ვისი სასამართლოთი აპირებთ „ნაცების“ აკრძალვას, გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძის? ვის გადაუგზავნეთ აკრძალვის სარჩელი, „ნაცების“ მოსამართლე ჩინჩალაძეს? - „ნაცებთან“ ხართ მოჩვენებით ბრძოლაში და ხალხი მიტოვებული გყავთ. ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ ეს სიყალბე უპასუხო არ უნდა დარჩეს. სიმართლე, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის პარლამენტში უნდა ისმოდეს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ფსიქოლოგიურ შანტაჟს ახორციელებს საქართველოს მოქალაქეებზე და კვებავს „ნაციონალურ მოძრაობას“, რათა შემდეგ ამომრჩეველი ამით დააშინოს“.
„დღეს 28 ოქტომბერია. სიმართლე, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის პარლამენტში უნდა ისმოდეს. ოქტომბერში 13 წელი შესრულდა თარიღიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ 13 წლის განმავლობაში, ერთ-ერთი დაპირება მრავალთაგან, რომელიც არც შესრულდა და არც შეიცვალა, „ნაცების დასრულებაა“. ხელისუფლებაში ყოფნის მე-13 წელს, ქვეყანაში არსებულ ყველა სოციალურ პრობლემაზე „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას ისევ „ნაცებზე“ საუბრით ირიდებს.
„ქართული ოცნება“ ფსიქოლოგიურ შანტაჟს ახორციელებს საქართველოს მოქალაქეებზე, თავად აძლიერებს და კვებავს „ნაციონალურ მოძრაობას“, რათა შემდეგ ამით დააშინოს ამომრჩეველი.
თავად „ოცნება“ დაეხმარა „ნაცებს“ ფეიკ-რევოლუციის ორგანიზებაში, არჩევნებამდე თვეებით ადრე უთმობდნენ ეთერებს მათივე პროპაგანდისტულ „რუსთავი 2“-ზე, უძღვნიდნენ სიუჟეტებს მათივე პროპაგანდისტულ „იმედზე“ და აშინებდნენ მათივე ამომრჩეველს, უკვე ანეკდოტად ქცეული ფრაზით - „ნაცები ბრუნდებიან“, „ნაცების“ ანეკდოტური პერსონაჟების ჩართულობით.
ორბელიანების სასახლესთან დაპირისპირებამდე თვეებით ადრე აქციის ორგანიზატორი „ნაცები“ საუბრობდნენ იმაზე, რომ ხელისუფლების დამხობას, რევოლუციას, „4-ში დაწყებას და 4-ში დასრულებას“ აპირებდნენ, მაგრამ არც ერთი მათგანი გამოკითხვაზეც კი არ დაგიბარებიათ.
თქვენივე პროპაგანდისტულმა „იმედმა“ გაავრცელა ახალია-ბურჭულაძის ჩანაწერი, სადაც უმძიმეს დანაშაულებზეა საუბარი. თუ ეს ჩანაწერი ნამდვილია, რატომ არ არის აქამდე დაკავებული ბაჩო ახალაია? თუ არ არის ნამდვილი რატომ არ აგებს პასუხს „იმედის“ ტელევიზია ტყუილის გავრცელების გამო?!
ამავე წელს შექმენით „ნაცების“ „გასასამართლებელი კომისია“, რომელზეც 2-ჯერ დაიბარეთ გიორგი გახარია და არც ერთხელ მერაბიშვილი, სააკაშვილი და რეჟიმის სხვა შემქმნელები. რატომ არ შექმენით ეს კომისია 2014 წელს? ან 2021 წელს? ამავე კომისიაზე დაყრდნობით ჩორჩანაზე გამოძიება დაიწყეთ, „ნაცურ“ საქმეებზე დაიწყეთ თუ არა, დღემდე არ ვიცით.
ერთი წლის წინ, თქვენ მიერ ნაქებ პრემიერს, რომელსაც მართლმადიდებლობისთვისაც უხდიდით მადლობას, თითქმის მთელი ოფიციალური ქონება ჩამოართვით, მაგრამ კეზერაშვილის „ქოლცენტრებით“ ნაშოვნ ფულს არ შეხებიხართ. ამაზე გამოძიებაც კი არ დაგიწყიათ, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად.
ახლა აპირებთ „ნაცების“ აკრძალვას. კოლექტიურ „ნაცებად“ მოიხსენიებთ მათაც, ვინც „ნაცებისგან“ იდევნებოდა, თუმცა თქვენს რიგებში არიან ადამიანები, ვინც 2016 წელსაც „ნაცების“ შემომწირველი იყო ან მათი მაჟორიტარობის კანდიდატი.
ვისი სასამართლოთი აპირებთ „ნაცების“ აკრძალვას, გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძის? ვის გადაუგზავნეთ აკრძალვის სარჩელი, „ნაცების“ მოსამართლე ჩინჩალაძეს?
ესაა თქვენი 13-წლიანი „ნაცებთან ბრძოლის“ ანატომია. თქვენ „ნაცებს“ კი არ ასრულებთ, „ნაცებით“ აპირებთ ძალაუფლების გახანგრძლივებას, იქამდე სანამ მათი მტრის ხატი იმუშავებს.
არ გაქვთ უფლება მმართველობის მე-13 წელს ადამიანები აცხოვროთ გაჭირვებაში, უსამართლობაში და ძალადობაში. ქართველმა ხალხმა „ნაცებს“ ერთხელ უკვე უთხრა მკაფიო არა და უკეთესი მომავლის იმედით შეცვალა ხელისუფლება. ამ ადამიანების დიდი ნაწილი კი ახლა სრულ იმედგაცრუებაშია, რადგან ცალსახაა, რომ ერთი ძალადობრივი რეჟიმი ჩანაცვლდა მეორით. 2012 წელს რომ დაგემთავრებინათ „ნაცები“, ამის ნაცვლად „ნაცებთან“ ხართ მოჩვენებით ბრძოლაში და ხალხი მიტოვებული გყავთ. ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ ეს სიყალბე უპასუხო არ უნდა დარჩეს. აქ ვართ იმიტომ, რომ ყველა ტყუილში გამხილოთ! სიმართლე რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის პარლამენტში უნდა ისმოდეს“,- განაცხადა ვიკა ფილფანმა.