დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება

თბილისის მთავარი ნაძვის ხე წელს პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში დაუდასტურეს.

საახალწლო ილუმინაციებს გასული წლების მსგავსად, წელსაც დეკემბრის პირველ ნახევარში აანთებენ.

bpn.ge-ის ინფორმაციით, 2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ 8 280 000 ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერია 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით, „საახალწლო ქალაქის“ მოწყობას, მრავალფეროვანი გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს.

ამასთან, როგორც ირკვევა, „საახალწლო ქალაქი“ პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა, დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხეც იქვე დაიდგმება და "საახალწლო ქალაქი" 12 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება.

„ქალაქ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება მრავალფეროვანი თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, დეკორირებული ნაძვის ხეები, საციგურაო ყინულის მოედანი შესაბამისი დეკორაციით, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, თოვლის ბაბუას (სანტას სახლი) და სახელოსნო.

გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიება, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები. მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ თოვლის ბაბუა (სანტა) დამხმარე მსახიობებთან ერთად.

მოეწყობა კვების და საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული ზონები, ,,საშობაო ბაზარი“ და ,,ტკბილეულის ფესტივალი“.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 2025 წლის 31 დეკემბერს, გრანდიოზული საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!