ნათია თურნავა - საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი რეგიონში როგორც ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის ჰაბმა და დამაკავშირებელმა ევროპასა და აზიას შორის

საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი რეგიონში როგორც ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის ჰაბმა და დამაკავშირებელმა ევროპასა და აზიას შორის და ახლა წინაპირობა გვაქვს, რომ მძლავრ ფინანსურ ჰაბად გარდავიქმნათ, რომელიც ასევე გააერთიანებს ციფრული დერეფნით ევროპასა და აზიას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თბილისის ფინანსურ ფორუმზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ახლა უერთდება ამ გლობალურ ქსელს, რომელშიც შედიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, გარდაიქმნან ფინანსურ ჰაბებად თავიანთ რეგიონებში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს პირველად თბილისი მასპინძლობს ფინტექ განვითარებას მიძღვნილ ფინანსურ სამიტს. ასევე, სასიხარულოა, რომ ამ სამიტის ორგანიზებაში ჩვენ გვეხმარება სინგაპურული დიდი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა სინგაპურის ცენტრალური ბანკის ინიციატივით და მერე გარდაიქმნა გლობალურ ქსელად და ჩვენ ახლა ვუერთდებით ამ გლობალურ ქსელს, რომელშიც შედიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, გარდაიქმნან ფინანსურ ჰაბებად თავიანთ რეგიონებში. ასევე, საინტერესო და ნიშანდობლივია იმ ინდუსტრიის ლიდერების შემადგენლობა და გეოგრაფია, ვინც გვესწრება, ძალიან დიდ ინტერესს ვხედავთ ჩვენ ცენტრალური აზიის, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ასევე სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მხრიდან და რასაკვირველია, ევროპული ქვეყნებიდან. თქვენ ხედავთ, რომ მონაწილეობენ სხვადასხვა ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ამ დისკუსიაში, ეს არის ზოგადად დისკუსია ცენტრალურ ბანკებს, რეგულატორებსა და ინდუსტრიას შორის და ასევე, ინდუსტრიის შიგნით თუ რა პოტენციალს და საინვესტიციო შესაძლებლობებს სთავაზობთ, პირველ რიგში, საქართველო და ზოგადად ჩვენი შუა დერეფანი დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ძალიან ლოგიკურია, რომ აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ტარდება ჩვენი სამიტი. საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი რეგიონში როგორც ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის ჰაბმა და დამაკავშირებელმა ევროპასა და აზიას შორის და ახლა წინაპირობა გვაქვს, რომ მძლავრ ფინანსურ ჰაბად გარდავიქმნათ, რომელიც ასევე გააერთიანებს ციფრული დერეფნით ევროპას და აზიას. ამაზე გვაქვს საუბარი დღეს, დღეს კიდევ გვექნება ინვესტორებთან მრგვალი მაგიდის ფარგლებში შეხვედრა, არის საკმაოდ დიდი კომპანიები წარმოდგენილი საგადახდო სფეროდან, ფინანსური ინდუსტრიის სფეროდან, სხვადასხვა ინოვაციური ფინანსური სერვისების განმავითარებელი თავიანთ ბაზრებზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემოვიყვანთ მათ საქართველოში და საბოლოოდ ეს წაადგება ჩვენს მომხმარებელს, რადგან საუბარია უკეთეს ფინანსურ მომსახურებაზე“, - განაცხადა თურნავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება