ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარებები

ევროკავშირში გაწევრების მიზნით, გაფართოების ქვეყნებს მოეთხოვებათ პოლიტიკური, ეკონომიკური, სექტორალურ-სამართლებრივი დაახლოება და ევროპული სტანდარტების დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბება, რაც საკმაოდ კომპლექსური, უწყვეტი, შრომატევადი საქმიანობაა. რეფორმის ასეთი გზის გავლას სჭირდება ფინანსები. ამდენად, იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავად გამოხატეს ევროკავშირში გაწევრების სურვილი, მიმართეს ევროკავშირს და ემზადებიან მიზნის მისაღწევად, - ევროკავშირი თავადვე ეხმარება ფინანსურად და ტექნიკურად. ასეთი დახმარებების ინსტრუმენტები მრავალია:

  1. IPA (III) - გაწევრების წინა დახმარება (Instrument for Pre-accession Assistance) 2021-2027 წლებისთვის მოიცავს 14 მილიარდ 162 მილიონ ევროს. ამჟამად მისი ბენეფიციარები არიან ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი, მონეტენგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო და თურქეთი. ეს ფინანსური ინსტრუმენტი წარმოადგენს მყარ ინვესტიციას როგორც გაფართოების რეგიონების, ისე თავად ევროკავშირის მომავლისათვის. ბენეფიციარმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა უზრუნველყონ ისე, რომ მოქალაქეებისთვის შექმნან უკეთესი შესაძლებლობები და განავითარონ სტანდატები - გათანაბრებული ევროკავშირის მოქალაქეთათვის მოქმედ სტანდარტებთან. ასევე, IPA ინსტუმენტი ეხმარება თავად ევროკავშირს საკუთარი მიზნების მიღწევაში, მათ შორის მდგრადი ეკონომიკური მდგომარეობის უზრუნველყოფაში, ენერგომომარაგების, ტრანსპორტის, ჯანსაღი გარემოსა და კლიმატის ცვლილების მართვის, აგრეთვე სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით.
  2. NDICI ინსტრუმენტი - მეზობლობის, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტი – გლობალური ევროპა (Neighbourhood, Development and International Cooperation Instrument – Global Europe (NDICI – Global Europe)) აერთიანებს ევროკავშირის საგარეო დაფინანსების მანამდე არსებულ ინსტრუმენტებს. მისი მიზანია დაეხმაროს საჭიროების მქონე ქვეყნებს გრძელვადიანი განვითარების გამოწვევების გადალახვაში და შეუწყოს ხელი იმ საერთაშორისო ვალდებულებებისა და მიზნების შესრულებას, რომლებიც ევროკავშირს აღებული აქვს, განსაკუთრებით კი 2030 წლის დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების შეთანხმების ფარგლებში. NDICI-გლობალური ევროპა-ს ინსტრუმენტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 79.5 მილიარდ ევროს და მოიცავს ევროკავშირის თანამშრომლობას ყველა მესამე ქვეყანასთან, გარდა IPA-ის ბენეფიციარი ქვეყნებისა. ამ ინსტრუმენტის საერთო დაფინანსება ნაწილდება შემდეგნაირად:
  • 38 მილიარდი ევრო – გეოგრაფიული პროგრამებისთვის, მათ შორის არანაკლებ 19.32 მილიარდი ევრო მეზობლობისთვის. დანარჩენი თანხა გაიყოფა აფრიკის, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის, აგრეთვე ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნებზე. აღნიშნული სვეტი ასევე დააფინანსებს Erasmus+ პროგრამას დაახლოებით 1.8 მილიარდი ევროს ოდენობით.
  • ბ) 6.358 მილიარდი ევრო - თემატური პროგრამებისთვის, რომელთა ფარგლებში დაფინანსდება ადამიანის უფლებები და დემოკრატია; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები; მშვიდობა, სტაბილურობა და კონფლიქტების პრევენცია; აგრეთვე გლობალური გამოწვევების დაძლევა.
  • დ) 3.182 მილიარდი ევრო - სწრაფი რეაგირების მექანიზმისთვის, რომელიც ევროკავშირს მისცემს საშუალებას სწრაფად უპასუხოს კრიზისებს, შეუწყოს ხელი მშვიდობის, სტაბილურობისა და კონფლიქტების პრევენციას, გააძლიეროს სახელმწიფოების, საზოგადოებების, თემებისა და ინდივიდების მდგრადობა და დააკავშიროს ჰუმანიტარული დახმარება განვითარების ღონისძიებებთან.
  • დ) 9.53 მილიარდი ევრო გამოყოფილია სარეზერვოდ ზემოთ ხსენებული პროგრამების დამატებითი დაფინანსებისთვის, გაუთვალისწინებელი გარემოებების, ახალი საჭიროებების, ახალმომწიფებული გამოწვევების ან პრიორიტეტების წარმოშობის შემთხვევაში.

ევროკავშირის ეს დახმარება დაფუძნებულია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) მიზნებსა და პრიორიტეტებზე, რომლებიც ასახულია რეგიონულ სტრატეგიებში, მათ შორის განახლებულ აღმოსავლეთ პარტნიორობაში. 2021–2027 წლების პერიოდში ევროკავშირი განსაზღვრავს თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებსა და კონკრეტულ მიზნებს სამეზობლო პარტნიორი ქვეყნებისა და რეგიონების უმრავლესობისთვის მრავალწლიანი ინდიკატიური პროგრამების სახით (multi-annual indicative programmes). ეს პროგრამები მზადდება ინკლუზიური დიალოგისა და კონსულტაციის საფუძველზე პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ქალთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კერძო სექტორთან და სხვა დონორებთან ერთად.

აღმოსავლეთ მეზობლობის 2021–2027 წლების მრავალწლიანი ინდიკატიური პროგრამების ნაწილში, ევროკავშირმა და საქართველომ ინდივიდუალურად განსაზღვრეს პრიორიტეტული სფეროები და ამოცანები. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, განისაზღვრა 2021-2024 წლებში საქართველოსთვის დაფინანსებისა და დახმარების მიმართულებები:

  • პრიორიტეტი 1: მდგრადი, გამძლე და ინტეგრირებული ეკონომიკა - 119 მილიონი ევრო (35 %)
  • პრიორიტეტი 2: ანგარიშვალდებული ინსტიტუტები, სამართლის უზენაესობა და უსაფრთხოება - 51 მილიონი ევრო (15 %).
  • პრიორიტეტი 3: გარემოსდაცვითი და კლიმატური მდგრადობა - 68 მილიონი ევრო (20%)
  • პრიორიტეტი 4: გამძლე ციფრული ტრანსფორმაცია - 34 მილიონი ევრო (10%)
  • პრიორიტეტი 5: გამძლე, გენდერულად თანასწორი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოება - 51 მილიონი ევრო (15%)
  • მხარდამჭერი ღონისძიებები: 17 მილიონი ევრო (5 %)

სულ საწყისი პერიოდისთვის: 340 მილიონი ევრო. დახმარების მეორე პერიოდისთვის (2025-2027 წწ.) თანხა დასაზუსტებელია.

  1. რეფორმებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მექანიზმი დასავლეთ ბალკანეთისთვის (Reform and Growth Facility for the Western Balkans) ძალაში შევიდა 2024 წლის 25 მაისს. ამ დოკუმენტით განსაზღვრულია დასავლეთ ბალკანეთის თითოეული ქვეყნის დახმარების წილი (როგორც გრანტის, ასევე, სესხის სახით).
  2. ზრდის გეგმა მოლდოვასთვის შეთავაზებულ იქნა 2024 წლის 10 ოქტომბერს და იგი მოიცავს 1.9 მილიარდ ევროს 2025-2027 წლებისთვის. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ შეაფასა, რომ მოლდოვამ შეასრულა ოთხი რეფორმის ინდიკატორები, დახმარების პირველი გადახდა განხორციელდა 2025 წლის 9 სექტემბერს.

ზემოაღნიშნულის გარდა, ევროკავშირში მოქმედებს სამეზობლოს დახმარების სხვადასხვა ინსტრუმენტები, ტვინინგის (Twining), ტაიექსის (TAIEX), ბიზნესის გაძლიერების, კერძო სექტორისთვის გრანტებისა და ტენდერების სახით (იხ. https://enlargement.ec.europa.eu/funding-technical-assistance_en )

/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/

გამოყენებული წყაროები:

https://euneighbourseast.eu/enlargement/#:~:text=the%20candidate%20country.-,Find%20out%20more,Republic%20of%20Moldova%20and%20Georgia.

https://enlargement.ec.europa.eu/index_en

https://euneighbourseast.eu/enlargement/#group-section-Georgia-3k8T0MGzZO

https://enlargement.ec.europa.eu/funding-technical-assistance_en

https://enlargement.ec.europa.eu/enlargement-policy/overview-instrument-pre-accession-assistance_en

https://enlargement.ec.europa.eu/funding-technical-assistance/neighbourhood-development-and-international-cooperation-instrument-global-europe-ndici-global-europe_en

https://enlargement.ec.europa.eu/document/download/0dffecee-bcf3-48aa-ac25-bda4fac0c706_en

https://enlargement.ec.europa.eu/enlargement-policy/growth-plan-western-balkans/allocations-available-each-beneficiary_en

https://enlargement.ec.europa.eu/funding-technical-assistance/growth-plan-moldova_en

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის