ქართულმა საზოგადოებამ ნახა ის, რაც აქამდე მას არ უნახავს - თავისი მაღალჩინოსნების სახლში მილიონობით დოლარი, რომელიც არის ყოველდღიური მოხმარების. ეს სურათი არის ყველაზე უფრო მეტყველი და მე ვფიქრობ, რომ ამ სურათის ხილვის შემდეგ საერთოდ აღარ არსებობს პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება”. არსებობს ქურდების, თაღლითებისა და კორუფციონერების პარტია, რომლის პრაქტიკულად ყველა პრემიერ-მინისტრი ჩართული იყო კორუფციაში, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რაც საზოგადოებამ ამ დღეებში იხილა, აისბერგის მხოლოდ წვერია, რადგან “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის მთავარი მოტივი ქურდობაა.
“თუ გახსოვთ, ივანიშვილმა მოსვლის დროს თქვა, რომ ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, არ იყოს კორუფცია და ყურადღებას ამას მივაქცევო. მთელი ვერტიკალი და, პრაქტიკულად, ყველა პრემიერ-მინისტრი დაკავშირებული არის ან ღალატთან, როგორც გახარია, ან პირდაპირ ქურდობასთან. თვითონ “ქართული ოცნება” გვეუბნება, რომ მას ჰყავდა ერთი პრეზიდენტი მოღალატე, მეორე პრეზიდენტი მოღალატე, ერთი პრემიერი ქურდი, მეორე პრემიერი ქურდი.
ეს არის ქურდბაცაცების პარტია, სადაც პრემიერებს და მინისტრებს სახლში აქვთ მილიონობით დოლარი. სახლში რომ ინახავ მილიონობით დოლარს, ეს ნიშნავს იმას, რომ ათი და ოცი იმდენი გაქვს სხვა სახლში, სხვა ბიზნესში, ნაყიდი გაქვს უძრავი ქონება, ბინები საზღვარგარეთ, მანქანები, ვილები…
ეს არის აისბერგის წვერი. ამათი ხელისუფლებაში ყოფნის მთავარი მოტივი არის ქურდობა და ამიტომ არის, რომ “ქართული ოცნება” არასდროს არ ყოფილა ქართველი ადამიანისთვის, როდესაც ბავშვები იღუპებიან, მოხუცებს არ აქვთ სხვადასხვა სერვისი.
მე მგონია, რომ არავითარი მორალური საყრდენი აღარ დარჩა დღეს “ქართულ ოცნებას” იმისათვის, რომ წარმოადგენდეს ქართველ ხალხს და ამით არის გამოწვეული ის აღვირახსნილი სიშლეგე, როგორც უსწორდებიან ისინი ჟურნალისტებს, პოეტებს, მწერლებს და ა.შ.” , - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიორგი გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლის საკითხზეც ისაუბრა და მათ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მორალის კოლაფსი უწოდა.
წიკლაურმა “ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრებს მიმართა და მოუწოდა, რომ არ შევიდნენ საკრებულოებში და დაიტოვონ ქართველ ხალხთან მისასვლელი გზა.
“პოლიტიკური მორალის კოლაფსი - ასე შევაფასებდი ამ ადამიანების გადაწყვეტილებას. თქვენ ნახეთ მათი წარმომადგენლების აუხსნელი, სამარცხვინო კომენტარები, ვითომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და მხოლოდ მათი მანდატებია ლეგიტიმური. ნამდვილი პოლიტიკური ბოდვა.
მე მინდა, ამ კონტექსტში “ლელოს” კიდევ ერთხელ მივმართო, მას შემდეგ, რაც მათმა პოლიტიკურმა პარტიამაც დაკარგა 50%-ზე მეტი, ისინი უარყო საკუთარმა ამომრჩეველმა ამ ბოლო არჩევნებზე. არ გადადგან ნაბიჯი და არ შევიდნენ იმ საკრებულოებში, რომელიც ყალბის ქმნით არის შექმნილი ახლა, დაიტოვონ ქართველ ხალხთან მისასვლელი გზა, ასევე იმ ადამიანებთან (არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან) მისასვლელი გზა, რომელიც ასე იბრძვის ახლა საქართველოს ევროპული გზისა და თავისუფლებისათვის”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.