16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „სალომე ხვადაგიანი, მარინე კაპანაძე და ალექსანდრე ზიბზიბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება

16 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „სალომე ხვადაგიანი, მარინე კაპანაძე და ალექსანდრე ზიბზიბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს საქართველოდან დროებით გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება, უარი ეთქვას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ იგი მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს.

„მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში გამგზავრების მიზნით სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს სადავო ნორმით განსაზღვრული დოკუმენტების (დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთის; სასტუმროს ჯავშნის; სამოგზაურო დაზღვევის; მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურების) წარდგენის ვალდებულება ემსახურება შენგენის ზონის წევრი მიმღები ქვეყნის სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში არსებული მოთხოვნების უზრუნველყოფას. ამ მიზნით, ევროკავშირის წევრი/შენგენის ზონის ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი ამოწმებს და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, შეუშვას თუ არა საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში, შესაბამისად, აღნიშნულ პროცესში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართვის საჭიროება არ არსებობს.

მოსარჩელეები დამატებით აღნიშნავენ, რომ სადავო მოწესრიგება არ ემსახურება მიმოსვლის თავისუფლებით დაცული საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციით გათვალისწინებულ ისეთ ლეგიტიმურ მიზნებს, როგორებიცაა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვა და მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობა. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება