ვალერი ჩეჩელაშვილი - კომუნიკაციის არხები მოისპო, ევროპას არ ესმის „ქართული ოცნების“, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ევროპის, ვინ უფრო დაზიანდება? - ჩვენ გვინდა ევროპაში, ევროპას კი არ უნდა, რომ გაწევრიანდეს საქართველოში

დაზიანდება საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, ხოლო როგორც კონკრეტული შედეგი, დახმარებას, რასაც საქართველო გერმანიიდან იღებდა, ვეღარ მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოდან გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის თაობაზე გერმანიის საგარეო სამინისტროს გადაწყვეტილება შეაფასა.

როგორც ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, „ქართულ ოცნებასა“ და ევროპას შორის კომუნიკაციის არხები „საერთოდ მოისპო“.

„ეს უბრალო ქმედება არ არის, ვინაიდან, იმას ნიშნავს, რომ სრულფასოვნად არ განხორციელდება გერმანიის ინტერესები საქართველოში. დროებითი რწმუნებული რაოდენ გამოცდილი და წიგნიერი დიპლომატიც არ უნდა იყოს, ის არ ფლობს დიპლომატიის სრულ ინსტრუმენტარს, რომელიც გააჩნია ელჩს. აქედან გამომდინარე, დაზიანდება საქართველო-გერმანიის ურთიერთობები. ხოლო როგორც ამის კონკრეტული შედეგი, დახმარებას, რასაც საქართველო იღებდა გერმანიიდან, ვეღარ მიიღებს.

ჩამოყალიბდა ორი პარალელური რეალობა, „ქართული ოცნება“ და მისი წარმომადგენლები აყალიბებენ საკუთარ არგუმენტებს ევროპასთან მიმართებაში, ევროპულ ინსტიტუტებთან, ელჩებთან მიმართებაში, ხოლო ევროკავშირი გამოდის საკუთარი შეფასებებით და დასკვნებით. ამ ორ არგუმენტების სისტემაში ვერანაირი კვეთა ვერ ხდება. „ქართული ოცნება“ არ უსმენს ევროპელებს და ევროპელები არ თვლიან საჭიროდ, რომ მიიღონ ეს არგუმენტები მხედველობაში. პირიქით, ევროპელები მათ გამონათქვამებს აღიქვამენ, როგორც ანტიევროპულ რიტორიკას. გამოდის, რომ კომუნიკაციის არხები საერთოდ მოისპო. ევროპას არ ესმის „ქართული ოცნების“, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ევროპის. ვინ უფრო დაზიანდება? მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში, ევროპას არ უნდა, რომ გაწევრიანდეს საქართველოში“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება