სასამართლომ „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გივი წულეისკირს და „სფერო ინვესტის“ დირექტორ გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს გივი წულეისკირს და „სფერო ინვესტის“ დირექტორს გიორგი მურუსიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულით მოსამართლე დავით კურტანიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც

გივი წულეისკირისა და გიორგი მურუსიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

როგორც პროკურორმა ნინო კეპულაძემ სხდომაზე აღნიშნა, უკვე მიმალვაში იმყოფება ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი მურუსიძე და მის მსგავსად, არსებობს გივი წულეისკირის მხრიდანაც მიმალვის საფრთხე, თუ მას პატიმრობა არ შეეფარდება.

პროკურორის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ გივი წულეისკირს საზღვარგარეთ კონტაქტები აქვს. ამასთან, პროკურორის განმარტებით, გათავისუფლების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით წულეისკირმა შესაძლოა მოწმეებზე ზემოქმედებაც მოახდინოს. მისი თქმით, გაგრძელდება საქმეზე გამოძიება.

რაც შეეხება გივი წულეისკირის დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატ ნონა ფილაურის თქმით, გივი წულეისკირი საზღვარგარეთ ერთადერთხელ არის ნამყოფი, ისიც ესპანეთში და აპელირება იმაზე, რომ მას კონტაქტები აქვს უცხოეთში, სიმართლეს არ შეესაბამება.

ადვოკატის თქმით, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში გივი წულეისკირი უზრუნველყოფს დაზარალებულთა დაკმაყოფილებას, ხოლო პატიმრობაში დატოვების პირობებში კი, პირიქით, ეს ვერ მოხდება და დაზარალებულთა წრე გაიზრდება. ადვოკატმა სასამართლოს წარუდგინა გივი წულეისკირის “ფორმა 100”, რითაც, მისივე თქმით, დგინდება, რომ გივი წულეისკირი ვერ იტანს დახურულ სივრცეს”.

დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარი შესთავაზა.

რაც შეეხება გიორგი მურუსიძის ადვოკატის, გაგი ჩოხელის პოზიციას, გიორგი მურუსიძე მიმალვაში არ იმყოფება და მისი მხრიდან არ არსებობს მიმალვის საფრთხე. ადვოკატმა სასამართლოს 100 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

შეგახსენებთ, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ.

პროკურატურის ინფორმაციით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 244 მოქალაქეს, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინეს დიდი ოდენობის თანხები. თავად კი, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო