თამბაქოს ინდუსტრიის გლობალური ჩარევის ინდექსი 2025-ის თანახმად, საქართველომ 87 ქულა (100-დან) დააგროვა, რითაც კვლავ ლიდერობს ქვეყნებს შორის, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკაზე თამბაქოს ინდუსტრიის (TI - თამბაქოს ინდუსტრია) გავლენა მზარდია. ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინდექსი აღნიშნავს, რომ ქვეყანა ბოლომდე არ ასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) 5.3 მუხლით ნაკისრ ვალდებულებებს.
„პარლამენტთან, ძირითად სამინისტროებსა (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა) და ბიზნეს ომბუდსმენის აპარატთან თამბაქოს ინდუსტრიის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი გავლენა პოლიტიკის შემუშავებაზე.
2018 წლისთვის დაგეგმილი, სადა შეფუთვის კანონის ამოქმედება ინდუსტრიის აქტიური ლობირების შედეგად არაერთხელ გადაიდო და მხოლოდ 2025 წლის 1-ელი აპრილიდან გახდა შესაძლებელი.
2024 წლის მაისში აქციზის 50 პროცენტიანი გადასახადი შეამცირეს ნედლ თამბაქოზე, ჩილიმზე, სნუსსა და საღეჭ თამბაქოზე.
თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვის მიუხედავად, TI აქტიურად აფინანსებდა ღონისძიებებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) საფარქვეშ. Philip Morris International-მა (PMI) დააფინანსა მინიმუმ 10 სემინარი სამედიცინო პროფესიონალებისთვის, სადაც „თამბაქოს ზიანის შემცირების“ საბაბით გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების (HTP) და ელექტრონული სიგარეტების პოპულარიზაციას ეწეოდნენ.
2023-2025 წლებში მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ძირითადი მინისტრები, რეგულარულად ხვდებოდნენ TI-ის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა. ამ შეხვედრების დღის წესრიგი, ჩანაწერები და შედეგები საზოგადოებისთვის უცნობია, რაც ჯანმო-ს FCTC-ის 5.3 მუხლს არღვევს.
ქვეყანას აკლია რეგულაციები TI-დან პოლიტიკური შენატანების აკრძალვისა და გამჟღავნების მოთხოვნის შესახებ. არ არსებობს მექანიზმები ოფიციალურ პირებსა და TI-ს შორის ინტერესთა კონფლიქტების მონიტორინგისა და პრევენციისთვის, რაც ქმნის პოლიტიკის შემუშავებაზე არასათანადო გავლენის რისკს.
ინდექსის ავტორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ განახორციელოს ზომები ჯანმო-ს FCTC-ის 5.3 მუხლის შესასრულებლად:
ინდექსის მიერ დაფიქსირებული მაღალი ქულა გადაუდებელი ზომების აუცილებლობას ქმნის. საქართველოს მთავრობამ უნდა გააძლიეროს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა და დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკა თამბაქოს ინდუსტრიის მავნე ჩარევისგან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.