ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025

ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას

რამდენად იზრდება საქართველო-ჩინეთის დაახლოების პერსპექტივა

“დონეცკის კარიბჭე” ალყის ზღვარზე - პოკროვსკში ბრძოლები მწვავდება

* * *

ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას

“მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ბოიკოტში ერთიანი აღარ არის და ამასთან, სამი პარტიის აკრძალვის საფრთხეც რეალურად დადგა, თავად პარტიებშიც დაიწყეს ფიქრი ბრძოლის გაგრძელების გზებზე. ნაწილი გამოსავალს გაერთიანებაში ხედავს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ბრძოლის გაგრძელების გზები არსებობს, ნაწილს მიაჩნია, რომ ოპოზიციამ თავად მოიჭრა გზა. “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ქუჩის პროტესტი არ არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური პროცესი შეიძლება “გააჩაღო” პარლამენტში, ან საკრებულოში. “პოლიტიკოსების მხოლოდ და მხოლოდ ქუჩის პროტესტის წევრებად წარმოჩენა, ეს არის მინიმუმ გაუთვითცნობიერებლობა, რას უნდა აკეთებდეს პოლიტიკოსი”, - განაცხადა ჯაფარიძემ, რომლის თქმით, “ლელო” სხვა ოპოზიციურ ძალებთან გაერთიანების შესაძლებლობას “ამ წუთას არ განიხილავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას სამი პარტიის აკრძალვის საფრთხის ფონზე.

“ნონსენსია, რეჟიმი პარტიას გაუქმებით ემუქრებოდეს, ამ დროს შენ საკრებულოებში ერთი და ორი ადამიანით ძალაუფლების გამოგლეჯაზე საუბრობდე. თუმცა მე სხვა პარტიის გადაწყვეტილებაზე ვერ ვისაუბრებ. “ნაციონალურ მოძრაობას” რაც შეეხება, ჩვენ უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა ამ პროცესში (სამართლებრივ ბრძოლაში) მონაწილეობას”, - განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ოპოზიციას უკანდასახევი გზა აღარ აქვს, ბოიკოტი კი საბოლოო გაქრობამდე მიიყვანს. ხოლო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, ოპოზიციას ბრძოლის გაგრძელების ოთხი მთავარი ბერკეტი აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მათ უკანდასახევი ყველა გზა თავად მოიჭრეს, როდესაც უპირველეს ყოვლისა მიზნად დაისახეს ის, რომ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსულიყვნენ და 2024 წლის 26 ოქტომბრიდან, 2025 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით ამის არაერთი მცდელობა იყო. მათ საკუთარი პოლიტიკური ცხოვრების დასაკლავი დანა თავად გამოჭედეს და არავითარი ბრძოლის მეთოდები არ გააჩნიათ, მათ შორის არც პროტესტის გაგრძელების შანსი არ აქვთ, რა პროტესტი უნდა გააგრძელონ 100-150 კაცით? ადრე სამეგრელოში 500 კაციანი ქორწილი რომ გაიმართებოდა, იქ იყო 100-150 კაცი ჭკუაარეული და ქვეყანაში რომ იყოს რაზეა ლაპარაკი. მათ ბრძოლის ერთადერთი გზა დარჩათ, რომ ისტორიის კანალიზაციაში წავიდნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

“მათ 2024 წლის არჩევნების შედეგად, პარლამენტში 61 მანდატი მიიღეს. 150 კაციან პარლამენტში 61 ადგილს რომ ვერ გამოიყენებ, მაშინ ან ბრიყვი ხარ, ან სასარგებლო იდიოტი, ან ქვეყნის მოღალატე და ვიღაცეებზე დამოკიდებული, სხვა არაფერი. პარლამენტი სალაპარაკო და სამოქმედო ადგილია, პოლიტიკოსმა იქიდან უნდა იმოქმედოს. პარლამენტში რომ ყოფილიყვნენ, ისე არ გაქრებოდნენ, როგორც ახლა. ასეთი წინააღმდეგობები თუ სურდათ, პროტესტების ათასგვარი ფორმა შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც პარლამენტის შიგნით, ისე გარეთ. თუ მათი სურვილი იყო, შეიძლებოდა ასეთი შეთანხმებული მოქმედება. ეს არ ისურვეს და ამიტომ მიიღეს ის, რაც მიიღეს, ამასი სხვას ნუ დაადანაშაულებენ, დაადანაშაულონ საკუთარი ფულზე გაყიდული თავები”, - დაასკვნის გვენეტაძე.

“პარტიები რომც აკრძალონ, დე ფაქტოდ მაინც გააგრძელებენ მოღვაწეობას, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ არაფერი არ შეიცვლება, პრობლემა იქნება, რომ პარტიებმა შეიძლება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერ მიიღონ მონაწილეობა. არაა გამორიცხული, რომ ივანიშვილმა ჯერ პარტიები გააუქმოს და შემდგომში რიგგარეშე საპარამენტო არჩევნების შესახებ გამოაცხადოს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, შეცვალოს და მოირგოს კონსტიტუცია. სამი პარტიის გარდა, ბოიკოტში მყოფ სხვა პარტიებს მაღალი რეიტინგი არ გააჩნიათ, თუმცა, ბრძოლის გზა აქვთ არა მარტო აქციებით, არამედ 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობით. თუმცა, ისიც არაა გამორიცხული, რომ თუ ივანიშვილმა რიგგარეშე არჩევნები მართლაც გამოაცხადა, მასში მონაწილეობაზე უარი თქვას მაგალითად “სტრატეგია აღმაშენებელმა” და “ფედერალისტებმა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“საერთო ჯამში ოპოზიციას ბრძოლის რამდენიმე გზა აქვს - პირველი, შიდა პროტესტის გაძლიერება, მეორე, შეხვედრა მოსახლეობასთან რეგიონებში და მათი დარწმუნება, მესამე, საგარეო ფლანგზე მუშაობა მკაცრი სანქციების ამოქმედების მიზნით “ქართული ოცნების” მიმართ. ასევე, პოლიტიკური მოძრაობის შექმნა, კანონმდებლობა ამას არ კრძალავს, რადგან პოლიტიკური მოძრაობის მიზანი პარტიისგან განსხვავებით ხელისუფლებაში მოსვლა არ გახლავთ. შესაძლოა “ოცნების” ჩინოსნებს შენგენის ზონაში აუკრძალონ შესვლა, მაგრამ მეორე მხრივ, სანამ ანგარიშებს არ გაუყინავენ, როგორც ფარცხალაძის შემთხვევაში მოხდა, მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება. მუშაობაა საჭირო განსაკუთრებით ბრიტანეთის მთავრობასთან, რადგან ევროკავშირის ფარგლებში პროცესი გაიწელა კონსენსუსის არარსებობის გამო”, - დასძენს ჩიტაძე.

რამდენად იზრდება საქართველო-ჩინეთის დაახლოების პერსპექტივა

“საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება - ამ გზავნილებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნაზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა. რამდენად იზრდება ჩინეთთან დაახლოების პერსპექტივა და რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს თანამშრომლობა - ამაზე ქართველ ექსპერტებს განსხვავებული შეფასებები აქვთ. საქართველოს უმაღლესი რანგის დელეგაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მასპინძლობს პრემიერ-მინისტრი ლი ციანი. ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა, - განაცხადა კობახიძემ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პოლიტიკური გზავნილი შანხაიდან - რამდენად იზრდება საქართველო-ჩინეთის დაახლოების პერსპექტივა.

“მხოლოდ 2025 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ 1.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც შთამბეჭდავი - 15-პროცენტიანი ზრდაა. ვაჭრობის ამგვარი მატება ასახავს ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სიძლიერეს და მომავალ წლებში გაფართოების კიდევ უფრო დიდ პოტენციალზე მიუთითებს. ჩინეთის მიერ მისივე უზარმაზარი ბაზრის გახსნისკენ მიმართული უწყვეტი ძალისხმევა, ძირითად სექტორებზე წვდომის გაფართოებასთან ერთად, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს უქმნის ქართულ ბიზნესს, რაც მათ საშუალებას აძლევს, გლობალურ ბაზრებზე გავიდნენ და ინოვაციები აითვისონ. ...საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს თანამშრომლობა შუა დერეფნის საშუალებით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების ზრდის მიმართულებით”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გარდა ამისა, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადის მზარდ რაოდენობაზე, აღნიშნა, რომ საქართველოს უფრო მეტად სურს გააძლიეროს ჩინეთთან ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოც. შეგახსენებთ, საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული ურთიერთობა 2023 წელს დაამყარეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანალიტიკოს კახა გოგოლაშვილის აზრით, ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. “ეს არის ეკონომიკური ურთიერთობები: დერეფნის საკითხი, ევროპა-აზია, სამხრეთ კავკასიის დერეფანი, ეს არის ვაჭრობა, რომელიც შესაძლებელია უფრო განვითარდეს, ინვესტიციები, ჩინური ინვესტიციები საკმაოდ ცოტაა, იმ პოტენციალთან შედარებით, რაც ჩინეთს გააჩნია. შესაძლებელია ტექნოლოგიურ დარგში თანამშრომლობა, ინდუსტრიის სფეროებში, ნოუჰაუ, ერთობლივი საწარმოები"... - განაცხადა გოგოლაშვილმა. ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობის სრული პოტენციალის გამოყენებამდე, ჯერ კიდევ, დიდი დროა. მისი თქმით, ეს უწინარესად ეხება სატრანსპორტო და მის მომიჯნავე სექტორებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველო ერთ-ერთი ბუნებრივად საკვაძო ქვეყანაა აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანში, სამხრეთ კავკასიაში, ამ მიმართულებით სრული პოტენციალის გამოყენებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო არის, ამიტომ მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანას შორის, ეს იქნება სამხრეთ კავკასია, ცენტრალური აზია, ჩინეთი და რაც მთავარია, ევროპა, ყველას ინტერესებშია. საქართველო მცირე სახელმწიფოა, ბუნებრივად შეზღუდული პოტენციალით, მაგრამ ჩინურ ბაზარზე საქართველოს უფრო მეტად წარმოდგენა, თითოეული ქართველის ინტერესშია, ისევე როგორც დივერსიფიცირებული ბაზრების კიდევ უფრო განვითარება სხვადასხვა მიმართულებით, ეს პროცესი ასევე აღმასვლაშია. მაგრამ, როგორც იტყვიან, ეკონომიკური აქტივობა ერთ ადგილზე არ უნდა გაჩერდეს. საქართველოც ამ მიმართულებით მზადაა ყველასთან თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის, გარდა ოკუპანტ ქვეყანასთან, რუსეთთან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე და კითხვაზე - “რამდენად იზრდება ჩინეთთან დაახლოების პერსპექტივა?” - პასუხობს:

“ხშირად გაჟღერებული ფრაზები, რომ საქართველო ხდება ჩინეთუმე, უსაფუძვლოა. ჩვენ ვნახეთ, რომ გაფორმდა არაერთი მნიშვნელოვანი განვითარების დოკუმენტი, რასაკვირველია, ესაა წინაპირობა ეკონომიკური აქტივობის შემდგომი წინსვლისთვის და ის მონახაზი, რაც ახლა ჩანს, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, საფინანსო სექტორი, რასაკვირველია უფრო განვითარდება, ამაში ორი აზრი არ არის. იმ საკითხს, რომ საქართველო თავად ირჩევს საგარეო პოლიტიკურ კურსსაც, რაც გულისხმობს მრავალვექტორულ, მულტიგანზომილებიან ურთიერთობებს, ამაში ხელი არავინ არ შეუშალოს და არ წამოაძახონ უსაფუძვლო ბრალდებები, განსაკუთრებით იმ აქტორებმა, რომლებსაც გაცილებით კოლოსალური საფინანსო ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ჩინეთთან, ვგულისხმობ ევროპასა და აშშ-ს....ასე რომ, აპელირება იმაზე, რაც ხშირად ხდება ქართულ მედიაში, რომ საქართველო ჩინეთუმე ხდება, არის აბსოლუტურად უსაფუძლო”.

“კახა გოგოლაშვილის აზრით კი ჩინეთისა და საქართველო პოლიტიკური დაახლოება მიზანშეწონილი არ არის, თუმცა, ეკონომიკური თანამშრომლობის ფართოდ გაშლა კი შესაძლებელია. “ალბათ, პოლიტიკური მიმართულებით სასურველი არ არის, ძალიან მჭიდრო ურთიერთობები დავამყაროთ ჩინეთთან, რაღაც ვალდებულებები ავიღოთ მის წინაშე, რომელიც აშკარად არის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, განსაკუთრებით, მთელი ევროკავშირისათვის. მაგრამ ეკონომიკური თანამშრომლობა შესაძლებელია გავშალოთ ძალიან ფართოდ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გრძელვადიანად როგორი მთავრობა იქნება საქართველოში, თუ საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც სტაბილური ავტორიტარული სახელმწიფო, მაშინ, სრულიად მოსალოდნელია, რომ ჩინეთთნ პოლიტიკური ურთიერთობები გაღრმავდეს, მაგრამ, თუ საქართველომ გააგრძელა ევროინტეგრაციის გზა, მაშინ იქნება გარკვეული შეზღუდვები პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებით”, - თვლის გოგოლაშვილი, რომლის აზრით, ასეთ შემთხვევაში, ურთიერთობები “განსაკუთრებით, პოლიტიკური განვითარების სფეროში, ალბათ, ბევრად უფრო ნაკლები იქნება, ან თითქმის არ იქნება”, - დასძენს გამოცემა.

“დონეცკის კარიბჭე” ალყის ზღვარზე - პოკროვსკში ბრძოლები მწვავდება

“უკრაინის აღმოსავლეთით, პოკროვსკის მიმართულებაზე ბრძოლები მწვავდება - მოსკოვი ალყაზე საუბრობს, კიევი კი უარყოფს. ექსპერტები ამბობენ, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე ვითარება შესაძლოა დონბასის ბრძოლისათვის გადამწყვეტ ნაწილად იქცეს, რა ვითარებაა ადგილზე და რა ინფორმაციები ვრცელდება ფრონტის ხაზიდან? რუსეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ პოკროვსკისა და კუპიანსკის დანგრეულ ქალაქებში მყოფი უკრაინული ჯარები ალყაში არიან მოქცეულნი და უნდა დანებდნენ, რადგან სხვა შემთხვევაში მათ გადარჩენის შანსი არ აქვთ. “რუსული ჯარების მიერ სხვა ქალაქებზე განხორციელებული ფრონტალური თავდასხმებისგან განსხვავებით, რუსეთმა გამოიყენა მკაცრი ზომები, რათა თითქმის ალყა შემოერტყა უკრაინულ ჯარებს პოკროვსკსა და კუპიანსკში” - წერს როიტერსი. რუსული მხარე აცხადებს, რომ მცირე, მაღალმობილურმა დანაყოფებმა და დრონებმა უკრაინული ლოჯისტიკა ჩაშალეს და უკრაინის ხაზებს მიღმა ქაოსი დათესეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “დონეცკის კარიბჭე” ალყის ზღვარზე - პოკროვსკში ბრძოლები მწვავდება: რა ხდება ფრონტის ეპიცენტრში.

“რუსეთი 2024 წლიდან ცდილობს პოკროვსკის აღებას, რომელსაც “დონეცკის კარიბჭეს” უწოდებენ, ( ეს წარმოადგენს დონბასის რეგიონის მთლიანი ნაწილის აღების მცდელობის ნაწილს,) რომლის დაახლოებით 10%-ს, ანუ 5000 კვადრატულ კილომეტრს (1930 კვადრატული მილი) უკრაინული ძალები კვლავ აკონტროლებენ. “დონეცკის ოლქის პოკროვსკ-მირნოგრადის აგლომერაციაში ამჟამად რუსეთის მიერ ქალაქების ალყა ან ბლოკადა არ არის. ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალების არც ერთი ქვედანაყოფი არ არის ალყაში მოქცეული”, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერმა ანდრეი კოვალევმა 4 ნოემბერს განაცხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ყველაფერს აკეთებენ ლოჯისტიკის უზრუნველსაყოფად. მან განაცხადა, რომ პოკროვსკში სიტუაცია რთულია, მაგრამ ამჟამად მიმდინარეობს ყოვლისმომცველი ოპერაცია ქალაქის ტერიტორიაზე მტრის ძალების იდენტიფიცირებისა და რუსი ოკუპანტების განადგურებისა და განდევნისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთის ტაქტიკამ ორივე ადგილას შექმნა ის, რასაც რუსი სამხედრო ექსპერტები “ნაცრისფერ ზონას” უწოდებენ, სადაც არცერთ მხარეს არ აქვს სრული კონტროლი, მაგრამ უკრაინისთვის მისი დაცვა უკიდურესად რთულია”, - ვკითხულობთ როიტერსის სტატიაში. ბრძოლის ველის რუკები აჩვენებს, რომ რუსული ძალები პოკროვსკის ალყიდან რამდენიმე კილომეტრში არიან მობილიზებულები, რომელიც რუსეთში კრასნოარმეისკის სახელითაა ცნობილი, ისინი აკონტროლებენ კუპიანსკის მნიშვნელოვან ნაწილს და ქალაქისკენ მიმავალ მთავარ გზაზე წინ მიიწევენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის თქმითაც კუპიანსკის “60-მდე დარჩენილი რუსისგან” გაწმენდა მიმდინარეობს. “კიევის რეჟიმის ხელმძღვანელმა სრულიად დაკარგა რეალობასთან კავშირი და სირსკის ცრუ ცნობების მოსმენით, სრულიად არაინფორმირებულია ადგილზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე”, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში”, - განაგრძობს გამოცემა.

“ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსებმა მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს, თუმცა, ტერიტორიაზე ვითარება მწვავე იყო. სწორედ სამშაბათს, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკში, პოკროვსკის ქალაქთან ახლოს ჯარისკაცებს შეხვდა, სადაც ბოლო დღეებში კიევსა და მოსკოვს შორის ფრონტის ხაზზე ბრძოლა გამწვავდა. “მე შევხვდი სამხედრო მოსამსახურეებს უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-4 სწრაფი რეაგირების ბრიგადის “რუბიჟის” სამეთაურო პუნქტში”, - დაწერა მან ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში. “მოვისმინე მეთაურის მოხსენება ამ სექტორში არსებული ვითარების შესახებ. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ბრიგადის საჭიროებები, დრონების წარმოება და ცენტრალიზებული მიწოდება: სახმელეთო რობოტული პლატფორმები, მძიმე ბომბდამშენი დრონები და სხვა, ასევე მათთვის სტანდარტიზებული საბრძოლო მასალის წარმოება” - განაცხადა ზელენსკიმ”, - დასძენს გამოცემა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ