საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს (გერმანია) შორის წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციას - სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, რექტორმა ხანგრძლივი და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის გერმანული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ხაზგასმით აღნიშნა ტექნიკური და ტექნოლოგიური გათლებისა და მეცნიერების განვითარებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლის შესახებ და გამოხატა სურვილი, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან კვლევითი და აკადემიური თანამშრომლობა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან მრავალწლიან შედეგიან თანამშრომლობას, რომელიც უკვე 36 წელია გრძელდება. საგულისხმოა, რომ ზაარლანდის მხარის ცნობილი ქალაქი ზაარბრიუკენი მრავალი ათეული წელია თბილისის დაძმობილებული ქალაქია. ჩვენს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობა კი საერთაშორისო პარტნიორობის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია უმაღლესი განათლების სფეროში, რაც ეფუძნება არა მხოლოდ ფორმალურ შეთანხმებებს, არამედ საერთო ხედვას - განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციის ერთიან ეკოსისტემად გარდაქმნის იდეას. ამ თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციაში, სასწავლო პროცესის ინტერნაციონალიზაციაში და იმგვარი გარემოს შექმნაში, რომელშიც სტუდენტი ახალი ცოდნის შექმნის პროცესის აქტიური მონაწილე ხდება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საუნივერსიტეტო პროცესებში სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა. ეს ის თაობაა, რომელიც დღეს უკვე ქმნის მეცნიერების ახალ სივრცეს და მომავალში მოიაზრება როგორც წამყვანი ძალა ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ მომავალს, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი ეფექტიანად განაგრძობენ თანამშრომლობას არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, არამედ ფართო საერთაშორისო ქსელის ფარგლებში - ინოვაციური კვლევითი ცენტრების, ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, მწვანე ენერგეტიკისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ჩვენი პარტნიორობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცოდნის გაზიარება თუ სამეცნიერო დიალოგი არის უნივერსიტეტის მისიის შემადგენელი ნაწილი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას პროფესიონალიზმთან ერთად, ახალგაზრდებს გავუძლიეროთ სოციალური პასუხისმგებლობა, ასევე, შემოქმედებითი უნარები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდად აფასებს ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან მრავალწლიან ურთიერთობას. დარწმუნებულნი ვართ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც იქნება ორივე მხარის განვითარების, პროგრესისა და მეგობრობის მყარი საფუძველი,“ - განაცხადა დავით გურგენიძემ.
როგორც ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვილჰელმ ჰაუზერმა აღნიშნა, გერმანული უნივერსიტეტის მეცნიერები და სტუდენტები მზადყოფნას გამოხატავენ, მომდევნო წლებშიც განაგრძონ ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, სტუდენტური სტაჟირებები და ინოვაციური ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარება.
სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები, ერთობლივი სამეცნიერო სემინარები, სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები და კულტურული პროგრამები, რაც მიზნად ისახავს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი ინიციატივების განვითარებას ინჟინერიის, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში. გარდა ამისა, ზააარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს 13 ნოემბერს სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით დაგეგმილ XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „ხელისუფლება და საზოგადოება - 2025“, ასევე, ადგილზე გაეცნობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინდუსტრიული კომპანიების საქმიანობას.