ჩვენ ხიდჩატეხილ ვითარებაში ვართ. არის ვიწრო გზები, რომელიც დარჩენილია დასავლურ სტრუქტურებსა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის, - ასე შეაფასა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო კირთაძემ საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ქართული ოცნება“ არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც მთელ სახელმწიფო რესურსზე აქვს წვდომა.
„ჩვენ ხიდჩატეხილ ვითარებაში ვართ. არის ვიწრო გზები, რომელიც დარჩენილია დასავლურ სტრუქტურებსა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის. სწორედ ამ მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს ჯერ კიდევ კონტაქტის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანასთან იმიტომ, რომ ჩვენ მოგვწონს ეს ძალა თუ არა, რომელსაც დღეს ქვეყანა მიტაცებული აქვს, ის წარმოადგენს სახელმწიფოს დღეს. ამის გამოვლინებაა სწორედ ეს ვიზიტი. არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ რაღაც პოზიტივისკენ შეიცვლება, რადგან ამისთვის აუცილებელია „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნება, რაც მას გააჩნია, ეს არის ძალაუფლების უპირობო შენარჩუნება“,- განაცხადა თენგო კირთაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს, თენგო კირთაძემ განმარტა, რომ ოპოზიციამ ფუნდამენტური საკითხების ირგვლივ უნდა მოახერხოს ერთიანობა.
„ჩვეულებრივი ამბავია, რომ ავტორიტარიზმში ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს უჭირს და რეჟიმი უფრო ძლიერია. თუმცა, ვერ იხსნება, რას მოიაზრებენ ის ექსპერტები ან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ერთიანობას მოითხოვენ, რა ესმით ამ ერთიანობის უკან. როცა მათ პირადად გაესაუბრები, ერთიანობას თვითონ გამორიცხავენ. ამიტომ, არასწორია კონკრეტული სუბიექტების სახელით მივუდგეთ ამ საკითხს, რადგან ეს ყოველთვის დაპირისპირებას იწვევს. ხანგრძლივი პოლარიზაციის პერიოდი გვაქვს გამოვლილი, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ერთმანეთთან ურთიერთობა. ამიტომ, ჩვენ ფუნდამენტური საკითხების ირგვლივ უნდა მოვახერხოთ ერთიანობა. ამ შემთხვევაში, როცა ავტორიტარულ რეჟიმს ებრძვი და საზოგადოების უპრეცედენტო ჩართულობა გაქვს, ორიენტირად უნდა აიღო, საზოგადოების მოთხოვნა რა არის პოლიტიკური სპექტრის მიმართ. ეს არის ზუსტად დემოკრატიული, საბაზისო პრინციპები, რაც დასავლურ ცივილიზაციაში არსებობს და საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით“,- განაცხადა კირთაძემ.
როგორც მან განმარტა, „ფედერალისტების“ გადაწყვეტილებაა, რომ ფუნდამენტური საკითხების ირგვლივ მოხდეს ოპოზიციაში აზრების გაცვლა და ამ მოლაპარაკებებს სულ უფრო მეტი სუბიექტი ემატება.
თენგო კირთაძის განმარტებით, ამჟამად პარტიას ასეთი ფორმატი აქვს შემდეგ პოლიტიკურ სუბიექტებთან: „კოალიცია ცვლილებების, თავისუფლების მოედანი“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“.