ნათია ფიფია - ის პრობლემები, რაც ჩამოთვლილია უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციაში, მართლაც არსებობს და არსებულ პრობლემებზე ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს

ხელისუფლების მიერ დაგეგმილ უმაღლესი განათლების რეფორმის აქტუალურ თემებზე, „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ასისტენტ პროფესორს, ნათია ფიფიას ესაუბრა.

- ქალბატონო ნათია, გასულ კვირას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება უმაღლესი განათლების რეფორმას იწყებს. რეფორმის რამდენიმე ასპექტზე გაკეთდა საჯაროდ განცხადებები. შემდეგ უმაღლესი განათლების რეფორმაზე 4 გვერდიანი მასალაც გავრცელდა.

უმაღლესი განათლების ხელისუფლების გეგმებზე საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში საკმაოდ ბევრი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა. ამ თემაზე აზრი გამოთქვეს უმაღლეს სასწავლებლებში დასაქმებულმა პროფესორებმა, ლექტორებმა, განათლების ექსპერტებმა, პოლიტიკოსებმა.

შემფასებელთა ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი უმაღლესი განათლების რეფორმა ფუნდამენტურია და ეხება უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, რომელსაც 30 წელია არც ერთი ხელისუფლება არ შეხებია.

შემფასებელთა მეორე ნაწილი გაცილებით კრიტიკულია და ამბობს, რომ დაგეგმილი რეფორმა გამოიწვევს უმაღლესი განათლების მეტ კონტროლსა და ჩარევას სახელმწიფოს მხრიდან მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტებების დამოუკიდებლობა კანონმდებლობით აღიარებულია და განათლების სისტემის ხარისხის არა ამაღლებას, არამედ, პირიქით დაცემას.

ცალკე საუბრის თემაა უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული პოლიტიკური ასპექტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათაც შევეხებით. მაგრამ, მოდით, საუბარი ზოგადი შეფასებით დავიწყოთ იმაზე - რატომ გახდა აქტუალური განათლების რეფორმა ახლა?

რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით უმაღლეს სასწავლებლებში? რამდენად არის რადიკალურად შესაცვლელი ყველაფერი როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო დონეზე?

- განათლების რეფორმა, მართლაც, საჭიროა და არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ მნიშვნელოვანი რეფორმაა აუცილებელი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, წინა ხელისუფლებების პირობებში ეტაპობრივად ხორციელდებოდა განათლების რეფორმა იმის გათვალისწინებით, თუ რა იყო სასწრაფოდ გასაკეთებელი და ყველაზე აქტუალური.

მოგეხსენებათ, ყველაფრის ერთბაშად შეცვლა ძალიან რთული იყო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ამიტომაც არის, რომ ყველა ხელისუფლება განათლების რეფორმას ახორციელებდა და მუდმივად გვესმოდა მის შესახებ. საკითხში ჩაუხედავი ადამიანები ამას პროპაგანდისთვისაც კი იყენებენ და აცხადებენ - რით ვერ დამთავრდა განათლების რეფორმაო.

განათლება ისეთი რთული სფეროა, ყოველ 20 წელიწაში ერთხელ ახალ-ახალ გამოწვევებს ქმნის, შესაბამისად, მასში გარკვეულ კორექტივებს ყოველთვის შეიტანს ნებისმიერი ხელისუფლება და უნდა შეიტანოს კიდეც.

მოდით, უნივერსიტეტების საკითხით დავიწყოთ. ბოლოს საუნივერსიტეტო დონეზე რადიკალური რეფორმა დაახლოებით 20 წლის წინ განხორციელდა. იქამდე არსებობდა უნივერსიტეტებში კადრების რეკრუტირებისა და აბიტურიენტების კონკრეტულ უნივერსიტეტებში ჩაბარების უფრო მოუწესრიგებელი, დაუსაბუთებელი, მიკერძოებული, კორუმპირებული სისტემა. რეფორმა განხორციელდა და ეს პრობლემებიც მეტ-ნაკლებად მოგვარდა. ამჟამად, თუ არ ჩავთვლით ეროვნულ გამოცდებს, სხვა დანარჩენი ახლა უკვე ისევ მნიშვნელოვნად შესაცვლელია.

დავიწყებ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციაში ნახსენები უსისტემო საკადრო პოლიტიკით. აქ ნახსენებია ერთი საკითხი: „ლექტორებს შორის ფუნქციების განაწილება არ ეფუძნება რაიმე მწყობრ ლოგიკას და სისტემას. უმეტეს შემთხვევაში, ლექტორები, ფაქტობრივად, არასრულ განაკვეთზე არიან დასაქმებული. დაბალია აკადემიური პერსონალის საშუალო ანაზღაურება.“

ეს ნამდვილად ასეა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში თითოეულ მიმართულებაზე უნდა არსებობდეს მცირე რაოდენობით პროფესორი (ადრე სრული პროფესორი ერქვა), შედარებით მეტი ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. თავდაპირველად, თითქოს გარკვეული ლოგიკა ამაში არსებობდა - ასისტენტ-პროფესორებთან შედარებით ნაკლები იყო ასოცირებული პროფესორების და კიდევ უფრო მეტად პროფესორების რაოდენობა.

შემდეგში, უნივერსიტეტების კონკრეტული ხელმძღვანელების პირადი შეხედულების მიხედვით იცვლებოდა ეს თანაფარდობა, ასევე, თანამდებობა შეიძლება შეცვლილიყო კონკრეტულ პირზე მორგებით და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ კარგად არ იყო გაწერილი, მიმართულებაზე რამდენი შეიძლება ყოფილიყო პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი, შექმნილი სისტემა ლავირების საშუალებას აძლევდა ხელმძღვანელ პირებს საკუთარი შეხედულებისამებრ გადაეწყვიტათ ეს საკითხი.

მაგალითად, ერთ ინსტიტუტში თუ ვაკანტური გახდებოდა ასოცირებული პროფესორის ადგილი, რექტორს შეეძლო გადაეწყვიტა, რომ სხვა ინსტიტუტისთვის გადაეცა ეს ადგილი და თავდაპირველად ამ ვაკანტური ადგილის მქონე ინსტიტუტი დაეტოვებინა პროფესორის გარეშე, რაც ამ ინსტიტუტს აიძულებდა ნაკლებად კვალიფიციური მოწვეული ლექტორი დაესაქმებინა, ან საერთოდაც დოქტორანტებისთვის დაეთმო ეს საათები.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დოქტორანტებს იმავე რაოდენობის საათების წაკითხვაში, ფაქტობრივად პროფესორის ნახევარ ხელფასს უხდიან. ის, რომ აკადემიური პერსონალის საშუალო ანაზღაურება დაბალია, ესეც მართალია. თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის ანაზღაურება 700 ლარია, იმავე რაოდენობის საათები მოწვეულმა რომ წაიკითხოს, ან დოქტორანტმა, გადაუხდიან 300 ლარს.

ამას თავისი მიზეზები აქვს, რომელთა შორის ყველაზე თვალსაჩინო არის უნივერსიტეტების ხელთ არსებული რესურსების არასწორი განაწილება - თსუ-ში დაახლოებით 1000 პროფესორზე ორი იმდენი ადმინისტრატორი მოდის, მაშინ როდესაც კერძო უნივერსიტეტებში ადმინისტრატორების რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლებია ლექტორების საერთო რაოდენობაზე.

გამოდის, რომ ადმინისტრატორებზე გაწეული ფინანსური რესურსის შემცირება სრულიად შესაძლებელია - მარტივად შეიძლება ამ ფინანსური რესურსით პროფესორ-მასწავლებლების ხელფასის 2-3 ჯერ გაზრდა. ეს იქნება საკადრო ოპტიმიზაცია ადმინისტრაციის და არა პროფესურის ხარჯზე, შესაბამისად, კონკრეტული დარგები სწავლებისა და მეცნიერების თვალსაზრისით კი არ დაზარალდება, პირიქით, მოიგებს კიდეც.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ პროფესურის საუკეთესო ნაწილი ფინანსური რესურსის შესავსებად სხვადასხვა გზას მიმართავს - ან კითხულობს იმავე უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტებთან, რაშიც მას ბევრად მეტს უხდიან, იმიტომ რომ ამ სტუდენტებისთვის გადასახადი მაღალია და იქ ლექტორების სახელფასო ფონდიც მეტია, ან კითხულობს სხვა კერძო სასწავლებელსა თუ კერძო სკოლაში, სადაც შეიძლება ერთი და იმავე რაოდენობის საათების წაკითხვაში მას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შედარებით 2-3 ჯერ მეტ ანაზღაურება მიიღოს.

ეს ხომ აბსურდია, როგორ შეიძლება საუკეთესო საუნივერსიტეტო კადრის გონებრივი რესურსი იხარჯებოდეს სხვა უნივერსიტეტებში ან სკოლებში, როდესაც შესაძლებელია ამ საკითხის ფინანსური დარეგულირება და ამ ფაქტორის თავიდან არიდება. ბუნებრივია, თუ ასისტენტ-პროფესორს 700 ლარის ნაცვლად 3-4 ათას ლარს შესთავაზებენ და ეცოდინება, რომ პერსპექტივაში 10 000 ლარიც შეიძლება გაუჩნდეს, თუ სახელმწიფო უნივერსიტეტში კარგად იმუშავებს, ის სხვაგან არ დაიწყებს სამსახურის ძიებას. შ

ესაბამისად, ის რამდენიმე ასპექტი, რაც ნახსენებია განათლების რეფორმის კონცეფციაში, ერთმანეთთან კავშირშია სწორედ ასე და ამ გადმოსახედიდან ეპატაჟური შეფასებები „ამ 4 გვერდზე იფიქრეს 9 თვე“ არასერიოზულად გამოიყურება.

განათლების რეფორმა, მართლაც, საჭიროა და არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ მნიშვნელოვანი რეფორმაა აუცილებელი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, წინა ხელისუფლებების პირობებში ეტაპობრივად ხორციელდებოდა განათლების რეფორმა იმის გათვალისწინებით, თუ რა იყო სასწრაფოდ გასაკეთებელი და ყველაზე აქტუალური

კონცეფციაში ნახსენებია ასევე „სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობა.“ ესეც მართალია.

სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი საბჭოთა პერიოდში შექმნილ ლიტერატურას ეფუძნება. აი, ერთ ყველაზე ოდიოზურ მაგალითს გეტყვით - საქართველოს ისტორიის რიგი კურსები, თან ისტორიკოსისთვის სავალდებულო კურსები, ეფუძნება 1970-იან წლებში, საბჭოთა ეპოქაში დაწერილ წიგნებს.

მე არ ვამბობ, რომ ეს ყველა კურსს ეხება, საავტორო კურსების ნაწილი ახალი ლიტერატურით მიდის, თუმცა, ნაწილს სახელმძღვანელო საერთოდ არ გააჩნია, იმიტომ, რომ აქტუალური კურსი იყო და აუცილებლად უნდა შესულიყო კურიკულუმში, მაგრამ სახელმძღვანელოს შესაქმნელად ფინანსური რესურსი უნდა გამოყოფილიყო, რაც არ მოხდა.

ასეთი სისტემა უნივერსიტეტში ჯერჯერობით არ არსებობს, რომ თუ ახალ საავტორო კურსს სთავაზობს უნივერსიტეტი სტუდენტს, ლექტორს საშუალება მისცეს, შექმნას მისი შესაფერისი სახელმძღვანელოც. ლექტორს დაბალი ანაზღაურების პირობებში უწევს სხვა სამსახურების ძიებაც, რაც მას შემოქმედებით დროს უზღუდავს, მაგრამ ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს.

სტუდენტების კვალიფიკაციასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის რომ რიგ შემთხვევებში შეუსაბამობა არსებობს, ესეც ფაქტია. ამის მთავარი მიზეზი პრაქტიკის ნაკლებობაა სწავლების პროცესში.

ამ მხრივ ყველაზე მომგებიან სიტუაციაში სამედიცინო სასწავლებლები არიან - მათ კურიკულუმში პრაქტიკა უხვად შედის, შესაბამისად, სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტთა უდიდესი ნაწილი სწორედ ამ სფეროში საქმდება, მაგრამ იგივე არ ეხება სხვა სფეროებს - შეიძლება დაამთავრო სრულიად სხვა სპეციალობა და მუშაობა დაიწყო სრულიად სხვა სფეროში. ერთი სიტყვით, ის პრობლემები, რაც ჩამოთვლილია უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციაში, მართლაც არსებობს და არსებულ პრობლემებზე ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს.

- უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობისას ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნა იქნა გამოთქმული „ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტის შექმნის“ პრინციპზე.

ამ პრინციპით რეფორმის გატარების სხვადასხვა ვერსიები განიხილება. ამ თემამ თავისთავად მოიტანა იმაზეც მსჯელობამ, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, თბილისში არსებულ უნივერსიტეტებში არსებობენ იურიდიული ფაკულტეტები. ასეთ ვითარებაში, როგორაა შესაძლებელი მათი „ერთ ფაკულტეტად“ მოაზრება და ასე შემდეგ.

თბილისში არსებობს დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, მაგრამ, არსებობს საკმაოდ კარგი მაგალითად, ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელშიც საუკეთესო აბიტურიენტები აბარებენ და საკმაოდ კარგ სამედიცინო განათლებას იღებენ.

გარდა ამისა, არსებობს უამრავი უნივერსიტეტი, რომელიც სხვადასხვა დარგის მედიკოსებს ამზადებს. საქართველოს სხვა ქალაქების უნივერსიტეტებშიც არის სამედიცინო ფაკულტეტები. ასეთ ვითარებაში „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ როგორ უნდა განხორციელდეს, გაუგებარია.

ასევე, იურიდიული განათლების მისაღებად სტუდენტები თითქოს უფრო ილიაუნის ირჩევენ. აკადემიური სივრცის განვითარების საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ევროპაში ისეთი უნივერსიტეტები, როგორიცაა, კემბრიჯი, ოქსფორდი, სორბონის უნივერსიტეტები, ასევე, ამერიკაში, სტენფორდი, კოლუმბიის უნივერსიტეტები კერძო სასწავლებლებია.

ეს ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ხელი უნდა შევუწყოთ კერძო უნივერსიტეტების განვითარებას.

რას ნიშნავს და რამდენად დადებითი შედეგის მომტანი იქნება „ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი?

რადგან უნივერსიტეტები სასწავლოს გარდა, სამეცნიერო ცენტრებია. რა გავლენას იქონიებს ეს სასწავლო გარემოზე, სამეცნიერო განვითარებაზე და ასევე აქვს თუ არა ამ ცვლილებას პოლიტიკური დატვირთვა?

- ამ ცვლილებას პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს და დიახ, ნამდვილად აქვს პოლიტიკური დატვირთვა. ეტაპობრივად განვმარტავ ყველაფერს.

დავიწყოთ „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის განხორციელების მიზნებით. ამ ცვლილების განხორციელებით ხელისუფლება მიზნად ისახავს ძირითადად თბილისში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში გაფანტული ერთი სპეციალობის სწავლების ერთ საუნივერსიტეტო სივრცეში გაერთიანებას. ამასთან, კერძო უნივერსიტეტების დონეზე არ ზღუდავს ამ ფაკულტეტის რაოდენობას ერთ ქალაქში. შედეგად, „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით სახელმწიფო უნივერსიტეტის საკადრო პოლიტიკის, ხარისხის მართვა უფრო ცენტრალიზებული და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი გახდება, მაგრამ ერთი და იგივე პროფესიის დაუფლების შესაძლებობები მაინც დივერსიფიცირებული დარჩება რადგან კერძო უნივერსიტეტები არ შეიზღუდება.

პრაქტიკაში ნახეთ რა მოხდება - ვთქვათ, სრულად ხელისუფლების მომხრეებით დაკომპლექტდა სახელმწიფო უნივერსიტეტი და ოპოზიციურად განწყობილი პროფესურა სრულიად ჩამოშორდა სახელმწიფო უნივერსიტეტს. მერე უცებ ხელისუფლება შეიცვალა - გამოდის, რომ ახალ ხელისუფლებას უფლება და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს სრულად და ერთბაშად შეცვალოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესურა - წარმოგიდგენიათ ეს რა რთულია - ფაქტობრივად უნდა გაჩერდეს მთელი სამეცნიერო პროექტები, სასწავლო კურიკულუმები და შეიცვალოს სრულიად ახლით. რთული იქნება, კონკურენტულ ფორმას ვერ შეინარჩუნებს სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელისუფლებების ცვლილების პირობებში.

ამიტომაც ჩემთვის ამ გადმოსახედიდან ეს ცვლილება ხელისუფლების მიერ მხოლოდ დღევანდელ გამოწვევაზე ფიქრს ჰგავს და არა გრძელვადიან პერსპექტივაში საკითხის გადაჭრას. თითქოს, ხელისუფლება უპირისპირდება კონკრეტულ ოპოზიციურად უნივერსიტეტებს და ცდილობს მათი კონტროლის მექანიზმები გამოძებნოს, რათა უნივერსიტეტები ნაკლებად პოლიტიზირებული იყონ.

ეს ცვლილება ხელისუფლების მიერ მხოლოდ დღევანდელ გამოწვევაზე ფიქრს გავს და არა გრძელვადიან პერსპექტივაში საკითხის გადაჭრას. თითქოს, ხელისუფლება უპირისპირდება კონკრეტულ ოპოზიციურად უნივერსიტეტებს და ცდილობს მათი კონტროლის მექანიზმები გამოძებნოს, რათა უნივერსიტეტები ნაკლებად პოლიტიზირებული იყონ

თუმცა, ამ ცვლილებას სხვა მხარეც აქვს - თუ იმავე ქალაქში ერთი კონკრეტული პროფესიის დასაუფლებლად იარსებებენ შეუზღუდავი რაოდენობის კერძო სასწავლებლები და მათი სწავლების ხარისხს უფრო მეტად გააკონტროლებენ (ყურადღება მიაქციეთ სწავლების ხარისხს და არა შინაარსს), თეორიაში დასაშვებია, რომ ყველა უნივერსიტეტი იყოს ოპოზიციურად განწყობილი, სახელმწიფო უნივერსიტეტს გაეჯიბროს და უფრო კარგი კადრები გაზარდოს, ვიდრე სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

10 წელიწადში შეიძლება მივიღოთ კარგად მომზადებული ოპოზიციონერი და ნაკლებად კვალიფიციური ხელისუფლების მომხრე იმიტომ, რომ პირველმა დაამთავრა კერძო, კონკურენტულ გარემოსთან, თავისუფალ ბაზართან კარგად მორგებული უნივერსიტეტი, ხოლო მეორემ - სახელმწიფო სასწავლებელი

მე რისი თქმა მინდა, სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის „ერთი ფაკულტეტი ერთი ქალაქის“ პრინციპით შეზღუდვის შემოღება ავტომატურად არ ნიშნავს ხელისუფლების დიქტატს, მომავალი თაობის იდეოლოგიზირებას და სამომავლოდ, უფრო ავტორიტარული, ან გნებავთ ტოტალიტარული სახელმწიფო შენებას.

სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის „ერთი ფაკულტეტი ერთი ქალაქის“ პრინციპით შეზღუდვის შემოღება ავტომატურად არ ნიშნავს ხელისუფლების დიქტატს, მომავალი თაობის იდეოლოგიზირებას და სამომავლოდ, უფრო ავტორიტარული, ან გნებავთ ტოტალიტარული სახელმწიფო შენებას

თუ კერძო უნივერსიტეტების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება და მათ საქმიანობაში ხარისხის მართვის ცენტრს შეეძლება ჩაერიოს მხოლოდ სასწავლო გარემოს კონტროლის და არა შინაარსის კონტროლის თვალსაზრისით, მაშინ შეიძლება პირიქით მოხდეს - კერძო უნივერსიტეტებმა უფრო მიიზიდონ სტუდენტები და მეტი კიდევ უფრო თავისუფლად მოაზროვნე და გნებავთ, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ახალგაზრდა გაზარდოს.

აქ შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს აზრი, რომ კერძო უნივერსიტეტებში სწავლება ძვირია და შესაბამისად, ნაკლები ფინანსური შესაძლებლობის ახალგაზრდას სახელმწიფო ამით დაჩაგრავს, არ მისცემს საშუალებას უფასოდ ისწავლოს. ეს ასე არ არის, პირველ რიგში იმიტომ, რომ კერძო უნივერსიტეტები ბაზართან ადაპტაციას ყველაზე მარტივად ახერხებენ - თუ გადამხდელი არ იარსებებს, გადასახადს უბრალოდ დაწევენ.

ერთ მაგალითს გეტყვით - ერთ-ერთმა კერძო უნივერსიტეტმა ერთ წელს გაზარდა ისტორიის სპეციალობაზე სწავლის გადასახადი - ნაცვლად ჩვეულებრივ ბაზარზე არსებულისა, მოითხოვა ორჯერ მეტი. შედეგად მიიღო ის, რომ იმ წელს საერთოდ არავინ ჩააბარა ამ უნივერსიტეტში.

მეორე წელს ამ უნივერსიტეტმა ამ სპეციალობაზე გადასახადი ისევ ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნა - 2250 ლარს, რაც არის ჩვეული გადასახადი ყველა სპეციალობაზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში. აქედან დასკვნა - კერძო უნივერსიტეტები იძულებული იქნებიან აბიტურიენტების ფინანსურ შესაძლებლობებს მოერგონ.

ბაზართან ამ სწრაფი ადაპტაციის შედეგია ისიც, რაც თქვენ ახსენეთ კითხვაში - ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პოპულარობა აბიტურიენტებში არჩევანის თვალსაზრისით. სწორედ ეს მაგალითი ადასტურებს იმას, რომ არაა აუცილებელი სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო განათლება, რომ ის კარგი იყოს და შენ შესძლო კონკურენცია სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთან.

ასევე სწორად აღნიშნეთ, რომ უცხოეთის ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტების ნაწილი სწორედაც რომ კერძო უნივერსიტეტებია. აქ ერთ ტენდენციას შევნიშნავდი - ბრიტანეთსა და ამერიკაში, რომელიც ეკონომიკისადმი უფრო მემარჯვენე მიდგომით გამოირჩევა, ვიდრე ვთქვათ, საფრანგეთი, გერმანია ან სკანდინავიის ქვეყნები, კერძო უნივერსიტეტები უფრო ცნობილი და პრესტიჟულია, ამასთან, სწორედ ისინი არიან მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტების სიის სათავეში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს შემთხვევაშიც ამ რეფორმით ხელისუფლებამ უფრო მემარჯვენე მიდგომა აირჩია განათლების სფეროში, რაც აქამდე არასდროს არ ყოფილა და ზოგადადაც, ამ ხელისუფლებისთვის ცოტა უცნაურია, რიგ საკითხებში, ისინი სახელმწიფოს მეტ ჩარევას (მაგალითად, ჯანდაცვის საკითხში) ემხრობიან.

აქ პირიქით, უფრო მემარჯვენე, შესაბამისად, უფრო კონკურენტული გარემოს და მეტი თავისუფლების შექმნის წინაპირობაა ამ ტიპის ცვლილების განხორციელება.

მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი აუცილებლად შეეხება ილიაუნის და ეს ნამდვილად ჰგავს ხელისუფლების მიერ მათი გაკონტროლების მექანიზმების ძიების სურვილს. ილიაუნის ოპოზიციური განწყობის საფუძველი გასაგებია - წინა ხელისუფლების პირობებში მათ მეტი დაფინანსება მიიღეს და ზოგადადაც, მათ უფრო წყალობდა მაშინდელი ხელისუფლება, თსუ და სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტები უფრო მივიწყებული იყვნენ.

„ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი აუცილებლად შეეხება ილიაუნის და ეს ნამდვილად გავს ხელისუფლების მიერ მათი გაკონტროლების მექანიზმების ძიების სურვილს

წლების განმავლობაში ახლანდელი ხელისუფლება მათ და მათ სტუდენტებს აფინანსებდა და ილიაუნის განწყობა არ შეუცვლია, რაც მათ მტკიცე პოლიტიკურ პოზიციას ნიშნავს. ხელისუფლებისთვის მათი დაფინანსება, ბუნებრივია, ასეთ პირობებში მიუღებელია. მაგრამ, აქ არის ერთი ნიუანსი - თუ მაინცდამაინც ილიაუნისთვის უნდა დაერტყა ხელისუფლებას, შეეძლო ეს სხვანაირად გაეკეთებინა.

მაგალითად, პრიორიტეტული პროგრამები (ე.წ. უფასო ფაკულტეტები სახლმწიფო უნივერსიტეტებში) არ გამოეცხადებინა საერთოდ და დაფინანსების საკითხი გადაეწყვიტა სხვა ფორმით - პირდაპირ ეთქვა, რომ აფინანსებს, ვთქვათ, თსუ-ის ან ტექნიკური უნივერსიტეტების ისტორიულ, ფილოლოგიურ ფაკულტეტებს და არა სხვაგან.

ილიაუნის თუ დაჟინებული სურვილი ექნება, ჰქონდეს იგივე სპეციალობები, რაც თსუ-ში ისწავლება, შეუძლია გამოსავალი გეოგრაფიის ცვლილებაში მოძებნოს - ეს ფაკულტეტები გადაიტანოს რუსთავში. სტუდენტების კონცენტრაციამ რუსთავში ან სხვაგან, რასაკვირველია, მათი პოლიტიკური აქტიურობის დასუსტება შეიძლება გამოიწვიოს, ბოლოს და ბოლოს ისინი, ახლოს არ ისწავლიან რუსთაველთან და ლექციების შემდეგ ვერ გადაირბენენ აქციებზე, მაგრამ ნახეთ, აშშ-ში, სადაც უნივერსიტეტების უმრავლესობა მართლაც რომელიმე პარტიის პლატფორმას წარმოადგენს - რესპუბლიკელებისას ან დემოკრატებისას - თავმოყრილი ნაკლებადაა ერთ ქალაქში - გაბნეულები არიან სხვადასხვა ქალაქებში.

ამას ხელი არ შეუშლია მათი წარმატებული პოლიტიკური აქტიურობისთვის, ამა თუ იმ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლისთვის და ა.შ. შესაბამისად, თუ, ვთქვათ, ოპოზიციის სტუდენტური მიტინგები სადმე რუსთავში გაიმართება თუ მათ დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში, საშუალება ექნებათ ციფრულ სივრცეში გამოხატონ თავიანთი პროტესტი - გგონიათ, ნაკლები ეფექტი ექნება, თუკი მათი პოლიტიკური მესიჯები ამომრჩევლისთვის მისაღები აღმოჩნდება?

- ყველაზე მეტი კამათი გამოიწვია 12 წლიანი სწავლების გაუქმებამ და 11 წლიან სწავლებაზე გადასვლამ.

ამ გადაწყვეტილების მომხრეთა მტკიცებით, დღეს სკოლებში მე-11, მე-12 კლასებში მოსწავლეები მაინც არ დადიან. ყველა იმ საგნებში ემზადება, რაც მათ უმაღლესში ჩაბარებისას დასჭირდებათ.

მოწინააღმდეგები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ მე-11, მე-12 კლესებისთვის დღემდე არ არსებობს სასწავლო პროგრამები. ამ პროგრამების შემუშავებაზე განათლების სამინისტროს უნდა ეზრუნა და ასე შემდეგ.

გარდა ამისა, აქტუალური კითხვაა - თუ განსაკუთრებით მე-12 კლასისთვის პროგრამებიც კი არ არსებობს, გაუგებარია სკოლის მასწავლებლებს რაში უხდის ფულს სახელმწიფო.

გარდა ამისა, აქტუალური თემაა 11 წლიან სწავლებაზე გადასვლით, გამოდის თუ არა საქართველო „ბოლონიის პროცესიდან“, რაც ქართველ ახალგაზრდებს ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საშუალებას აძლევდა.

რატომ გახდა საჭირო, ან რა მიზანს ემსახურება 12 წლიანი სასკოლო სწავლების გაუქმება და 11 წლიან სწავლებაზე გადასვლა?

ვცილდებით თუ არა ამით „ბოლონიის პროცესს“ და ამ ცვლილების განხორციელების შემდეგ გაუჭირდებათ თუ არა ქართველ მოსწავლეებს უცხოეთში ჩაბარება?

- ბოლონიის პროცესი ჩვენგან არ ითხოვს სასწავლო წლების განსაზღვრულ რაოდენობას - 11 წლიანი უნდა იყოს თუ 12 წლიანი სწავლება, ის ითხოვს მოსწავლეების გაყვანას კონკრეტულ შედეგებზე.

მოსწავლემ კონკრეტული კომპეტენციები უნდა შეიძინოს უნივერსიტეტში ჩაბარებამდე და ამ კომპეტენციებს სახელმწიფო 11 წელიწადში მისცემს თუ 12 წელიწადში, ეს არაა სავალდებულოდ გაწერილი.

ისიც ფაქტია, რომ მაღალი კლასის მასწავლებლებს სახელმწიფო მართლაც ტყუილად უხდის ფულს - უმრავლესობა მაინც რეპეტიტორთან ემზადება. გაითვალისწინეთ, რომ თუ 20 წლის წინ ყველას არ ჰქონდა საშუალება რეპეტიტორთან მომზადებულიყო, დღეს აბიტურიენტების აბსოლუტური უმრავლესობა ემზადება. ამის შედეგია ის, რომ წლიდან წლამდე იზრდება წარმატებული აბიტურიენტების რაოდენობა.

ისიც ფაქტია, რომ მაღალი კლასის მასწავლებლებს სახელმწიფო მართლაც ტყუილად უხდის ფულს - უმრავლესობა მაინც რეპეტიტორთან ემზადება. გაითვალისწინეთ, რომ თუ 20 წლის წინ ყველას არ ჰქონდა საშუალება რეპეტიტორთან მომზადებულიყო, დღეს აბიტურიენტების აბსოლუტური უმრავლესობა ემზადება. ამის შედეგია ის, რომ წლიდან წლამდე იზრდება წარმატებული აბიტურიენტების რაოდენობა

მარტივ სტატისტიკას დააკვირდით - ინგლისურ ენაში უმაღლესი ქულის მქონე აბიტურიენტი ტესტის ერთ ვარიანტში 15 წლის წინ შეიძლება ყოფილიყო 2 ან 3 სტუდენტი, წლევანდელი გამოცდებით, მგონი, რეკორდი მოიხსნა - 300 სტუდენტს შეიძლება ჰქონოდა უმაღლესი ქულა. ეს ნიშნავს იმას, განუზომლად მეტი რაოდენობის აბიტურიენტი ემზადება რეპეტიტორთან. შესაბამისად, თუ ვინმეს აქვს ასეთი აზრი, რომ მე-12 კლასში მაინც არავინ სწავლობს და რაში გვჭირდება, არასწორი მსჯელობის შედეგია - მე-12 კლასში მოსწავლეები სწავლობენ, ოღონდ არა იქ, სადაც უნდა სწავლობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლონიის პროცესს მიერთებულ სახელმწიფოთა უმრავლესობაში სწავლება სწორედ 12 ან მეტიც - 13 წლიანია. შესაბამისად, აქ მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს არა ამ მარტივ არითმეტიკაზე - 11 თუ 12, არამედ იმაზე, რამდენად არის შესაძლებელი 11 წელიწადში ასწავლო ის, რაც ქვეყნების უმეტესობაში 12 ან 13 წელიწადში მიიღწევა.

თუ ვინმეს აქვს ასეთი აზრი, რომ მე-12 კლასში მაინც არავინ სწავლობს და რაში გვჭირდება, არასწორი მსჯელობის შედეგია - მე-12 კლასში მოსწავლეები სწავლობენ, ოღონდ არა იქ, სადაც უნდა სწავლობდნენ

დავუბრუნდეთ რეპეტიტორების საკითხს, რადგან ის მუდმივად ინტერესის საგანია. რეპეტიტორების მახინჯი პრაქტიკის მოცილება აქამდეც შეიძლებოდა და ხელოვნურად კონკურენტული გარემოს შექმნა საჯარო სკოლებშიც.

ვერ გეტყვით, ეს რატომ არ მოუვიდა აქამდე თავში არცერთ ხელისუფლებას. მაგალითად, შეიძლება ასეთი რაღაცის განხორციელება - ყოველ წელიწადს მე-11 და მე-12 კლასის მასწავლებლების რანჟირებული სია შედგეს აბიტურიენტების შედეგების მიხედვით და მასწავლებლების ანაზღაურება წლიდან წლამდე იცვლებოდეს ამ რანჟირებულ სიაში მისი ადგილის მიხედვით.

ეს ორმაგ გავლენას იქონიებს - მასწავლებელს ექმნება მეტი მოტივაცია სკოლაში საკუთარ მოსწავლეებთან იმუშაოს უფრო კარგად და მას არ ექნება მოტივაცია სხვა სკოლის, სხვა მასწავლებლის მოსწავლე მოამზადოს უკეთ, სხვა სკოლის მოსწავლის მასწავლებელი ხომ ამ რანჟირებულ სიაში მოხვედრისთვის მისი კონკურენტი იქნება. ამიტომ ყველა თავის მოსწავლეს მიხედავს მისი შესაძლებლობების მიხედვით - მაქსიმალურად.

უცხოეთში ჩაბარებას რაც შეეხება, როგორც აღვნიშნე, ბოლონიის პროცესი არ ითხოვს 12 წლიან სწავლებას აუცილებლად, შესაბამისად, კანონით მათ არ ექნებათ აკრძალული უცხოეთში ჩაბარება ქართული ატესტატით. სხვა საკითხია, რამდენად არის ახლანდელი დამამთავრებელი კლასების პროგრამები ან სახელმძღვანელოები შესაბამისობაში უცხოურ სტანდარტებთან.

ბოლონიის პროცესი არ ითხოვს 12 წლიან სწავლებას აუცილებლად, შესაბამისად, კანონით მათ არ ექნებათ აკრძალული უცხოეთში ჩაბარება ქართული ატესტატით. სხვა საკითხია, რამდენად არის ახლანდელი დამამთავრებელი კლასების პროგრამები ან სახელმძღვანელოები შესაბამისობაში უცხოურ სტანდარტებთან

ამაზე მარტივად გიპასუხებთ - თეორიაში არის, პრაქტიკაში - არ არის. კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას, რაც თანამედროვე მიდგომას წარმოადგენს, სკოლაში ძალიან ცოტა მასწავლებელი თუ ახორციელებს პრაქტიკაში. ეს ყველაფერი შეიძლება გაწერილი იყოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ასე თუ ისე, ითვალისწინებდეს მათ არსებული სახელმძღვანელოებიც, მაგრამ ფაქტობრივად ყველა მასწავლებელი იყენებს მხოლოდ სახელმძღვანელოს.

სახელმძღვანელო საჭიროა ნამდვილად, მაგრამ ის არ უნდა იყოს ყველა ინფორმაციის ერთადერთი წყარო. სახელმძღვანელოს გარდა, მოსწავლეები კვლევით პროექტებზეც უნდა მუშაობდნენ, რაც რეალურად ძალიან ცოტა სკოლაში თუ ხორციელდება.

- ხელისუფლების უმაღლესი განათლების რეფორმის კრიტიკოსების უმეტესობის არგუმენტი პოლიტიკურია.

მათი მტკიცებით, დაგეგმილი რეფორმით საქართველოს განათლების ევროპულ სტანდარტს დაშორდება. ვცილდებით თუ არა ამ რეფორმით ევროპულ სტანდარტს? თუ კი რატომ და როგორ? თუ არა, რატომ არა?

- ბოლონიის პროცესს 11 წლიანი სწავლებით რომ არ ვცილდებით, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ახლა შევეხები მაშინ 3 წლიანი ბაკალავრიატის და 1 წლიანი მაგისტრატურის საკითხს.

რეგულირებული სპეციალობების გარდა (იურიდიული და სამედიცინო) ბაკალავრიატში სწავლა ეფუძნება ძირითადი და მეორადი სპეციალობის დაუფლების პრინციპს. მარტივად ავხსნი - მაგალითად თუ გინდა ესპანისტი ფილოლოგი გახდე, ესპანისტიკაში უნდა ისწავლო 180 კრედიტი, ანუ 3 წელი, და სხვა, ნებისმიერ სპეციალობაში, ვთქვათ, ტურიზმში - 60 კრედიტი, ანუ 1 წელი. ეს 1 წელი შეგიძლია სრულიად შერეული საგნებიც ისწავლო, მაინორი ან შეასრულო ან არა, ესპანისტის დიპლომს მაინც აიღებ.

თუ კონკრეტული სპეციალობები, რომელზეც 1 წლიანი მაგისტრატურები იქნება, დაემთხვევა იმ სპეციალობებს რაც ევროპაში 1 წელში ისწავლება, ფაქტობრივად ისევ სტანდარტთან ვიქნებით ახლოს. თუ არ დაემთხვევა, მაშინ იქნება შეუსაბამობა. ეს დეტალები აწი უნდა დააზუსტოს ხელისუფლებამ. შესაბამისად, ამაზე უფრო სიღრმისეულ საუბარს შემდეგში შევძლებთ

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესპანისტი რომ გამოხვიდე 3 წელი უნდა ისწავლო ისედაც დღეს. გამოდის იმ 60 კრედიტის სწავლებაზე უაზროდ ვხარჯავთ რესურსს, რაც ისევ პროფესურის ხელფასს აკლდება საბოლოო ჯამში. აი, მეორე წყაროც ვიპოვეთ დაფინანსების გაზრდისა. გარდა ამისა, ითქვა, რომ რიგ სპეციალობებს, მაგალითად სამედიცინოს, არ შეეცვლებათ წლების რაოდენობა.

აქ, მეორე რეგულირებადი პროფესია - იურიდიული არ იყო ნახსენები, არც იურიდიულისთვის არ შეიცვლება არაფერი - ისევ 4 წლიანი საბაკალავრო დარჩება. ამ სპეციალობაზე არ მოქმედებს 180 + 60 კრედიტი (მეიჯორი და მაინორის დასაუფლებლად), ამ ფაკულტეტზე მხოლოდ ერთ სპეციალობას ეუფლები 4 წლის განმავლობაში - სამართალს.

მაგისტრატურას რაც შეეხება, ევროპაში ხშირია 1 წლიანი მაგისტრატურები, გააჩნია რა სპეციალობას გინდა დაეუფლო. შესაბამისად, თუ კონკრეტული სპეციალობები, რომელზეც 1 წლიანი მაგისტრატურები იქნება, დაემთხვევა იმ სპეციალობებს რაც ევროპაში 1 წელში ისწავლება, ფაქტობრივად ისევ სტანდარტთან ვიქნებით ახლოს. თუ არ დაემთხვევა, მაშინ იქნება შეუსაბამობა. ეს დეტალები აწი უნდა დააზუსტოს ხელისუფლებამ. შესაბამისად, ამაზე უფრო სიღრმისეულ საუბარს შემდეგში შევძლებთ.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო