ლაშა გალდავა აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი და „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატია. მისი ისტორია იმითიც არის საინტერესო, რომ კვების ტექნოლოგიებამდე თავი 2 პროფესიაში სცადა და საბოლოოდ ადგილი სწორედ ამ სექტორში იპოვა.
„სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა უნივერსიტეტისა თუ სასწავლო პროგრამის არჩევა. ჩემი აზრით, აბიტურიენტისთვის ეს ცოტა რთული რამაა და უფრო საპასუხისმგებლო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საქმე იმაშია, რომ 18 წლის ასაკში ირჩევ პროფესიას, რომელმაც მთელი შენი მომავალი უნდა განსაზღვროს. ჩემი გამოცდილებიდანაც კარგად ჩანს, რომ ეს ადვილი ნამდვილად არაა. თავდაპირველად გადავწყვიტე, რომ ჩემი პროფესია კომპიუტერული ინჟინერია უნდა ყოფილიყო და ამ ფაკულტეტზე კავკასიის უნივერსიტეტში ჩავაბარე. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა თანდათანობით გავაანალიზე, რომ ამ სფეროში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ გამოვიყენებდი. ამიტომ მობილობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებაზე გადავედი. ცოტა დროის შემდეგ აქაც დამეუფლა შეგრძნება, რომ 4-წლიანი დაუღალავი სწავლის შემდეგ დიპლომის სახლში შენახვა და კარიერული წარმატების სხვა სფეროში ძებნა მომიწევდა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ აბიტურიენტობიდანვე გული მიმიწევდა აგრარული უნივერსიტეტისა და კვების ტექნოლოგიებისკენ, მაგრამ გარკვეული მიზეზები ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ მაძლევდა. ორი დაკარგული წლის შემდეგ კი მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩემი გააზრებული არჩევანი გახლდათ. სამწუხაროდ, პირველივე წელს ვერ მოვახერხე აგრარულ უნივერსიტეტში გადმოსვლა და მესამე წელიც დავკარგე. ამ პერიოდში აკადემიური მქონდა აღებული. საკმაოდ მომზადებული და საკუთარ თავში დაჯერებული მივედი გასაუბრებაზე და უკვე სამი წლის შემდეგ მოვხვდი ფაკულტეტზე, რომელიც ნამდვილად მაპოვნინებდა ჩემს ადგილს ცხოვრებაში,“ - გვიყვება ლაშა გალდავა.
ასეთი საინტერესო ისტორიის შემდეგ, ლაშამ დიდი მონდომებით დაიწყო კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტზე სწავლა და დღეს კურსის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. სტუდენტური ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ლაშა თავად გვესაუბრება.

რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი გადაწყვეტილებით, რომ რამდენჯერმე შეგეცვალათ პროფესია და საბოლოოდ კვების ტექნოლოგიების ფართო ინდუსტრიაში აღმოჩენილიყავით?
სწავლის დაწყების დროს, რასაკვირველია, იყო ცოტა დაბნეულობა, ფიქრი იმისა, რომ კიდევ ხომ არ ვცდებოდი. თუმცა ნამდვილად არ მქონია ის გრძნობა, რაც წინა უნივერსიტეტებში მქონდა. არ ვიცი ეს უფრო მეტად უნივერსიტეტის დამსახურებაა თუ თვითონ ფაკულტეტის, მაგრამ ამას ჩემისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. სწავლის პროცესში თავს თავისუფლად ვგრძნობ და არ მგონია, რომ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები იკარგება. პირიქით, მაქსიმალურის ათვისებას ვცდილობ.
დღეს სტუდენტს და უშუალოდ თქვენ რა გაძლევთ მოტივაციას, რომ ისწავლოთ? სტიპენდია რამდენად მნიშვნელოვანია საკითხია ამ მიმართულებით?
ჩემი აზრით, მოტივაციის შენარჩუნება, ერთდროულად რთულიცაა და მარტივიც. პირადად ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა იმ განვლილი წლების ანაზღაურება, რომლებიც დავკარგე. თუმცა გეტყვით, რომ სტუდენტისთვის საკმარისი მოტივაციაა იმის გაცნობიერება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა სამომავლო პროფესიისთვის. ეს ყოველივე ჩემში უფრო მეტ პასუხისმგებლობას აღვიძებს, რაც დანებებისა და მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. დღეს ორმაგად გახარებული ვარ, რომ იმ ცოდნასთან ერთად, რასაც უნივერსიტეტში ვიღებ, უკვე სტიპენდიატიც ვარ. ეს სტიპენდია ჩემთვის როგორც მოტივაცია, ისე დიდი პასუხისმგებლობაა საკუთარ თავთან, რომ უფრო მეტად არ მივცე თავს მოდუნების საშუალება. „ნიკორა ჯგუფის“ მიერ შეთავაზებული შესაძლებლობა ნებისმიერი სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია.

უნივერსიტეტის მიღმა, კვების ტექნოლოგიებთან ამ დრომდე თუ გქონიათ გარკვეული შეხება ჰობის ან ინტერესის დონეზე?
ჩემი ჰობი გარკვეულწილად უკავშირდება კვების ტექნოლოგიებს. ძალიან მაინტერესებს მეფუტკრეობა და რომ არ არა ახლანდელი პროფესია, ალბათ აღნიშნულზე დავფიქრდებოდი. ბავშვობიდან მაქვს შეხება ფუტკართან და ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ეს საქმიანობა. ეს ეხება როგორც ფუტკრის მოვლასა და თაფლის ამოღებას, ისე სკების დამზადებას. გარდა ამისა მევენახეობა-მეღვინეობითაც ვარ გატაცებული და უკვე 5 წელია საკუთარ ღვინოს ვაყენებ სამოყვარულო დონეზე.
კვების ტექნოლოგიები საკმაოდ ფართო სფეროა. სამომავლოდ თქვენს თავს კონკრეტულად რომელ მიმართულებაში ხედავთ?
ჩემს თავს ყველაზე მეტად წარმოების ტექნოლოგად ვხედავ. დიდი სურვილი მაქვს ეს კონკრეტულად ხორცპროდუქტების წარმოება იყოს. სწორედ ამიტომ ჩემთვის კიდევ უფრო დასაფასებელი იყო აღნიშნული სტიპენდია და ვფიქრობ, სამომავლოდ ჩემი და „ნიკორას“ წარმოების გზები გადაიკვეთება.
უფრო შორეულ პერსპექტივაში კი მსურს, მქონდეს საკუთარი ხორცპროდუქტების საწარმო და ჩემი მიზანია, საწარმოს ნედლეულით მომმარაგებელი თვითონ ვიყო. ჩემი მიზანია ათეული წლების შემდეგ ჩემ მიერ გამოშვებული პროდუქცია იყოს ბაზრის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი საქართველოში და კონკურენტული პროდუქტი ევროპაში.