაულზე უმკაცრესად იქნება პასუხი გაცემული და მეორეს მხრივ, დაზარალებულისთვის. თქვენ რა სასჯელიც არ უნდა მიუსაჯოთ გელა უძილაურს, დაზარალებულს იმ ადამიანს ვერ გაუცოცხლებთ, მაგრამ შექმნით გარანტიას, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ანგარების სანაცვლოდ ჩაიდენს დანაშაულს, თქვენი განაჩენი იქნება უმკაცრესი. რაც შეეხება სასჯელს, ჩვენ გვჯერა, რომ როცა განაჩენს გამოიტანთ, შეაფასებთ გელა უძილაურის დამამძიმებელ გარემოებებს, მას არავითარი შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვს. კაცს, რომელსაც შეუძლია უდანაშაულო ადამიანი ფულის გამო მოკლას, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. სასჯელის სახე ყველაზე მკაცრი - უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა იყოს“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.
შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.