ვენესუელა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სთხოვს, აშშ-ის საჰაერო დარტყმები უკანონოდ გამოაცხადოს

ვენესუელამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სთხოვა, განაცხადოს, რომ აშშ-ის მიერ მის სანაპიროსთან გემებზე განხორციელებული დარტყმები უკანონოა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში გაერო-ში ვენესუელას ელჩი სამუელ მონკადა წერს, რომ აშშ-ის მიერ „საერთაშორისო წყლებში ტრანზიტით მყოფ სამოქალაქო გემებზე“ განხორციელებული თავდასხმების დროს სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა.

ელჩი საბჭოს მოუწოდებს, გამოეძიოს დარტყმები, გამოავლინოს მათი უკანონო ხასიათი და გააკეთოს განცხადება, რომელშიც „კიდევ ერთხელ დაადასტურებს სახელმწიფოების, მათ შორის ვენესუელას, სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შეუზღუდავი პატივისცემის პრინციპს“.

მანამდე, ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო დიდი ხანია დაკავშირებულია მთელ მსოფლიოში მომხდარ გადატრიალებებთან, თუმცა, არცერთ წინა მთავრობას საჯაროდ არ განუცხადებია, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს „ქვეყნების მოკვლა, დამხობა და განადგურება“ უბრძანა.

„მაგრამ ჩვენი ხალხი ერთიანი და შეგნებულია. მათ აქვთ საშუალება, კიდევ ერთხელ დაამარცხონ ვენესუელაში მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული ეს ღია შეთქმულება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში აშშ-ის სამხედრო ძალების მასშტაბური გაძლიერების ბრძანება გასცა. ამერიკელმა სამხედროებმა სულ მცირე ხუთი ოპერაცია ჩაატარეს გემების წინააღმდეგ, რომლებიც, ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცებით, ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყვნენ ჩართულები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება