გოგიტა თოდრაძე ევროპის სტატისტიკოსთა ბიუროს სხდომაში მონაწილეობს

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის (CES) ბიუროს სხდომაში მონაწილეობს, რომელიც 15-16 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შტაბბინაში იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის ბიურო წარმოადგენს მის მმართველ ორგანოს. ის არის პლატფორმა, სადაც მიიღება ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ბიუროს მთავარი ფუნქციებია: კონფერენციის სამუშაო გეგმის განხილვა და დამტკიცება, ოფიციალური სტატისტიკის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, საერთაშორისო სტატისტიკური თანამშრომლობის კოორდინაცია, ექსპერტთა და სამუშაო ჯგუფების მანდატების განსაზღვრა, ასევე ახალი სტატისტიკური სტანდარტებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

ბიუროს მიმდინარე სხდომაზე იმსჯელებენ ოფიციალური სტატისტიკის სფეროში არსებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. სხდომაზე განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად წარმოდგენილია ისეთი საკითხები, როგორიცაა: ემიგრაციის გაზომვის მეთოდოლოგია, დაბერებასთან დაკავშირებული სტატისტიკა, სიღარიბისა და უთანასწორობის გაზომვა, სამომხმარებლო ფასების ინდექსები, ეროვნული ანგარიშები, ალტერნატიულ მონაცემთა წყაროების გამოყენება, აგრეთვე სტატისტიკის სამსახურების მუშაობის სტრატეგიული მიმართულებები. ასევე განხილული იქნება მდგრადი განვითარების მიზნების საკითხები, მონაცემების არასწორი გამოყენებისა და დეზინფორმაციის პრობლემები და 2026 წლის პლენარული სესიის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები.

გოგიტა თოდრაძე ბიუროს წევრად მიმდინარე წლის ივნისში, 2 წლის ვადით აირჩიეს. ახლადარჩეულ ბიუროს კანადის მთავარი სტატისტიკოსი ხელმძღვანელობს, რომლის წევრებიც თოდრაძესთან ერთად არიან ირლანდიის, ესტონეთის, სლოვენიის, ალბანეთის, მექსიკის და ავსტრალიის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელები.

ბიუროს მუშაობაში მუდმივი დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობენ:

გაეროს სტატისტიკის სამსახურის (UNSD) დირექტორი;

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) სტატისტიკის სამსახურის დირექტორი;

ევროსტატის გენერალური დირექტორი;

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მთავარი სტატისტიკოსი;

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მთავარი სტატისტიკოსი;

მსოფლიო ბანკის მთავარი სტატისტიკოსი;

ბიუროს საქმიანობაში აქტიური მონაწილეობით საქართველო ჩართულია საერთაშორისო სტატისტიკური პოლიტიკისა და სტანდარტების ჩამოყალიბების პროცესში, რითაც ქვეყანას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ევროპისა და აზიის რეგიონის სტატისტიკის სისტემის განვითარებაზე.

დამატებითი ინფორმაცია ბიუროს შესახებ იხილეთ ბმულზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება