„პურობა“ - სუფრა, სადაც მთავარი ინგრედიენტი სიყვარულია

ყველაფერი ოჯახური სითბოთი დაიწყო — ბუხართან შეკრებილი სტუმრებით, ქართული კერძების სურნელითა და იმ განწყობით, რომელიც მხოლოდ შინაურულ სუფრასთან იბადება. ასე გაჩნდა „პურობა“ — ადგილი, სადაც თითოეული კერძი სიყვარულით მზადდება და ყოველი სტუმარი ოჯახის წევრად ითვლება.

დედა-შვილმა, თამრიკო ჯიშიაშვილმა და თეა კუხალაშვილმა, ბავშვობის გემოებს ახალი სიცოცხლე მისცეს, როლები გადაინაწილეს და იდეა ბიზნესად აქციეს. დღეს „პურობა“ უკვე ორ ფილიალს აერთიანებს ნატახტარსა და ლისზე. ორ განსხვავებულ მისამართზე ტრადიცია და თანამედროვეობა ერთ მაგიდასთან იკრიბება.

ჩანაფიქრიდან მის განხორციელებამდე და მომავლის გეგმები, - „პურობის“ ისტორიას დამფუძნებლები თავად გვიყვებიან.

როგორ გაჩნდა იდეა, დედა-შვილს ერთად გაგეხსნათ რესტორანი?

თამრიკო ჯიშიაშვილი: იდეა ძალიან ბუნებრივად გაჩნდა — ჩვენს სახლში მუდამ სტუმრები იყვნენ. ჩემი ოჯახი ყოველთვის მიჰყვებოდა ქართული ტრადიციების ხაზს — სუფრის, სტუმართმოყვარეობისა და ქართული კერძების კულტურას. ხშირად ვამზადებდით უჩვეულო და ავთენტურ კერძებს — კეცის მჭადებს ბუხარში, ჩანახი, კინჩხის ლობიო ქოთანში, ჩახოხბილი ბუხარში ცეცხლზე შემომდგარი…

სახლში სულ სურნელი ტრიალებდა და სტუმრებისთვის ჩვენთან ყოფნა ყოველთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო. ამ სიყვარულიდან და ოჯახური სითბოდან დაიბადა იდეა — რატომ არ უნდა გვეჩვენებინა ეს სუფრა სხვებისთვისაც?

რატომ „პურობა“ — რატომ შეარჩიეთ ეს სახელწოდება?

„პურობა“ ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ნადიმს, ქმედებას, პურის ჭამას, რომელიც ყოველთვის სიხარულთან და შეკრებასთან ასოცირდებოდა. ჩვენს რესტორანში გვინდოდა გადმოგვეტანა ის გარემო და ენერგია, რაც ძველ ქართულ ნადიმებს ახასიათებდა — გულწრფელი სტუმართმოყვარეობა, სუფრის სიხარული და ერთად ყოფნის სითბო.

რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი მთავარი მიმართულება ქართული სამზარეულო ყოფილიყო?

ეს თითქოს ბუნებრივად მოხდა — ეს ხომ ჩვენი კულტურის ნაწილია. რაც კარგად იცი და რაც გულით გიყვარს, ზუსტად ის უნდა გააკეთო. ქართული სამზარეულო ჩვენს სისხლშია და გვინდოდა, ის ავთენტური სახით, მაგრამ თანამედროვედ გადმოგვეცა.

როგორ ინაწილებთ როლებს ყოველდღიურ საქმიანობაში?

თეა კუხალაშვილი: თავიდან ყველაფერზე თამრიკო იყო პასუხისმგებელი, შემდეგ კი პროცესში მეც ჩავერთე. ჩემზე ოჯახში ხუმრობით ამბობენ, რომ „გენები საქმეს აკეთებსო“. ამჟამად ლისზე არსებული ფილიალის მთავარი მენეჯმენტი მე მეკისრება, ხოლო ნატახტარში — თამრიკოს.

თამრიკო ჯიშიაშვილი: რაც შეეხება ყოველდღიურობას, დღე დილის 6 საათზე იწყება და ხშირად გვიან ღამით სრულდება. უნდა ნახო ყველაფერი — პროდუქტები, მომარაგება, სამზარეულო, პერსონალი. განსაკუთრებულად ვარჩევთ და მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა ინგრედიენტი ქართული იყოს. ყველი კონკრეტული რეგიონებიდან მოგვაქვს, არ ვიყენებთ გაყინულ ხორცს. გვყავს სანდო მომწოდებლები და მუდმივად ვამოწმებთ ხარისხს.

დიახ, ეს თითქოს რუტინაა, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ სტუმარი კმაყოფილია, იღიმის და გეუბნება, რომ აუცილებლად დაბრუნდება, ეს ყველა შრომას ამართლებს და ჩვენი ყოველდღიური ჯილდოა.

როგორ შეადგინეთ მენიუ?

თეა კუხალაშვილი: ჩვენი კონცეფცია მარტივია — საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ხმა და გემო უნდა ჰქონდეს.

თამრიკო პირადად აკონტროლებს კერძების ხარისხს და მომზადების ტემპერატურას. ჩვენთან მენიუში არის ყველაფერი, რაც ქართულ ტრადიციულ სუფრაზე უნდა იყოს: მწვადი, ხინკალი, ხაჭაპური და სხვა, მაგრამ განსხვავება დეტალებშია — თითოეული კერძი განსაკუთრებული ყურადღებითა და სიყვარულით მზადდება, პორციებიც საკმაოდ დიდია. ჩვენ მხოლოდ ნატურალურ და ადგილობრივ პროდუქტებს ვიყენებთ. გვჯერა, რომ ტრადიცია უნდა დარჩეს ავთენტური, მაგრამ უნდა განვითარდეს ისე, რომ სტუმარმა „ძველი გემო“ ახალი აღმოჩენით განიცადოს. ხშირად გვეუბნებიან სტუმრები — „თქვენს კერძებს ბავშვობის გემო აქვს, ოღონდ უფრო დახვეწილი ფორმით.“

მუდმივად სიახლეების ძიებაში ვართ — ვცდილობთ, რომ ჩვენი სუფრა იყოს გემოს, ტრადიციის და სიახლეების იდეალური ბალანსი. ამჟამად ახალ მენიუზეც ვმუშაობთ და გვინდა, თითოეულმა სტუმარმა იგრძნოს, რომ მუდმივად განვითარების პროცესში ვართ.

გაქვთ რაიმე კერძი, რომელიც თქვენი ოჯახის ტრადიციიდან შემოვიდა მენიუში?

თამრიკო ჯიშიაშვილი: დედაჩემი საოცარ ხაჭაპურს აცხობდა. ჩვენ ხომ სოხუმიდან ვართ... ეს კიდევ ცალკე ტკივილია ჩვენი ოჯახისთვის.... სოხუმში ყველა იცნობდა „ლია დეიდას ხაჭაპურს“. ბავშვობიდან მახსოვს, როგორ ელოდნენ სტუმრები ამ გემოს. სწორედ ეს ხაჭაპური გახდა ჩვენი შთაგონება, როგორც ოჯახური გემოს გაგრძელება ჩვენს რესტორანში. დღეს კი ამ ტრადიციას ჩვენთან მაია დეიდა აგრძელებს. უნდა ნახოთ - როგორ ეფერება ხაჭაპურის ცომს და ყველს. სიყვარულს და პოზიტივს დებს თითოეულ კერძში.

როგორ განვითარდა „პურობა“?

თეა კუხალაშვილი: პირველი რესტორანი „პურობა“ ნატახტარში გაიხსნა და მალევე იქცა საყვარელ ადგილად კორპორატიული წვეულებებისთვის, ქორწილებისთვის, დაბადების დღეებისთვის. მისი მთავარი ხიბლი სიმწვანეა — ჩანჩქერის ხმაური, ბუნება და ცოცხალი მუსიკა, რომელიც სტუმრებს ქალაქის ხმაურს აშორებს. სცენაზე არაერთ ცნობილ ქართველ მუსიკოსსა და ბენდს უმასპინძლა.

პირველი ფილიალის წარმატების შემდეგ, 2024 წელს გაიხსნა „პურობა ლისზე“ — ქალაქის ზემოდან, ულამაზესი ხედებითა და მშვიდი ატმოსფეროთი. აქ მთავარი მიზანია — სტუმარმა თავი იგრძნოს როგორც სახლში, მაგრამ ელეგანტურ გარემოში.

გეგმავთ თუ არა მესამე ფილიალის გახსნას?

მუდმივი განვითარება ჩვენი ფილოსოფიის ნაწილია. გვინდა, რომ „პურობის“ გემო მთელ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც გაიზიარონ. ოცნება კი გვაქვს, რომ სოხუმშიც მალე გავხსნათ.

გვინდა, რომ „პურობა“ გემოს, ტრადიციისა და ქართული სტუმართმოყვარეობის სინონიმად იქცეს.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო