ზაზა ვაშაყმაძე საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ზაზა ვაშაყმაძემ საფრანგეთის ელჩს საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ამოცანები და განხორციელებული პროექტები გააცნო.

„სააგენტოს თავმჯდომარემ ახლად დანიშნულ ელჩთან შეხვედრა მილოცვით დაიწყო და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მან ელჩს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ამოცანები და განხორციელებული პროექტები, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ტოლერანტულ გარემოსა და სააგენტოს საქმიანობაზე ამ თვალსაზრისით.

სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დარღვევის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტები.

ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს გადასცა რელიგიის სააგენტოს გამოცემები: „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ და „რელიგიები საქართველოში“ და იმედი გამოთქვა, რომ ინტენსიური ურთიერთობები, რაც საფრანგეთის საელჩოსთან რელიგიის სააგენტოს დაარსებიდანვე ჩამოყალიბდა, კვლავაც გაგრძელდება.

შეხვედრის დასასრულს, ელჩმა ოლივიე კურტომ მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და ამომწურავი ინფორმაციისთვის.

დიპლომატი ოლივიე კურტო მსახურობდა ლისაბონში, ანკარაში, ამანში, ალჟირსა და აბუ-დაბიში, არის საპატიო ლეგიონისა და ღირსების ეროვნული ორდენის კავალერი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025