„ქართული ოცნების“ განათლების რეფორმა არის „მეტი კონტროლი, ნაკლები განათლება“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „თავისუფლების მოედნის“ წევრმა ლევან შატბერაშვილმა განაცხადა, რითაც დაანონსებული განათლების რეფორმა შეაფასა.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ საქართველო წყდება ე.წ. ბოლონიის პროცესს, რითაც ბოლო 20 წლის განმავლობაში, ქართველ მოსწავლეებს სკოლიდან ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდათ, მე-12 კლასის გაუქმების მიზანია ის, რომ სკოლა ყოველგვარი პოლიტიკური აქტივობისგან გაანეიტრალონ, ვინაიდან მე-12 კლასელს, რომელიც სრულწლოვანია, გარშემომყოფებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.
„თუ მთელი ამ განათლების რეფორმის ინიციატივაზე ორი სიტყვით გვინდა ვთქვათ, ეს არის „მეტი კონტროლი, ნაკლები განათლება“. თავისთავად ამ ყველაფერს ეს ეტყობა, ნებისმიერ ეტაპზე, გინდ სკოლის ეტაპზე, გინდ უნივერსიტეტის ეტაპზე. რაც შეეხება კლასების ასეთ შემცირებას, ეს ძალიან ცუდია. ეს, პირველ რიგში, დაარტყამს ისეთ რაღაცას, როგორიც არის „ბოლონიის პროცესში“ მონაწილეობა - რაც მშვენიერი და ერთ-ერთი საუკეთესო რამ იყო, რომელიც გადახდა საქართველოს ბოლო 20 წლის განმავლობაში, იმიტომ, რომ ქართველ მოწაფეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირდაპირ გაეგრძელებინათ სწავლა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.
შემდეგი ნაბიჯი იქნება, სკოლა რომ გაანეიტრალონ ყოველგვარი პოლიტიკური აქტივობისგან. მე-12 კლასელების დიდი ნაწილი, დაახლოებით 50 ათასი ახალგაზრდა არის სრულწლოვანი. სრულწლოვანი ადამიანი შეიძლება იყოს პოლიტიკურად აქტიური და გარდა ამისა, მას შეუძლია, გავლენა მოახდინოს არამხოლოდ მის თანაკლასელებზე, არამედ მასზე, ვისთანაც ურთიერთობა აქვთ. ეს რეფორმა ამასაც ძალიან სერიოზულად ურტყამს. ამის მიზანია არამხოლოდ ჩამოგვაშოროს ევროპას, არამედ სკოლის როგორც ინსტიტუციის დანიშნულება, რომელიც თავის თავში გულისხმობს იმასაც, სკოლადამთავრებული მოქალაქეები მზად იყვნენ მოქალაქეობისთვის, ეს ფუნქციაც გააქრონ და მთლიანად ჩაიკეტოს ამ ძალიან საბჭოთა სტილის სასკოლო მმართველობაში. ადამიანები, რომლებიც საკუთარ ოპონენტებს ყოველ მეორე სიტყვაში „ბოლშევიკებს“ ეძახიან, ახლა ბოლშევიკურ სკოლას აქებენ, 11-წლიანი იყოო და კარგი იყოო. იმის მაგივრად, რომ დავნერგოთ უკეთესი სკოლა, მაღალ კლასებში ავწიოთ განათლების დონე, ჩვენ პირიქით, ქვევით ვწევთ და ერთ წელს ვაკლებთ. ამასთან, როდესაც ვინმე მიდის უცხოეთში სასწავლებლად და მერე იქ რჩება, რჩება არა უბრალოდ იმის გამო, რომ მას ამგვარი ხუშტური აქვს, არამედ იმის გამო, რომ მას შემდეგ, რაც იგი მიიღებს განათლებას, მას შეუძლია, რომ ძალიან კარგი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო იშოვოს ამავე ქვეყანაში.
სწავლის ერთი წლით შემცირების ნაწილში, ფინანსური მომენტი ასრულებს ძალიან დიდ როლს. რაც უფრო ნაკლები დრო იქნება, ნაკლები ფული დაეხარჯება სახელმწიფოს, როგორც მაგისტრატურის, ასევე ბაკალავრიატის საფეხურზე. ასეთი ეკონომია რამდენად მოუტანს სიკეთეს ჩვენს სტუდენტებს, ეს მეორე საკითხია და მგონია, რომ ვერ მოუტანს.
რაც შეეხება უნივერსიტეტებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, მისი თქმით, რეფორმის შედეგად, უნივერსიტეტებში უნდა ველოდოთ პროფესორ-მასწავლებლების წმენდას.
„რაც შეეხება უნივერსიტეტების მიმართულებას და პრინციპს „ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქი“, ამის შედეგად უნდა ველოდოთ პროფესორ-მასწავლებლების წმენდას, მაგრამ ეს წმენდა თქვენც შეგეხებათ. არა იმიტომ, რომ პოლიტიკურად გაჩუმდით, არამედ იმიტომ, დიდი შანსია, ადამიანი პოლიტიკურად არ იყოს აქტიური, თუმცა იგი გამოემშვიდობოს თავის აკადემიურ კარიერას“, - განაცხადა შატბერაშვილმა.