„ჰანიველ ცემენტმა“, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კასპის დღის ცენტრის სრულად სარემონტო შენობა თანამედროვე, შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებულ დაწესებულებად აქცია. სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრის - „მომავლის“ ხელმძღვანელის, - მარიამ მჭედლურის ინფორმაციით, კომპანიის მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსურ დახმარებას არ მოიცავდა — „ჰანიველ ცემენტის“ თანამშრომლები მოხალისეობრივად მონაწილეობდნენ მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესის, ყველა ეტაპზე.
- კომპანია „ჰანიველ ცემენტი“ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. თანამშრომელთა მოხალისეობრივი ჩართულობა ბევრად გასცდა პროექტის ფარგლებს. როგორც წესი, ამას ვაკეთებთ ჩვენ, მშობლები და მეგობრები, თუმცა არასდროს გვყოლია ისეთი მხარდამჭერები, როგორც კასპის ცემენტის ქარხნის თანამშრომლები. მათი ინიციატივით და გულწრფელი სურვილით, საკუთარი წვლილი შეიტანეს არა მხოლოდ შენობის რეაბილიტაციაში, არამედ მის გარშემო არსებული გარემოს გაუმჯობესებაშიც. ასეთი ფინანსური და ფიზიკური თანადგომა მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ჩემთვის და ჩემი თანამშრომლებისთვის, არამედ მუნიციპალიტეტისთვის, ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის“ - აღნიშნა მარიამ მჭედლურმა.

დღის ცენტრი ოფიციალურად 2016 წელს დარეგისტრირდა. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდული ცენტრის “მომავლის” გუნდის მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ კასპის მუნიციპალიტეტში სოციალური სერვისები საერთოდ არ არსებობდა, გადაწყვიტეს, რომ მრავალწლიანი გამოცდილება ახლა უკვე აღნიშნული მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების საკეთილდღეოდ გამოეყენებინა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე ეზრუნათ.
- „სარეგისტრაციო პროცედურების გავლის შემდეგ, შენობა ვიქირავეთ ბავშვებისთვის და მშობლებისთვის ოჯახური გარემო შევქმენით და მათი განვითარების, სოციუმში ადაპტირების და ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით უამრავი პროექტი განვახორციელეთ. დღის ცენტრი 6-დან 18 წლამდე ბავშვებს ემსახურება. ჩვენგან წასული სრულწლოვანი შშმ პირი კი უკვე მზადაა დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის.
ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ინიციატივა, სახელმწიფოს, ინდივიდის თუ კომპანიის თანადგომა. სამწუხაროდ, კერძო ბიზნესი ამ საკითხის მიმართ ინტერესს დიდად არ ავლენს. გამონაკლისია „ჰანიველ ცემენტი“. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესი ამხელა ფინანსური რესურსით და ასეთი ფორმით დაგვიდგა გვერდში. მისი დახმარებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული პროექტის განხორციელება შევძელით.“

ორსართულიანი, სრულად გასარემონტებელი, 330 კვ. მეტრის შენობა დღის ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტმა გადასცა. მისი რეაბილიტაცია მცირე თანხებით ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრის - „მომავლის“ გუნდმა დონორების ძიება დაიწყო და დახმარებისთვის კასპის ცემენტის ქარხანას მიმართა. სწორედ ასე მიიღო პირველი ფინანსური მხარდაჭერაც. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „ჰანიველ ცემენტმა“ თავდაპირველად 30 ათასი ლარი გამოყო, რომლითაც სრულად მოხერხდა შენობის კარ-ფანჯრის შეცვლა. 2023 წელს კასპის დღის ცენტრი თბილისიმარათონის ბენეფიციარი გახდა. რემონტის დასასრულებლად კი 120 ათასი ლარი დაიხარჯა.
“ჰანიველ ცემენტის” გენერალური დირექტორის მოადგილის ირაკლი მახარობლიძის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი დღემდე ერთადერთი სოციალური სერვისია, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს.
“შენობა, რომელიც დღის ცენტრს გადაეცა, იყო აბსოლუტურად დანგრეული. ცენტრის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის კი აუცილებელი იყო კანონით განსაზღვრული სტანდარტების დაცვა, რაც დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვდა. დღის ცენტრის “მომავლის” წარმომადგენლებმა აღნიშნული პრობლემით მოგვმართეს. მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიური პროექტის - თბილისიმარათონის ფარგლებში, ვეხმარებით შერჩეულ ბენეფიციარებს და მათ სრულად გადავცემთ ღონისძიების რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას. დღის ცენტრიც ჩვენი ბენეფიციარი გახდა. დღეისათვის, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი და “მომავლის” გუნდის ერთობლივი ძალისხმევით, კასპის დღის ცენტრი გამოირჩევა თანამედროვე და გამართული ინფრასტრუქტურით, რომელიც სრულად შეესაბამება სტანდარტებს, - აღნიშნა ირაკლი მახარობლიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღის ცენტრის განახლებული შენობა ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გაიხსნა.
ცნობისთვის, თბილისიმარათონის პროექტის ფარგლებში შემოსავალმა ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა და სრულად ქველმოქმედებას მოხმარდა.
ბენეფიციარებს შორის იყვნენ: ბედიანის ბავშვთა ცენტრი (2014), რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრი (2015), ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელა“ (2016), სოციალური საწარმო „წნული“ კასპში (2017) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა დღის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ (2018/2021), ძეგვის თავშესაფარი (2019), - აუტიზმის ეროვნული ცენტრი -„ფერადი ქალაქი“ (2022), კასპის შშმ ბავშვთა დღის ცენტრი „მომავალი“ (2023), სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი “აისი“; „ახალგაზრდული სახლი“; სპორტული კლუბი „დიდუბე” (2024), განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა დღის ცენტრი პირველი ნაბიჯი რუსთავში; “წმინდა მამა გაბრიელის სახელობის მიუსაფარ მოხუცთა პალიატიური ჰოსპისი თბილისში; “World Vision” საქართველოს მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრი (2025).
თბილისიმარათონი 2012 წელს “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” ინიციატივით შეიქმნა. 2024 წლიდან კი ღონისძიება “ჰანიველ ცემენტის” ორგანიზებით ტარდება. გარბენის მთავარი ღირებულება ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ქველმოქმედება და სპორტული ტურიზმის განვითარებაა.
(R)