ისლანდია - ევროკავშირში წევრობის შეჩერებული პროცესი და განახლების სურვილი

ისლანდიამ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი 2009 წლის ივლისში წარადგინა. 2008-2009 წლების საბანკო და სავალუტო კრიზისმა მნიშვნელოვნად შეარყია ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ, რის ფონზეც ევროკავშირში (და ევროზონაში) გაწევრება აღიქმებოდა როგორც ეკონომიკური და სავალუტო სტაბილურობის მიღწევის გზა. 2010 წლის თებერვალში ევროკომისიამ დადებითი დასკვნა მოამზადა. 2010 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ ისლანდია ეხმიანება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და მიიღო გაწევრების მოლაპარაკების გახნის გადაწყვეტილება. მოლაპარაკებები გაიხსნა, 35 თავიდან 27 თავში განხილვის პროცესიც დაიწყო, 11 თავი დაიხურა კიდეც (ჩაითვალა მიღწეულად შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების პირობით). თუმცა, 2013 წლის დასაწყისში ისლანდიაში ხელისუფლების ცვლილების შედეგად, ახალმა მთავრობამ გაწევრების მოლაპარაკებები შეაჩერა. 2015 წლის მარტში ისლანდიამ ევროკავშირს ოფიციალურად აცნობა, რომ აღარ სურს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნება.

გაწევრების საწინააღმდეგო არგუმენტები, ძირითადად, ეფუძნებოდა თევზჭერის პოლიტიკის ასპექტებს. თევზჭერა ისლანდიისთვის ეკონომიკურად, კულტურულად და პოლიტიკურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თევზჭერის სექტორი უკიდურესად მგრძნობიარეა არამხოლოდ ისლანდიისთვის, არამედ ევროკავშირისთვის, რამეთუ ეს სფერო ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციის ნაწილია. ევროკავშირში გაწევრება კი ნიშნავს საერთო თევზჭერის პოლიტიკის (Common Fisheries Policy, CFP) მიღებას, რაც მოიცავს კვოტებსა და კონტროლს ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ. ისლანდიელების დიდი რაოდენობა მკაცრად ეწინააღმდეგება ამ სფეროზე ეროვნული კონტროლის დათმობას.

ასევე, მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო თავად მმართველ კოალიციაში არსებული განხეთქილება ევროკავშირში გაწევრების საკითხზე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა პროცესს და რომელმაც გამოიწვია კიდეც პროცესის ჩავარდნა.

არის სხვა გამოწვევაც: ისლანდიის მოსახლეობის ნაწილი შიშობს, რომ ევროკავშირში გაწევრება ნიშნავს ეროვნული ეკონომიკური სექტორების მართვაზე კონტროლის დაკარგვას. საზოგადოებრივი აზრი, როგორც წესი, სკეპტიკურია; წლების განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვები ადასტურებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება ევროკავშირში წევრობას.

ფინანსური კრიზისის შემცირებისა და გადალახვის შემდეგ, გაძლიერდა მოსაზრება, რომ ისლანდიას შეუძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ეკონომიკურ გამოწვევებს საკუთარი ვალუტითა და მმართველობითი სისტემებით. გაწევრების სურვილი, გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით, „გამოჯანმრთელების“ შედეგებმა შეცვალა; გაძლიერდა დამოუკიდებლობის იდეა. ამან განსაზღვრა ისლანდიის ამბივალენტური და ორად-გაყოფილი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ.

2024 წლის დეკემბერში ფორმირებულმა ისლანდიის ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ 2027 წლამდე ჩატარდება რეფერენდუმი ევროკავშირთან დაკავშირებით. ასეთი ინტერესი ნაწილობრივ განპირობებულია გარე გარემოს ცვლილებებით, გეოპოლიტიკური დინამიკით, მცირე სახელმწიფოების მოწყვლადობის ზრდითა და ევროპის ინსტიტუტებთან მჭიდრო დაახლოებისადმი ინტერესით გლობალური გაურკვევლობის პირობებში. ეკონომიკური ფაქტორებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს: მიუხედავად აღდგენილი სტაბილურობისა, ისლანდია კვლავ აწყდება ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა სავალუტო მერყეობა, ეკონომიკის მცირე მოცულობა და რამდენიმე სექტორზე დამოკიდებულება. ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაცია კი ისევ აღიქმება, როგორც ეკონომიკური სტაბილიზაციის გზა.

რეფერენდუმი/კენჭისყრა არ შეეხება უშუალოდ იმას, უნდა გახდეს თუ არა ისლანდია ევროკავშირის წევრი ქვეყანა; ის იქნება საკითხის დაყენება - უნდა დაიწყოს თუ არა ევროკავშირთან გაწევრების ახალი მოლაპარაკებები. ისლანდიაში სურთ შეაფასონ - რას შესთავაზებს ბრიუსელი ისლანდიას.

ისლანდიაში უნდა მოხდეს ეროვნული შეთანხმება, შიდა კონსენსუსი, სკეპტიციზმის გადალახვა, სანამ საკითხი რეფერენდუმზე გავა. ისლანდიაში გააზრებული აქვთ, რომ ევროკავშირის საერთო თევზჭერის პოლიტიკის მიღება ნიშნავს ეროვნული კონტროლის დათმობას თევზჭერის წყლებზე, კვოტებზე, განაწილებაზე და სხვა საკითხებზე. აგრეთვე, გაწევრების მოლაპარაკებები შეიძლება იყოს ხანგრძლივი და პოლიტიკურად რთული, განსაკუთრებით ევროკავშირის შიდა დებატებისა და ინსტიტუციური დატვირთვის ფონზე.

დღეს, ისლანდია ღრმად არის ინტეგრირებული ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში (EEA), ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციაში (EFTA), შენგენის ზონაში. შესაბამისად, ის ევროკავშირის მრავალი ნორმისა და შიდა ბაზრის მექანიზმის მონაწილეა. ისლანდიის საგარეო ვაჭრობის დიდი წილი (2/3) ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მოდის.

/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/

გამოყენებული წყაროები:

https://www.consilium.europa.eu/en/policies/iceland/

https://enlargement.ec.europa.eu/enlargement-policy/negotiations-status/iceland_en

https://euobserver.com/eu-and-the-world/arb98d86ad

https://www.bbc.com/news/science-environment-36587253

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო