შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში

საქართველო შუა დერეფნის მარშრუტის ერთ-ერთ საკვანძო ქვეყანას წარმოადგენს და მისი რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბება მათ შორის სწორედ შუა დერეფნის შემდგომ განვითარებაზეა დამოკიდებული. ეს მარშრუტი იმით არის საინტერესო, რომ იგი ჩინეთს საშულებას აძლევს რუსეთის გვერდის ავლით გაიტანოს თავისი საქონელი ევროპის ბაზარზე (ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით). უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩინეთი ევროპასთან სავაჭროდ ძირითადად მაინც რუსეთზე გამავალ გზას (ე.წ. ჩრდილოეთის დერეფანს) იყენებდა გამომდინარე იმ უბრალო მიზეზიდან, რომ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთების გატარება გაცილებით უფრო მარტივია (მოითხოვს რა ნაკლებ პროცედურებს). სპეციალისტთა შეფასებით ჩინეთსა და ევროპას შორის სახმელეთო ვაჭრობის თითქმის 90% სწორედ ჩრდილოეთის დერეფანზე მოდიოდა. ვითარება რადიკალურად შეცვალა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, რადგან ამის საპასუხოდ ევროპამ მინიმუმზე დაიყვანა მოსკოვთან სავაჭრო კონტაქტები და შესაბამისად ჩრდილოეთის დერეფანი მეტწილად დაიბლოკა.

სწორედ ჩრდილოეთის დერეფნის შეფერხებამ მისცა ბიძგი შუა დერეფნის განვითარებას. 2022 წლიდან მოყოლებული ამ უკანასკნელზე ტვირთების მოძრაობა ერთი შეხედვით მნიშვნელოვნად გაიზარდა (2021 წელს მან 1.48 მლნ ტონა გაატარა, 2023 წელს კი უკვე 2.7 მილიონი)[i]. მაგრამ სინამდვილეში ეს ზრდა ნამდვილად არ არის საკმარისი, რომ შუა დერეფანმა ჩრდილოეთის დერეფანი სრულფასოვნად ჩაანაცვლოს. ამ უკანასკნელმა 2021 წელს 22 მილიონი ტონა გაატარა[ii]. შუა დერეფნის გამტარობა, როგორც უკვე ვნახეთ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 1.22 მილიონით გაიზარდა, რაც 22 მილიონის სულ რაღაც 5%-ს შეადგენს. დანარჩენი ტვირთბრუნვა (ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით) ძირითადად საზღვაო მარშრუტებზე გადანაწილდა.

ასეთი გადანაწილება გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან შუა დერეფანს ჯერ კიდევ უამრავი სისუსტე აქვს დაწყებული არც ისე განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით და დამთავრებული რთული საბაჟო პროცედურებით (გამომდინარე იქიდან, რომ ტვირთებს რამდენიმე ქვეყნის გავლა უწევთ). საზღვაო მარშრუტებზე კი ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე მოდიოდა ჩინურ-ევროპული ტვირთბრუნვის ნახევარზე მეტი და ამ მიმართულების დამატებით დატვირთვა საკმაოდ მარტივად მოხდა.

გამომდინარე მისი დანიშნულებიდან და ფუნქციიდან შუა დერეფნის განვითარებით უპირველესად ჩინეთი და ევროპა უნდა იყვნენ დაინტერესებულნი. თუმცა, მის განვითარებაში ინვესტიციებს ძირითადად ჩინეთი თუ დებს (“ერთი სარტყელი ერთი გზის” ინიციატივის ფარგლებში). ასევე სწორედ ჩინეთი გამოხატავს ყველაზე მეტ მზაობას ჩაერთოს ანაკლიის პორტის მშენებლობაში.

ანაკლიის პორტის ამუშავება ცხადია რომ მნიშვნელოვნად გაზრდის შუა დერეფნის გამტარუნარიანობას და კონკრეტულად დიდ მოგებას მოუტანს საქართველოს. ამ უკანასკნელს დამატებითი პორტის წყალობით საშუალება ექნება მეტი ტვირთი გადაზიდოს შავი ზღვიდან ევროპაში და ამ მხრივ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს თურქეთს (შუა დერეფნიდან ტვირთები ან პირდაპირ საქართველოს პორტებიდან მიდის ან თურქეთიდან).

სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, კონკრეტულად კი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობათა ნორმალიზება, უდაოდ იქონიებს გავლენას შუა დერეფანზე. მათ შორის გავლენას იქონიებს საქართველოს ფუნქციაზე. ზანგეზურის (სომხურად სიუნიკის) გზის ამოქმედება აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს პირდაპირ გავიდეს თურქეთზე (საქართველოს გვერდის ავლით). ასევე გარკვეულწილად ამცირებს საქართველოს ფუნქციას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახმელეთო მიმოსვლის აღდგენაც.

თუმცა, ამავე დროს, ამ ორ ახალ კორიდორთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა არსებობს. სომხეთში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არც ისე კარგად არის განვითარებული და მასზე ტვირთების მნიშვნელოვანი გადამისამართება ნაკლებად სავარაუდოა. რაც შეეხება ზანგეზურის (სიუნიკის) გზას, მისი ამოქმედების კონკრეტული თარიღი მიახლოებითაც კი უცნობია, რადგან ეს საკითხი არა უბრალოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა. კორიდორის გახსნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ირანი და რუსეთი და ამ ფაქტორს ცხადია რომ კარგად აცნობიერებენ ერევანში. ამ ეტაპზე რახან კორიდორის უკან ამერიკის მთავრობა დგას, იგი ადრე თუ გვიან წესით უნდა ამუშავდეს. თუმცა, ისევ და ისევ, გაურკვეველია ეს როდის მოხდება. წესით, კორიდორს გახსნის მეტი შანსი აქვს მანამდე სანამ უკრაინაში ომი გრძელდება (და რუსეთს სომხეთზე ზეწოლის განსახორციელებლად ნაკლებად სცალია). ამ დროის განმავლობაში კი საკმაოდ ბევრი იქნება გასარკვევი როგორც ერევანსა და ბაქოს, ასევე ამერიკის მხრიდან კორიდორის შემდგომი მხარდაჭერის თაობაზე.

თუკი დავუშვებთ, რომ ზანგეზურის (სიუნიკის) გზა უახლოეს მომავალში მაინც ამუშავდება, უკვე დღის წესრიგში სხვა საკითხები დგება. კონკრეტულად კი როდის და რა დონეზე მოხდება ზანგეზურის (სიუნიკის) გზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. ესეც ცხადია დამატებით დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ყველაფერ აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანისა და სომხეთის შერიგება შუა დერეფნის კონფიგურაციაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში ამას არ უნდა ველოდოთ. ზანგეზურის (სიუნიკის) გზაც, სრულიად დატვირთვის შემთხვევაში, თავისი პოტენციალიდან გამომდინარე დამატებით მარშრუტად უფრო იქცევა და წესით შუა დერეფნის ფარგლებში უკვე მოქმედ მარშრუტებს ბოლომდე ვერ ჩაანაცვლებს.

რადგანაც ზანგეზურის (სიუნიკის) გზის ამუშავება დროს მოითხოვს, უნდა ვივარაუდოთ რომ საქართველოს კვლავაც აქვს სულ მცირე რამდენიმე წელი რათა კიდევ უფრო მეტად განავითაროს თავისი ინფრასტრუქტურა და შესაბამისად გახდეს უფრო კონკრენტუნარიანი მოთამაშე. ამ კონტექსტში, ისევ და ისევ, ანაკლიის პორტს განსაკუთრებული დატვირთვა ექნება.

ისევე როგორც ზანგეზურის (სიუნიკის) გზის შემთხვევაში, მთავარი პრობლემა რაც ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გეოპოლიტიკური ხასიათის უფროა ვიდრე ეკონომიკურის. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ანაკლიაში ინვესტირების მზადყოფნას ყველაზე მეტად ჩინეთი გამოხატავს. იმ ვითარებაში როცა ამერიკა სულ უფრო ღიად განიხილავს პეკინს თავის მთავარ მეტოქედ, საქართველოს ანაკლიის პორტის საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილე მართებს. მითუმეტეს, რომ ოფიციალური თბილისი ახლა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს.

ყველაზე მარტივი გამოსავალი საქართველოსთვის ანაკლიაში პროექტში დასავლური კომპანიების ჩართვა იქნებოდა. მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ ევროპას შუა დერეფნისათვის ნაკლებად სცალია. ის ამ მარშრუტის განვითარებაში ისედაც არ დებდა დიდ ინვესტიციებს (განსხვავებით ჩინეთისგან). უკრაინაში ომის ფონზე კი ევროპა სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის და მითუმეტეს რთულად გამოძებნის რესურსებს დიდი პორტის მშენებლობისათვის. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თბილისსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბულია და ასეთ პირობებში ოფიციალური ბრიუსელი ნაკლებად წაახალისებს და დაუჭერს მხარს ანაკლიის პროექტში ევროპული კომპანიების ჩართულობას.

შედეგად რჩება ამერიკული ვარიანტი. მაგრამ აქ ის პრობლემა იჩენს თავს, რომ ჩინეთთან გამძაფრებული მეტოქეობის ფონზე ვაშინგტონი შუა დერეფანს ერთგვარად სწორედ პეკინის გავლენის ინსტრუმენტად განიხილავს. ამერიკული მხარის მოზიდვას ანაკლიის პროექტში ქართული მხარე მაშინ თუ შეძლებს, თუკი იგი ვაშინგტონს დაარწმუნებს, რომ ანაკლიის განხორციელება საქართველოს გააძლიერებს და რომ ეს შესაბამისად ამერიკისაც აწყობს (სამხრეთ კავკასიაში ამერიკას საქართველოზე ახლო პარტნიორი არ ჰყავს). გარდა ამისა, ანაკლიის პროექტის განხორციელების გზით ამერიკას პორტის მართვაზე გავლენა და, შესაბამისად, შუა დერეფანზეც გარკვეული გავლენა ექნება.

მაგრამ ანაკლიაზე მსჯელობისას არ უნდა გამოგვრჩეს კიდევ ერთი დაბრკოლება. საუბარია მის სიახლოვეზე ოკუპირებულ აფხაზეთთან, სადაც რუსული სამხედრო ბაზები მდებარეობს. ეს ის ფაქტორია, რომელსაც როგორც ევროპული ასევე ამერიკული მხარე ითვალისწინებს. ყველაზე ნაკლებად რუსულ სამხედრო ბაზებთან სიახლოვე ჩინეთს აწუხებს (რუსეთის უფროს პარტნიორს). ესეც დამატებითი მიზეზია, რომელიც ხსნის ჩინეთის მზადყოფნას ჩაერთოს ანაკლიის პროექტის განხორციელებაში.

არსებობს კიდევ ერთი თეორიული (მაგრამ არც ისე რეალისტური) ვარიანტი რომელიც გააიოლებდა ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეს არის საქართველოს ერთგვარი სამხრეთ კავკასიური შვეიცარიის ვარიანტად ქცევა რომელიც გეოპოლიტიკური დაპირისპირებებისგან განზე იდგება და იქცევა ყველასთვის მისაღებ ეკონომიკურ პარტნიორად და სატრანსპორტო ჰაბად. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ვარიანტი ნაკლებად რეალისტურია. შვეიცარიის ფენომენი თავის დროზე დიდ ევროპელ მოთამაშეთა შორის გარიგებისა და შეთანხმების გზით მოხდა. ახლა უკრაინული ომის ფონზე დიდ გლობალურ მოთამაშეთა შორის ურთიერთობები დაძაბულია და მათ შორის ასეთი გარიგება პრაქტიკულად გამორიცხულია, მითუმეტეს ისეთ რთულ რეგიონში როგორსაც სამხრეთ კავკასია წარმოადგენს. ცხადია, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოსთვის ყველა მსგავსი პროექტის შეთავაზება მხოლოდ და მხოლოდ ტერორისტული მთლიანობის აღდგენის პარალელურად უნდა მოხდეს. ამაზე კი პირველ რიგში რუსეთი (ერთ-ერთი გლობალური მოთამაშე) არ არის წამსვლელი.

შუა დერეფანი გლობალური მოვლენების ფონზე

ახლა კი დროა უფრო დიდი მასშტაბის კონტექსტზე გადავიდეთ. ანაკლიის, უფრო სწორად კი მთლიანად შუა დერეფნის კვლავაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე განაახლებს თუ არა (ან როდის განაახლებს) მუშაობას ჩრდილოეთის დერეფანი. შუა დერეფანი ასევე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე თუ როგორ მსოფლიო წესრიგს მივიღებთ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ.

როგორც უკვე ვთქვით, შუა დერეფნის მნიშვნელობის ზრდა უპირველესად ჩრდილოეთის დერეფნის დაბლოკვამ განაპირობა. შესაბამისად, თუკი უკრაინაში ომი სწრაფად დასრულდა და ამის შემდეგ რუსეთს მასზე დადებული დასავლური სანქციები მალე მოეხსნა, ჩრდილოეთის დერეფანი ხელახლა ამუშავდება. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ჩრდილოეთის დერეფნიდან შუა დერეფანზე გადმომისამართებული ტვირთები ნაწილობრივ მაინც ძველ მარშრუტს დაუბრუნდება. მოვლენათა ასეთ განვითარებაში შუა დერეფნის შემდგომი განვითარების განვითარების მიმართ ინტერესი გაქრება და რთული სათქმელია ეს ინტერესი როდის დაბრუნდება.

ცხადია, არსებობს ვარიანტი რომ ომის სწრაფად დასრულების შემთხვევაშიც რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები არ გაუმჯობესდეს და ამის შედეგად ჩრდილოეთის დერეფანი ძველი დატვირთვით არ ამუშავდეს. აქ უკვე შუა დერეფანს განვითარების შანსი ეძლევა.

მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ შუა დერეფნის საკითხი მხოლოდ რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობებზე არ არის დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ომის შემდეგ რუსეთი რამდენად გაძლიერებული ან დასუსტებული იქნება. მისი გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში სულ ცოტა დღევანდელი პოზიციების შენარჩუნებას ნიშნავს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან კი ყველაზე მოწყვლადი საქართველოა გამომდინარე იმ უბრალო ფაქტიდან რომ თბილისთან ახლოს რუსული სამხედრო ბაზა მდებარეობს. უკრაინაში ომის გამო რუსეთს ახლა სამხრეთ კავკასიისათვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ ის აუცილებლად შეეცდება რეგიონზე განახორციელოს ზეწოლა და, მათ შორის, შუა დერეფნის განვითარებაც შეაფერხოს. უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩინეთის სახმელეთო ვაჭრობა ევროპასთან რუსეთის ტერიტორიის გავლით მიდიოდა და აქედან გამომდინარე მოსკოვი შუა დერეფანს დიდ საფრთხედ აშკარად არ მიიჩნევდა. ვერსია, რომ რამდენიმე წლის წინ ანაკლიის პორტის მშენებლობა რუსეთის ზეწოლით შეფერხდა ჯერჯერობით მხოლოდ ვერსიად რჩება და არაფრით არ დასტურდება. მაგრამ ახლა უკვე განსხვავებულ ვითარებასთან გვაქვს საქმე: ჩრდილოეთის დერეფანი თითქმის დაბლოკილია, რუსეთს მისი ამუშავება სჭირდება და ამიტომაც კონკურენტი მარშრუტების განვითარება და გაძლიერება არანაირად არ აწყობს.

ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური კონტექსტიც. თუკი ომის დასრულების შემდეგ მივიღებთ ბიპოლარულ სისტემას რომელშიც ჩინეთ-რუსეთის ბლოკი დასავლურ ბლოკს დაუპირისპირდება, ეს შუა დერეფანს კარგს არაფერს უქადის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბიპოლარულ სისტემაში ვაჭრობის განვითარებაზე უფრო მეტად ყურადღება შეირაღებული ძალების გაძლიერებას მიექცევა. მეორეც, ბიპოლარულ სისტემაში სახელმწიფოებს (მითუმეტეს პატარა სახელმწიფოებს) ნაკლებად რჩებათ მანევრირების საშუალება და ხშირად მათი სურვილის საწინააღმდეგოდ უწევთ ამა თუ იმ ბლოკთან მიმხრობა. შუა დერეფნის ქვეყნებიდან ასეთი საფრთხე ნაკლებად ემუქრება ყახახეთს (ეს ქვეყანა ისედაც ჩინეთის პარტნიორია), მით უფრო ნაკლებად ემუქრება აზერბაიჯანს (მის უკან ძლიერი რეგუონული სახელმწიფო დგას თურქეთის სახით). სამაგიეროდ, მოწყვლად მდგომარეობაშია საქართველო, რომელსაც არავისგან არანაირი უსაფრთხოებისა და დაცვის გარანტიები არ გააჩნია და რომლის ტერიტორიაზეც მასზე გაცილებით ძლიერი და მტრულად განწყობილი ქვეყნის (რუსეთის) ჯარი დგას.

ასეთ სცენარში ყველაზე რეალისტურია რუსეთმა სწორედ საქართველოზე განახორციელოს სერიოზული ზეწოლა და, სხვა ყველაფერთან ერთად, შუა დერეფნის განვითარებაც ჩაშალოს. ასეთი ზეწოლის განეიტრალება მხოლოდ ამერიკის დახმარებით იქნება შესაძლებელი, მაგალითად საქართველოში ამერიკელი სამხედროების განთავსების გზით. მაგრამ აშკარაა რომ ეს ვარიანტი ჯერჯერობით არარეალისტურია. არსებობს შანსი რუსეთმა გარკვეული ანგარიში გაუწიოს ჩინეთს, რომელსაც შუა დერეფანი და კონკრეტულად საქართველო სჭირდება. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ბიპოლარულ სამყაროში მეტი აქცენტი შეიარაღებაზე და არა სავაჭრო ხაზების განვითარებაზე კეთდება და შესაბამისად, შუა დერეფანმაც შეიძლება ძველი აქტუალურობა დაკარგოს.

შუა დერეფანს მეტი შანსი ექნება იმ შემთხვევაში თუკი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ მულტიპოლარულ სისტემას მივიღებთ (რომელშიც მთავარი მოთამაშეები იქნებიან ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი და ალბათ ინდოეთი). ეს შეამცირებს გლობალურ დაძაბულობას და ასეცე მეტ თავისუფლებასა და მანევრირების საშუალებას მისცემს პატარა სახელმწიფოებს (მათ შორის საქართველოს). მულტიპოლარული სისტემა ნიშნავს იმასაც, რომ რუსეთი არ იქცევა დასავლეთთან დაპირისპირებული ჩინეთის უმცროს პარტნიორად და შეინარჩუნებს მეტ-ნაკლებად ნორმალურ ურთიერთობებს ამერიკასთან. ასეთი შედეგი თავად ვაშინგტონსაც აწყობს და სწორედ ეს ხსნის ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობას სწრაფად დაასრულოს ომი უკრაინაში, რის შემდეგაც ამერიკა უფრო აქტიურად გადაერთვება ჩინეთის შეკავებაზე და პარალელურად შეეცდება რუსეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო დაათბოს (რათა ეს უკანასკნელი ჩინეთს ჩამოაშოროს).

თუკი ამის პარალელურად ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდა, მაშინ შუა დერეფანს კარგი პერსპექტივები აქვს. არც ის არის გამორიცხული, რომ საქართველომ მოახერხოს ანაკლიის პროექტში ამერიკის ჩართვა გამომდინარე იქიდან რომ მოსკოვთან ურთიერთობების დალაგება ოკუპირებულ აფხაზეთთან სიახლოვიდან გამომდინარე საფრთხეებს გაანელებს.

არსებობს გლობალური სისტემის გადალაგების კიდევ ერთი (თუმცა, ნაკლებად რეალისტური) ვარიანტი რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ე.წ. სტრატეგიულ ავტონომიას მოიპოვებს და ვაშინგტონისგან შედარებით დამოუკიდებელ პოლიტიკას გაატარებს. ასეთ შემთხვევაში ევროპა დიდ რესურსებს ჩადებს საკუთარ თავდაცვისუნარიანობაში და პარალელურად ასევე შესაძლოა ხელი შეუწყოს შუა დერეფნის განვითარებას (სულ ცოტა იმით, რომ წაახალისოს ამ საქმეში ჩინეთის მონაწილეობა), რათა ამგვარად სავაჭრო გზების დივერსიფიკაცია მოახდინოს და ამგვარად თავისი პოზიციები გაიმყაროს.

გლობალური მოვლენების ყველაზე სასურველი სცენარით განვითარების მიუხედავად უნდა გვახსოვდეს, რომ ადრე თუ გვიან ჩრდილოეთის დერეფანი ყველა შემთხვევაში ამუშავდება. დაუსრულებელი არაფერია (მათ შორის არცერთი ომი) და ასეთი მასშტაბის მარშრუტი მუდმივად გაჩერებული ვერ იქნება. შესაბამისად, შუა დერეფნის ქვეყნებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ის დრო რომელიც აქვთ ჩრდილოეთის დერეფნის ამუშავებამდე. უნდა გაიზარდოს შუა დერეფნის გამტარუნარიანობა და ამავე დროს უნდა გაუმჯობესდეს თანამშრომლობა შუა დერეფნის ქვეყნებს შორის და გამარტივდეს ბიუროკრატიული პროცედურები, რომლებიც საზღვრების კვეთისას ტვირთბრუნვას უშლის. თუკი ეს არ მოხდა მაშინ ჩრდილოეთის დერეფნის ამუშავდების შემდეგ შუა დერეფანი თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება და აქტუალურობას დაკარგავს.

თორნიკე შარაშენიძე

შუა დერეფანი და საქართველო

[ii] https://www.cacianalyst.org/publications/analytical-articles/item/13864-the-middle-corridor-remains-supplementary-to-major-trade-routes-between-the-eu-and-china.html

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის