ლევან მახაშვილი - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ვინ გაყინა რეალურად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის - ბევრი მანიპულირებდა თარიღებით, მაგრამ ევროპული საბჭოს ივნისის გადაწყვეტილება პირდაპირ ამბობს, რომ თავად ბრიუსელმა გაყინა ურთიერთობები

დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ ვინ გაყინა რეალურად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ბევრი თარიღებით მანიპულირებდა, მაგრამ ევროპული საბჭოს ივნისის გადაწყვეტილება პირდაპირ ამბობს, რომ თავად ბრიუსელმა გაყინა ორ მხარეს შორის ურთიერთობები, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით ის გამოეხმაურა „რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად ევროკავშირმა მიიღო”.

მისი თქმით, ამის შემდეგ ირაკლი კობახიძის მხრიდან 28 ნოემბრის განცხადების ერთადერთი მიზანი იყო, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი შანტაჟისთვის არ გამოყენებულიყო.

„გასული ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით არაერთ მანიპულაციას 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ ვინ გაყინა რეალურად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ბევრი თარიღებით მანიპულირებდა, მაგრამ ევროპული საბჭოს ივნისის გადაწყვეტილება პირდაპირ ამბობს, რომ თავად ბრიუსელმა გაყინა ორ მხარეს შორის ურთიერთობები. ამიტომ, ამით ყველაფერია ნათქვამი. უცხოელების მხრიდან იყო მცდელობა 28 ნოემბრის განცხადება გამოეყენებინათ მიზეზად, მაგრამ ყველა ხედავს რეალურად ვინ იყო ინიციატორი და წყარო ამ ურთიერთობების გაყინვის და რომ საქართველო აქ არაფერ შუაში არ არის. 28 ნოემბრის განცხადების ერთადერთი მიზანი იყო, რომ გაწევრიანების საკითხი შანტაჟისთვის გამოყენებული არ ყოფილიყო. თორემ რეალური წყარო, ავტორი, ინიციატორი და პირველი ნაბიჯის გადამდგმელი იყო ევროპული საბჭო, რომელმაც დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ეს ურთიერთობები გაყინა. ყველაფერი დანარჩენი შემდგომ უკვე არის დაბრალება საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ იქნებ ეს პასუხისმგებლობა სხვაზე გადაიტანონ და არა თავის თავზე”, - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის სახელზე 2025 წლის 5 ნოემბერს გაგზავნა წერილი, სადაც იუწყება, რომ „საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით“.მათივე ცნობით, პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ასევე წერს: „საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს