იაპონია ჩინეთთან სიტყვიერ ომში ჩაერთო მას შემდეგ, რაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ ტაივანზე თავდასხმამ შესაძლოა მისი ქვეყნის თავდაცვის ძალების განლაგება გამოიწვიოს, თუ კონფლიქტი იაპონიას ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იაპონიის პრემიერის კომენტარმა პეკინის მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
„ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყოყმანის გარეშე მოვკვეთოთ ის ბინძური კისერი, რომელიც ყოყმანის გარეშე ჩვენკენ მომართეს. მზად ხართ?“ - დაწერა ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სიუე ჯიანმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც მოგვიანებით წაიშალა.
იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მთავარმა მდივანმა, მინორუ კიჰარამ განაცხადა, რომ ტოკიომ პეკინთან, სიუეს პოსტის გამო, პროტესტი გამოხატა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ჯიანმა განაცხადა, რომ სიუეს პოსტი პირადული იყო და „მიმართული იყო იმ მცდარი და სახიფათო შენიშვნების წინააღმდეგ, რომლებიც ტაივანის ჩინეთის ტერიტორიისგან გამოყოფის მცდელობას წარმოადგენს და ტაივანის სრუტეში სამხედრო ჩარევას უჭერს მხარს“.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ჩინეთმა იაპონიას საჩივრები და პროტესტი წარუდგინა ტაკაიჩის შენიშვნების გამო.
„ცდილობს თუ არა იაპონია ჩინეთის ძირითადი ინტერესებისთვის გამოწვევის შექმნას და ჩინეთის გაერთიანების დიდებული საქმისთვის ხელის შეშლას? საით აპირებს იაპონია ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობების წაყვანას?“ - აღნიშნა ლინ ჯიანმა.
Politico წერს, რომ დავა იმაზე მიუთითებს, რომ იაპონია-ჩინეთის ურთიერთობები ტაკაიჩის მმართველობის დროს შესაძლოა შეუფერხებლად არ წარიმართოს. იაპონიის ახალმა ლიდერმა სამხედრო ძალების გაძლიერების ვალდებულება აიღო და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ბოლო სამიტის დროს გამართული შეხვედრიდან მეორე დღეს ტაივანის წარმომადგენელს შეხვდა, რამაც ჩინეთის გაღიზიანება გამოიწვია.