ადვოკატის განცხადებით, ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე ბრალს არ აღიარებს

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა შოთა მანელიძემ განუცხადა.

როგორც მანელიძე განმარტავს, კაკაბაძის წინააღმდეგ გამოძიება 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის საგამოძიებო უწყებაში ყოველ ჯერზე, როცა იბარებდნენ, ცხადდებოდა.

ადვოკატის თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო მორიგი გამოკითხვის მიზნით გენერალურ პროკურატურაში დაბარებული კაკაბაძის დაკავება.

„ბატონი ზუტა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, მასაც უამრავი სამართლებრივი არგუმენტი გააჩნია. რაც შეეხება ოფიციალურად გამოკითხვის თემას, ეს სურვილი ჯერჯერობით ბრალდების მხარის მხრიდან არ გამოხატულა და ჩვენება არ მიგვიცია. ორწლიანი გამოძიების პერიოდში ბატონი ზურა რამდენჯერმე დაიბარეს გამოკითხვაზე, ის ყოველი გამოძახებისას მითითებულ დროს ცხადდებოდა. საოცარია ის შემთხვევა, რაც გუშინ მოხდა. ბრალდების მხარემ მორიგ ჯერზე დაიბარა ჩემი მარწმუნებელი და დაახვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 17 ოქტომბერს გაცემული განჩინება მისი დაკავების თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მოულოდნელი და შეუსაბამოა იმ მდგომარეობის, რასაც ზურაბ კაკაბაძე გამოხატავდა. ის მუდმივად გამოხატავდა გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობას, თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება გენერალურ პროკურატურაში მოხდა და შემდეგ უკვე ბრალდების წარდგენა“, - განაცხადა მანელიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. ზურაბ კაკაბაძეს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის კუთვნილი 464 496 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან.

კაკაბაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება