დავბრუნდებით 80-იან წლებში, როდესაც იყო იატაკქვეშეთი. შეიძლება „ქართული ოცნება“ უფრო წინ წავიდეს და აზრის გამოთქმაც აგვიკრძალოს. ასეთ შემთხვევაში მართლა მოგვიწევს იატაკქვეშეთში გადასვლა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსში“ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
კითხვაზე, რას აპირებენ პარტიების გაუქმების შემთხვევაში, ბობოხიძე პასუხობს, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების გაუქმების გზას აირჩევს, ქვეყანაში პოლიტიკური დევნის ახალ ეტაპს ჩაუყრის საფუძველს.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის მიზეზი ოპოზიცია კი არა, თავად ხელისუფლების მოქმედებებია.
„რაც უარესი მით უკეთესი, ასეთ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. ყველა პრობლემა, რაც „ქართულ ოცნებას“ დაატყდა თავს, სინამდვილეში ოპოზიციას არ შეუქმნია. პროტესტს ხელი შეუწყო ირაკლი კობახიძის განცხადებებმა. საწყისი და საფუძველი არის მათივე მოქმედება. მინდა ვთქვა, რომ ეს მოქმედებაც [პარტიების აკრძალვა] იქნება ერთ-ერთი დიდი მავნებლობა მათივე თავის მიმართ“, - განაცხადა მან.
ბობოხიძის თქმით, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში გეგმავენ სასამართლოში გავასაჩივრებას.
„ეს არის გრძელვადიანი პროცესი. ვაპირებთ გასაჩივრებას, მათ შორის, იმ სასამართლოებში, რომელიც არის საქართველოში. არ მჯერა, რომ ამ ქვეყანაში სამართლის მიღწევა შეიძლება, თუმცა შეიძლება დაუშვან გამონაკლისი და პოლიტიკური თამაშის ნაწილი იყოს. თუ არ გამოვიდა საქართველო, არსებობს ევროსასამართლოები. ვნახოთ რა იქნება, ბრძოლა გრძელდება“,- განაცხადა ბობოხიძემ.
მისი თქმით, მსგავს ვითარებაში ოპოზიციას დამატებითი ძალისხმევა არც სჭირდება, რადგან მმართველი გუნდის გადაწყვეტილებები თვითნებურად აჩენს დაძაბულობას.
ბობოხიძემ დაამატა, რომ მმართველი გუნდის შეცდომები საბოლოოდ ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობს.
„საბედნიეროდ, საკუთარ თავს უქმნიან პრობლემებს. ჩვენ ერთხელ შევუქმენით სერიოზული პრობლემა - პოლიტიკური კრიზისი ჩვენ შევქმენით და „ქართული ოცნება“ ვაიძულეთ ჩვენი შეთავაზებული წესებით ემოქმედა, ეს იყო 2020 წელი. ახლა კრიზისი კობახიძის გამოსვლამ გამოიწვია. 2020 წელს, ხალხის მღელვარება კი არ იყო პოლიტიკური კრიზისის საფუძველი, არამედ პარტიების გადაწყვეტილება. მათი სიგიჟეები გვეხმარება ჩვენ და ღმერთმა ხელი მოუმართოს, აკეთონ სიგიჟეები“,- განაცხადა ბობოხიძემ.