ირაკლი ღარიბაშვილს, მილიონების მოპარვას ედავებიან და გარეთ არის, ხალხი კი გზის გადაკეტვის გამო ციხეში ზის! ეს არის ამათი სამართალი. ალბათ, გარეთ იმიტომ დატოვეს, ფული კარგად მოაგროვოს, ციხიდან გაუჭირდებოდა,- ამის შესახებ „პრევენცია პროგრესისთვის“ დირექტორმა ტატო ქელბაქიანმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც კორუფციული დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე დაკავებებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, არანაირ კორუფციასთან ბრძოლა არ მიმდინარეობს და რასაც ვხედავთ, პოპულისტური შეფუთვაა.
„ეს არის შიდა ქონების გადანაწილების მცდელობა. რაღაც დაჯგუფება, რაღაც სახით არის დაწინაურებული და მეორე ნაწილის რეპრესირებას ახდენს. ჩანს, რომ ამ რეჟიმს რესურსები მოაკლდა, ადამიანებს წლების განმავლობაში ფულს აპარვინებდა და ახლა ცდილობს ამ ფულის ამოღებას. ითქვა, რომ მოსთხოვეს ფულის უკან მიტანა, ნაწილმა მიიტანა კორუფციული სქემებიდან. წლების განმავლობაში რომ გაძლევს საშუალებას, მოიპარო, ვალდებულება გაქვს, ახლა ცოტა მეტი მოსთხოვეს, ვიღაცებმა უარი თქვეს, ვინც უარი თქვა, ამ დღეში არიან. კომიკურია, როდესაც ამბობენ, რომ ღარიბაშვილი საბაგიროს ხსნიდა და ინვესტიციები ჩადო, ამის შესახებ კი არავინ იცოდა. სასაცილოა.
ეს ფაქტები ადასტურებს, რომ ამ დროის განმავლობაში, ეს რეჟიმი იყო კორუმპირებული. ვინ არის პასუხისმგებელი. ვინ არის პასუხისმგებელი?! ეს არის შიდა გარჩევა. არანაირ კორუფციასთან ბრძოლა არ არის, პოპულისტური შეფუთვაა, რომ რაღაცას ვებრძვით, სინამდვილეში ქონების გადანაწილებაა.
საუბარია, რომ კალაძესთან მოსთხოვეს და ვალი გადაიხადა, ვინც ეს არ გადაიხადა... ირაკლი ღარიბაშვილს, მილიონების მოპარვას ედავებიან და გარეთ არის, ხალხი გზის გადაკეტვის გამო ციხეში ზის! ეს არის ამათი სამართალი. ალბათ, გარეთ იმიტომ დატოვეს, ფული კარგად მოაგროვოს, ციხიდან გაუჭირდებოდა“,- აღნიშნავს ტატო ქელბაქიანი.
მან საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა. როგორც ქელბაქიანმა აღნიშნა, „პროტესტის ფორმა მრავალფეროვანია და გაგრძელდება, ის „გავარვარებული ნაკვერჩხალივით არის, რაღაც მომენტში შეუბერავ თუ არა, აგიზგიზდება“.
„პროტესტის ფორმა მრავალფეროვანია და გაგრძელდება. ის, რომ ყოველ დღე 100 ათასი ადამიანი არ გამოდის, ამით არ იზომება ხალხი არის თუ არა პროტესტში ჩართული. მუდმივად არის ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოხატავს, ასევე არის კულმინაციური წერტილები, როდესაც ხალხი დიდი რაოდენობა გამოდის. გავარვარებული ნაკვერჩხალივით არის, რაღაც მომენტში შეუბერავ თუ არა, აგიზგიზდება. მთავარია, ეს პროტესტი არ გაჩერდეს, შეიცვალოს ფორმები, უნდა იყოს სხვადასხვა უბანში, რეგიონებში გასვლა. კიდევ გვაქვს გეგმაში ქალაქის სხვადასხვა ქუჩა და უბანი მოვიცვათ“,- აღნიშნა ქელბაქიანმა.