პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ისარგებლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და 2019-2024 წლებში როგორც საკუთარ, ასევე ახლობლის საბანკო ანგარიშებზე თანამდებობრივი სარგოს, მივლინებისა და სხვა დანიშნულებებით, ზედმეტად ჩარიცხა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 157 906 ლარი, რის შედეგადაც ფოთის მერიას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში