შალვა კერესელიძე ინფრასტრუქტურის მინისტრს - თქვენი მინისტრობის პერიოდში ბევრი ჩავარდნილი პროექტი გაცოცხლდა, ზოგი დასრულდა, ზოგან სამუშაოები განახლდა, ამას მივესალმები, მაგრამ კორუფცია თუ არ მოსპეთ და დაადუღეთ, არაფერი გამოვა

თქვენი მინისტრობის პერიოდში ბევრი ჩავარდნილი პროექტი გაცოცხლდა, ზოგი დასრულდა, ზოგი დასრულების პროცესშია, ზოგან სამუშაოები განახლდა - თქვენი სამინისტროს ღირსეულ და პროფესიონალ საჯარო მოხელეებთან ერთად, კორუფცია თუ არ მოსპეთ და დაადუღეთ, არაფერი გამოვა, - ასე მიმართა ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შალვა კერესელიძემ ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძეს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბევრი ღირსეული, პროფესიონალი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საჯარო მოხელე მუშაობს.

„ოთხი წელიწადი ვემსახურე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და კიდევ 5-წელი სამსახურებრივად საქმიანი ურთიერთობები მქონდა თქვენდამი დაქვემდებარებულ უწყებასთან. პირდაპირ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემთვის ისევე როგორც ყველა რეგიონისთვის, ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან უწყებად ვთვლიდი და დღესაც ასე ვთვლი ამ სამინისტროს.

მე ძალიან კარგად ვიცი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს როლი და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ საკმაოდ ბევრი ღირსეული, პროფესიონალი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საჯარო მოხელეები მუშაობენ ამ უწყებაში. თუმცა, ასეთი რამ, რაც ბოლო 2-3-4 წელიწადში ამ სისტემაში ხდებოდა, მანამდე გაფიქრებაც კი წარმოუდგენელი იყო - მაგალითად, ქალბატონი მაია ცქიტიშვილის მინისტრობის დროს. ბუნებრივია, ისმის ლოგიკური კითხვა, რა მოხდა ამ მეტად სტრატეგიულად მნიშვნელოვან უწყებაში ისეთი, რომ უწყებაში შემავალი სსიპ, ა(ა)იპ, შპს თუ საქვეუწყებო დაწესებულებები კორუფციის ბუნაგად გადაიქცა. რა გახდა იმის მიზეზი, რომ ნეპოტიზმით, კრონიზმით, სისტემური თუ ორგანიზებული კორუფციის ფორმებით და აღებ-მიცემობით, ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების უხარისხოდ შესრულება, წლობით დაგვიანება ან საერთოდ სამუშაოების მიტოვება ქრთამის მიცემის სანაცვლოდ ჩვეულებრივ ტრადიციად იქცა.

მე, როდესაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორი გახლდით, ყოველი წლის ბოლოს გეგმა-გრაფიკის მიხედვით, დაუსრულებელი პროექტები და მილიონობით აუთვისებელი თანხები რომ დაგვრჩენოდა, არცერთ გუბერნატორს და მუნიციპალიტეტის მერს მშვიდი ახალი წელი არ გაუთენდებოდა და საახალწლო ნაძვის ხეზე თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებებს ჩამოგვიკიდებდნენ საჩუქრად. ასეთი მიდგომები, წესები და საქმიანი ურთიერთობები იყო (მოვიყვანოთ ჩავარდნილი პროექტების მაგალითები).

თუმცა აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი მინისტრობის პერიოდში ბევრი ეს ჩავარდნილი პროექტი გაცოცხლდა, ზოგი დასრულდა. ზოგი დასრულების პროცესშია, ზოგან სამუშაოები განახლდა, თუმცა ზოგი ისევ გაჩერებულია და ა.შ.

მე ამ ყველაფერს მხოლოდ მივესალმები, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ თქვენი სამინისტროს ღირსეულ და პროფესიონალ საჯარო მოხელეებთან ერთად, კორუფცია თუ არ მოსპეთ და დაადუღეთ, არაფერი გამოვა, თქვენი უწყება ვერასდროს დაიბრუნებს იმ დიდ და საიმედო სამინისტროს სახელს, რაც ამ ინსტიტუციას რეგიონებისთვის, რეგიონის ხელმძღვანელებისთვის, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებისთვის და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობისთვის შექმნის დღიდან ჰქონდა. გისურვებთ წარმატებებს“, - მიმართა კერესელიძემ ინფრასტრუქტურის მინისტრს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო