საკონსტიტუციო სასამართლო 23 ოქტომბერს „გიორგი კიკაბიძე, გენადი ქვაჩახია, ნათია ამირანაშვილი, რუსუდან დუმბაძე, თათია წოწონავა, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ და სხვები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სარჩელებს განიხილავს

2025 წლის 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „გიორგი კიკაბიძე, გენადი ქვაჩახია, ნათია ამირანაშვილი, რუსუდან დუმბაძე, თათია წოწონავა, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ და სხვები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1786 და №1841).

საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციები, ერთი მხრივ, აწესებს აკრედიტებული ჟურნალისტის ვალდებულებას, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ვალდებულების დარღვევისას, ითვალისწინებს აკრედიტებული საპარლამენტო/სპეციალური აკრედიტაციის ჟურნალისტისათვის აკრედიტაციის შეჩერების/აკრედიტაციის გაცემის შეზღუდვის შესაძლებლობას 1 თვის ვადით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი − 6 თვის ვადით.

ამავე დროს, სადავო ნორმა, საქართველოს პარლამენტში გასამართი ღონისძიების სპეციფიკურობიდან ან უსაფრთხოების რეჟიმიდან გამომდინარე, უშვებს აკრედიტებულ ჟურნალისტთა საქართველოს პარლამენტის სასახლეში დაშვების, გადაადგილების ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგების შეზღუდვას.

„მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, გასაჩივრებული რეგულაციები არ ემსახურება კონსტიტუციურად დასაშვებ ლეგიტიმურ მიზანს და ზღუდავს ჟურნალისტთა უფლებას, დასვან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები, ისევე, როგორც საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია არჩეული წარმომადგენლების პოზიციების თაობაზე. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ აკრედიტაციის შეჩერების/გაცემაზე უარის თქმის შიშით იქმნება „მსუსხავი ეფექტი“ გამოხატვის თავისუფლებაზე, რაც აზიანებს მედიის კრიტიკულ ფუნქციას დემოკრატიულ საზოგადოებაში. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარეს პრობლემურად მიაჩნია ტექნიკური პერსონალისთვის აკრედიტაციის შეზღუდვა სადავო ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროცედურული გარანტიების არარსებობა.

მოსარჩელეების პოზიციით, აკრედიტებულ ჟურნალისტთა საქართველოს პარლამენტის სასახლეში დაშვების, გადაადგილების ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგების შეზღუდვის მომწესრიგებელ სადავო ნორმა არის ზოგადი ხასიათის და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას, შეზღუდოს ჟურნალისტთა საქმიანობა საქართველოს პარლამენტში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას და მე-2 და მე-5 პუნქტებს

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: (ა) №1786 კონსტიტუციურ სარჩელზე: „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით; (ბ) №1841 კონსტიტუციურ სარჩელზე: „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება