სტატისტიკის სფერო წარმოადგენს ევროკავშირის გაწევრების I კლასტერის მე-18 თავს, რომელიც მიჩნეულია გაწევრების ფუნდამენტების ნაწილად.
ევროპული სტატისტიკა მუშავდება და ვრცელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ, იმ პრინციპებისა და ხარისხის კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც განსაზღვრულია ევროპული სტატისტიკის შესახებ ევროკავშირის რეგულაციაში, მათ შორის პროფესიული დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, სანდოობის, გამჭვირვალობისა და კონფიდენციალობის პრინციპების დაცვით.
ევროკომისიამ, 2024 წელს, სტატისტიკის სფეროში, შეაფასა გაფართოების ათივე ქვეყანა. საქართველოსთან მიმართებით ანგარიშში აღნიშნულია შემდეგი:
ევროკომისიის მხრიდან, სტატისტიკის სფეროში გაფართოების ქვეყნების შეფასებების შედეგები ასეთია:
2024 წელს ევროკომისიამ გასცა შემდეგი რეკომენდაციები:
საქართველო
საქართველომ უნდა უზრუნველყოს საქსტატსა და მთავრობას შორის, აგრეთვე საქსტატსა და სექტორულ სამინისტროებსა და სააგენტოებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება; საქსტატის სამსახურის ადამიანური რესურსებისა და ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება; დროული და მაღალი ხარისხის მონაცემების წარმოება და გავრცელება.
ალბანეთი
ალბანეთმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი: გამოაქვეყნოს მოსახლეობისა და საცხოვრებლის ფონდის აღწერის დეტალური მონაცემები და თემატური ანალიზი; ჩაატაროს სასოფლო-სამეურნეო მეურნეობების აღწერა ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; შეამციროს სტატისტიკის სამსახურის პერსონალის ცვლილების მაჩვენებელი და გააუმჯობესოს კიბერუსაფრთხოება; გაზარდოს დროული და მაღალი ხარისხის მონაცემების წარმოება და გადაცემა ევროსტატისთვის გავრცელების მიზნით და საჯარო გახადოს სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის (GFS) მონაცემები.
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბოსნია და ჰერცეგოვინამ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა, კოორდინაცია, გადაწყვეტილების მიღების პროცესები და სამართლებრივი საფუძვლები, რათა განვითარდეს ეროვნული სტატისტიკის სისტემა; ჩაატაროს სოფლის მეურნეობის აღწერა; დაამტკიცოს გზამკვლევი მოსახლეობისა და საცხოვრებელი ფონდის მომავალი აღწერის მოსამზადებლად; დაასრულოს რეგიონების კლასიფიკაცია ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურის შესაბამისად (NUTS კლასიფიკაცია).
მოლდოვა
მონაცემების გადაცემა ევროსტატისთვის კვლავ შეზღუდულია, თუმცა არის მკაფიო ზრდის ტენდენცია. მოლდოვამ უნდა გააძლიეროს სექტორული მონაცემების შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან, რათა გაიზარდოს შედარებადობა, ორივე ტიპის - ადმინისტრაციული და კერძო სექტორის - მონაცემების გამოყენების გაუმჯობესებით; უზრუნველყოს, რომ ეროვნული სტატისტიკის ბიუროს ჰყავდეს საკმარისი პერსონალი და ჰქონდეს ფინანსური რესურსი.
მონტენეგრო
ადამიანური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით გამოწვევები კვლავ რჩება. მონტენეგრომ უნდა დაიწყოს შემდეგი მონაცემების რეგულარული წარმოება და ევროსტატისთვის გადაცემა: სახელმწიფოს ფინანსური სტატისტიკა, რომლის გამოქვეყნებაც შესაძლებელია და სწორად შევსებული ცხრილები ჭარბი დეფიციტის პროცედურისთვის; გააძლიეროს სტატისტიკის სამსახურის ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა სამსახურმა სრულად შეასრულოს თავისი მოვალეობები; განახორციელოს სოფლის მეურნეობის აღწერა და გამოაქვეყნოს ეროვნული მოსახლეობისა და საცხოვრებელი ფონდის აღწერის შედეგები, ევროკავშირის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესაბამისად.
ჩრდილოეთ მაკედონია
ჩრდილოეთ მაკედონიამ უნდა ჩაატაროს სოფლის მეურნეობის აღწერა; უზრუნველყოს სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურისთვის ადეკვატური პერსონალი და საკმარისი ფინანსური რესურსები; გააგრძელოს მაკროეკონომიკური სტატისტიკის გაუმჯობესება, კერძოდ, გამჭვირვალობის დამკვიდრებით, ჭარბი დეფიციტის პროცედურისა და სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის თანმიმდევრულობის, დროულობისა და დაფარვის გაუმჯობესებით, ასევე ფინანსური ანგარიშებისა და კვარტალური ეროვნული ანგარიშების ევროპულ ანგარიშთა სისტემასთან (ESA 2010) შემდგომი შესაბამისობაში მოყვანით.
სერბეთი
სერბეთმა უნდა მიიღოს სტატისტიკის შესახებ ახალი კანონი სტატისტიკის სამსახურის პროფესიული დამოუკიდებლობის გასაზრდელად; გააგრძელოს მაკროეკონომიკური სტატისტიკის შედგენის გაუმჯობესება ESA 2010-ის შესაბამისად, მონაცემების გამოქვეყნების ხელშემშლელი კონფიდენციალობის ნიშნების მოხსნით.
უკრაინა
საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით, რესპონდენტები არ არიან ვალდებულნი მონაცემები მიაწოდონ და, შესაბამისად, უკრაინის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მიერ მონაცემთა წარმოება ძალიან შეზღუდულია. ამ გარემოებების მიუხედავად, უკრაინამ გარკვეული პროგრესი განიცადა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით, მათ შორის სტატისტიკის შესახებ ეროვნული კანონის მიღებით. უკრაინამ უნდა გააძლიეროს სტატისტიკის სამსახურის ადმინისტრაციული შესაძლებლობები და ეროვნული სტატისტიკური სისტემის კოორდინაცია სტატისტიკის ხარისხის გასაუმჯობესებლად; გაზარდოს დროული, მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება და გადაცემა ევროსტატისთვის, მათ შორის, სქესის მიხედვით, სადაც ეს შესაძლებელია.
თურქეთი:
თურქეთმა უნდა დააწესოს გამჭვირვალე და პროფესიული კრიტერიუმები სტატისტიკის სამსახურის პრეზიდენტის დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის ისე რომ საფრთხე არ შეექმნას პროფესიულ ან სამეცნიერო დამოუკიდებლობას; გააგრძელოს ევროპის ანგარიშების სისტემასთან (ESA 2010) შესაბამისობა; გააუმჯობესოს სოფლის მეურნეობის (მათ შორის, სოფლის მეურნეობის აღწერისთვის მზადება), მიგრაციისა და თავშესაფართან დაკავშირებული სტატისტიკა და გააგრძელოს მუშაობა მოკლევადიანი ბიზნეს-სტატისტიკის ახალ მოთხოვნებთან სრული დაახლოება.
გამოყენებული წყაროები:
/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/