[გაფართოების ანგარიშში] ძუნწად საუბრობენ იმ სფეროებზე, სადაც საქართველო კარგ მაჩვენებლებს აღწევს, არანაირი კარგი სიტყვა არ ემეტებათ ჩვენთვის - 2030 წლისთვის ან იქნებიან მზად გაფართოებისთვის, ან - არა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში, განსაკუთრებით, ის ნაწილი, რომელიც ნეგატიურად აფასებს საქართველოს, თავიდან ბოლომდე ტყუილია.
„ის ვითომდა, ჩამორჩენა, უკუსვლა დემოკრატიულ ღირებულებებში, თუ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში, რასაც ევროკავშირის ეს ანგარიში გვაბრალებს, არის აბსოლუტური ტყუილი. სულ რამდენიმე დღის წინ, იგივე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, გამოქვეყნდა სხვადასხვა პრესტიჟული ორგანიზაციების დასკვნები, სადაც საქართველო კანონის უზენაესობის დაცვის, სასამართლოს ეფექტიანობით, ბიუროკრატიის ეფექტიანობით, კორუფციის კონტროლით იმდენად მაღალ პოზიციებზე დგას, რომ იგი წინ უსწრებს ევროკავშირის და ნატოს რამდენიმე წევრ ქვეყანასაც კი. ეს მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ ევროკომისია თავის მიერვე გამოქვეყნებულ ანგარიშებსაც არ ენდობა და ამ გაფართოების ანგარიშში წინასწარ მიმართულად საზოგადოებაში აგრესიის, პოლარიზაციის გაღვივების მიზნით აცხადებს ასეთ ტყუილ დასკვნებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა სეფაშვილმა.
„ხალხის ძალის“ დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია შეასრულა.
მისივე თქმით, ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა.
„ყველა რეკომენდაცია არის შესრულებული. მე ვერ ვიტყოდი, რომ 9 პუნქტი შესრულებული არ არის. მათ უბრალოდ არ უნდათ ამ 9 პუნქტის შეფასება მოხდეს ადეკვატურად, რეალური ფაქტორების გათვალისწინებით.
ტყუილია, ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა. ევროპაში ჯერ ვერ მოვხვდებით კარგა ხანი, იმიტომ რომ ევროპული სამართლის მისაღებად და მთლიანად ევროპის ერთიან ბაზარზე შესასვლელად, საქართველომ ჯერ ძალიან ბევრი რეფორმა უნდა განახორციელოს, რომლისთვისაც მზად ვიქნებით 2028 წლისთვის. 2028 წლისთვის კი არა ევროკავშირი თვითონ აცხადებს, რომ 2030 წლისთვის იქნებიან მზად გაფართოებისთვის, თუმცა ეს ჯერ კიდევ საეჭვოა - გაფართოებისთვის ან იქნებიან მზად და ან არა," - განაცხადა სეფაშვილმა.