ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025

სანდრო თვალჭრელიძე - “ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ერთ დიდ კრიმინალურ ქრონიკაში”

მსვლელობა ქალაქში ერთ ადგილზე დგომისა და ქუჩის გადაკეტვის ნაცვლად - რა შედეგი ექნება აქციების ახალ ფორმას

გია ხუხაშვილი - “ჯერ გამოაქვთ ვერდიქტი, რომ ვიღაც უნდა დაიჭირონ და მერე იწყება ფიქრი, რაზე უნდა დაიჭირონ”

“კოკა-კოლა” ცხინვალში რეგისტრირებულ შპს-ს უჩივის - ფალსიფიცირებული სასმელი ქართული წარწერით

ვახტანგ კაპანაძე - რა ხდება უკრაინის ფრონტზე?!

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ერთ დიდ კრიმინალურ ქრონიკაში”

"ზოგადად რომ შევაფასოთ ვითარება, გეტყვით, რომ რასაც თვალს ვადევნებთ, ეს არის მზარდი ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი მეთოდები. რატომღაც ხელისუფლებაში მოსულ პირებს ისტორია ავიწყდებათ და სწორედ იმავე შეცდომებს იმეორებენ, რისი მსხვერპლიც, ადრე თუ გვიან, თვითონვე ხდებიან. პირველი კომუნისტური ტერორი ჯერ კიდევ 1918 წელს ტროცკიმ დაიწყო, რომელსაც შემდგომ თვითონვე ემსხვერპლა. შემდგომ იყო იაგოდას, ეჟოვის, ბერიას სასტიკი რეპრესიები - ბოლოს სამივე დახვრიტეს. გაიხსენეთ, ჰიტლერის ანგარიშსწორებაც, რომელსაც “გრძელი დანების ღამე” ეწოდა და როდესაც ერთ ღამეში მთელი თავისი მიუნხენიდან წამოსული გარემოცვა გაანადგურა. ყველა ავტორიტარული რეჟიმი თითქმის ერთი და იმავე სცენარით მოქმედებს. სამწუხაროდ, დღეს სწორედ ეს ხდება საქართველოშიც. ისე, დღევანდელ მთავრობას ვეტყოდი, ფრთხილად იყვნენ, მალე მათი დროც არ მოვიდეს”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ერთ დიდ კრიმინალურ ქრონიკაში”.

“ცოტა სასაცილოა გახარიასთვის წაყენებული ბრალდებები. 2019 წლის 20 ივნისს მოხდა ის დარბევა, რაზეც იმჟამინდელ შს მინისტრს ედავებიან, იმავე წლის აგვისტოში კი იყო ჩორჩანის საგუშაგოს ამბავი. ამის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც როგორც დღეს გვიმტკიცებენ, გახარიამ ეს “საშინელი დანაშაულები” ჩაიდინა, უკვე 2019 წლის სექტემბერში, ის “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახდა და რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა ქვეყანას, სხვათა შორის, როგორც “ოცნება” იმხანად გვიმტკიცებდა, საუკეთესოდ. ის მართავდა მთავრობას პანდემიის დროს და არცთუ ურიგოდ, ამაში “ოცნების” იმჟამინდელ განცხადებებს დღესაც ვეთანხმები... ანუ რა გამოდის, ამხელა დამნაშავეს ჩააბარეს ქვეყნის მართვა? ბუნებრივად იბადება კითხვა, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? თუ გახარიამ უნდა აგოს პასუხი 20 ივნისის ან ჩორჩანის ეპიზოდზე, რატომ არ უნდა აგონ პასუხი იმჟამადაც და ახლაც ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე მყოფმა პირებმა? ივანიშვილი ინტერვიუში 2024 წელს ამტკიცებდა, გახარია ხელისუფლებაში ყოფნისასაც და ახლაც “ნაციონალურ მოძრაობას” დაბრუნებაში ეხმარებოდაო, მაშინ მაინტერესებს, უკვე ამდენი “დანაშაულის?” ჩამდენი გახარია რატომ დააწინაურეთ პრემიერ-მინისტრად? მე ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ვერ მოვისმინე ვერც ივანიშვილისგან და ვერც სხვებისგან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“როცა გახარიაზე ივანიშვილის პირად შურისძიებაზე ლაპარაკობენ, პირადად ჩემთვის უმნიშვნელოა, გახარია ივანიშვილის პირადი, კორპორაციული თუ იდეოლოგიური მტერია. მთავარი ის არის, რომ ხელისუფლება საკუთარი ავტორიტარული მიზნებისთვის მზად არის გაწიროს ყველა და ყველაფერი. რა, ივანიშვილის უახლოესი პირი არ იყო ღარიბაშვილი ან ლილუაშვილი? დაახლოებით ასეთი პროცესია, როცა “კატოკს” დაღმართზე უშვებ, მისი გაჩერება თითქმის შეუძლებელია, ის ყველას გადათელავს, იმასაც, ვინც ქვემოთ მოყვა, და იმასაც, ვინც ჯერ ზემოთ ზის. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ერთ დიდ კრიმინალურ ქრონიკაში. მე უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ საღამოობით ნახევარ საათს მაინც ვუთმობ ახალი ამბების გაცნობას, ძირითადად, იმისთვის, რომ გავიგო, იმ დღეს ვინ დაიჭირეს... აი, ასეთი არანორმალური ვითარება გვაქვს. სამწუხაროდ, დღეს ოპოზიცია უკიდურესად უსუსურია, არც ორგანიზაციული და არც იდეური სიახლეები მის ფლანგზე არ ჩანს. შესაბამისად, ამდენს ამიტომაც ბედავს “ქართული ოცნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რომ გადავხედოთ ისტორიას, ყოველი ახალი ხელისუფლება საკუთარ საქმიანობას კორუფციასთან ბრძოლით იწყებდა და ბოლოს თვითონ ხდებოდა კორუმპირებული. ვფიქრობ, ახლა “ქართული ოცნება” ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს კორუფციასთან ბრძოლით, თუმცა ამას შეიძლება უკუეფექტიც მოჰყვეს, რადგან კორუფციას სისტემურად არავინ ებრძვის, ეს არის რიგი ჩინოსნების დასასჯელად და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად ფასადური ბრძოლა. კორუფციის სრულად აღმოფხვრა წარმოუდგენელია, მისი რეციდივები ყველა წამყვან ქვეყანაშია, თუმცა ჩვენთან და ჩვენისთანა ქვეყნებში პრობლემა მის სისტემურობასა და მასშტაბშია. ვუშვებ ნამდვილად, რომ მოპარული ფულის დაბრუნების სურვილს შესაძლოა დაემთხვა ვიღაცის გულწრფელი სურვილიც, რომ ებრძოლოს კორუფციას, თუმცა ვერ გამოვრიცხავ, რომ მალე ამ მებრძოლებს თვითონ წაუცდებათ იოლად ფულის შოვნაზე ხელი. აქვე ვიტყვი, რომ სანამ საქართველოში ტენდერების ჩატარების შესახებ კანონმდებლობა არ შესწორდება, მანამდე კორუფციის მასშტაბის შემცირება გამორიცხულია, რადგან ეს არის უზარმაზარი კორუფციული სქემების შექმნის მანქანა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ჩემი დაკვირვებით, სახელისუფლებო გუნდში დიდი დაპირისპირებაა, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს, თუმცა “ბუშტები” სკდება, რის შედეგადაც რაღაცები შეიძლება ვივარაუდოთ. მარჩიელობას ვერ ვიტან, მაგრამ ერთი ცხადია, ამ ეტაპზე ძალაუფლების მქონე ზოგიერთ პირს კახა კალაძის წაქცევა სურს. მერწმუნეთ, ხელისუფლებაში მყოფი პირის ციხეში გასაშვებად საფუძვლის მოძებნა არ გაჭირდება, თუკი ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ზემოთ. წესით, მალე უნდა ვნახოთ ამ ბრძოლების შედგები. აქვე ვიტყვი ერთსაც - როგორც წესი, კორუფცია ზემოთ ტივტივს იწყებს მაშინ, როდესაც ძალაუფლება ლპობას იწყებს. სურთ რაც შეიძლება ბევრი ფული “მოტეხონ” და გაიქცნენ, რადგან მოქმედ გუნდთან ერთად მომავალს ვერ ხედავენ ხოლმე. ასე ხდებოდა კომუნისტების, შევარდნაძის თუ სააკაშვილის დროს. მე დღესაც ამგვარ ნიშნებს ვხედავ, თანაც, როგორც წესი, ყველაზე კორუმპირებული ისინი აღმოჩნდებიან ხოლმე, ვინც კორუფციას ყველაზე მეტად ებრძვის. ჩვენ ისევ ერთ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ. ერთი ჩემი მეგობარი ცოლზე იყო გაბრაზებული და ასეთ რამ თქვა, ყველა ცოლი ერთნაირია, მხოლოდ სხვადასხვა სახელი ჰქვიათო. ამ ჩვენი ხელისუფლებების საქმეც ასეა, აქტორები ერთნაირები არიან, უბრალოდ, სხვადასხვა სახელი ჰქვიათ”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

“ძალიან გადავრჩით, რომ სამტრედი ხიდი ექსპლუატაციაში შესვლამდე ჩაინგრა, სხვა შემთხვევაში, ალბათ, დიდ მსხვერპლს ვერ ავცდებოდით. სამართალდამცავებს კი ორ წელზე მეტი დასჭირდათ ამ საქმის გამოსაძიებლად, მაშინ, როდესაც ყველაფერი ხელისგულზე იდო. ძალიან ბევრი ფული კეთდება მშენებლობის ნებართვების გაცემაშიც. კარგად მახსოვს, როდესაც რიკოთის უღელტეხილის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყებოდა, უნდოდათ გეოლოგიური სამუშაოები ჩვენი კომპანიისთვის შეეკვეთათ, მაგრამ როდესაც ვუთხარით, რამდენი გასაბურღი სამუშაო იყო ჩასატარებელი, რომ ნორმალური დასკვნა დაგვეწერა, არ მოეწონათ, წავიდნენ და გეოფიზიკური სამუშაოები ჩაატარეს. ამაში თავიდანვე იყო ჩადებული კორუფციული სქემა, რომელშიც ჩართული იყვნენ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ იმ უცხოური კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებიც მშენებლობაში სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობდნენ. ეს მრავალსაფეხურიანი სქემაა. მათ შორის ბევრი კითხვაა აზიის განვითარების ბანკთან, რომელთან ერთადაც რამდენიმე პროექტში მონაწილეობაზე პირადად მე უარი ვთქვი, მათ შორის თერმულ წყლებზე თბოსადგურის დაპროექტებაზე, იმიტომ, რომ მასშიც რაღაც არასასიამოვნო ტენდენციები შევნიშნე”, - განმარტავს რესპონდენტი.

“რაც ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ხდებოდა, სრულიად უნიკალური მოვლენაა, რასაც მსოფლიოში პრეცედენტი არა აქვს. მე არ მინახავს არც ერთი სახელმწიფო, სადაც საპროტესტო აქცია სამ თვეზე მეტხანს გაგრძელებულიყოს.... ოპოზიციამ ვერაფრით მოახერხა საზოგადოებაში არსებული ძალიან უარყოფითი განწყობების კონსოლიდაცია და პროტესტის წინამძღოლობა. ისინი ამ აქციების რიგით მონაწილეებად დარჩნენ. მათგან არც იდეები გვინახავს ამ ხნის განმავლობაში, არც ინიციატივა. თავის მხრივ, ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი მათ უმოქმედობას, მათი ნაწილი ციხეში გამოკეტა. მაგალითად, 4 ოქტომბერი კარგად მომზადებული სახელისუფლებო პროექტი იყო, რათა ეს ადამიანები დაეკავებინათ. თუ უახლეს ისტორიას დავაკვირდებით, ხელისუფლება იცვლებოდა მაშინ, როდესაც ერთი პირის გარშემო ხდებოდა გაერთიანება და ეს ადამიანი ახალი სახე იყო ხოლმე. საზოგადოების დიდ ნაწილს “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ მის ალტერნატივას ვერ ხედავს, არ იცის, ვინ შეიძლება შეცვალოს. ვიდრე ახალი ადამიანი არ გაჩნდება, რომელიც მიზიდულობის ცენტრს შექმნის და ახალ პროექტს შემოგვთავაზებს, საუბედუროდ, ეს ძირმომპალი ადმინისტრაცია დარჩება ხელისუფლებაში”- დაასკვნის ექსპერტი.

“რაც შეეხება ერთწლიანი პროტესტის პოზიტიურ მხარეებს, უპირველესად ეს არის იმის დემონსტრაცია, რომ ქართველი დიქტატურას არ შეეგუება. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რაც არ უნდა შემზღუდავი და რეპრესიული კანონები მიიღოს, პროტესტი არსად გაქრება, სულ იარსებებს, ვიდრე “ქართული ოცნება” იქნება ხელისუფლებაში. მათ უნდა ესმოდეთ, რომ წყნარად ვეღარასდროს იქნებიან. ქართველი კაცის ნება, მისი შეუპოვრობა, ვფიქრობ, მსოფლიოსთვის მაგალითია და თანაც ჩვენი ევროპული არჩევანის დემონსტრირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს პროტესტი უკიდურესად კულტურულია, რამდენიმე მცირე ინციდენტის გარდა. არც ერთი ვიტრინა არ ჩატეხილა, არც არაფერი დამწვარა, არც არავინ გაუძარცვავთ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ იმგვარი სისულელით, რასაც ესენი “დიპ სტეიტს” ეძახიან და კაცმა არ იცის, ეს რა ჯანდაბაა, საკუთარ ამომრჩეველსაც ვეღარ “აბოლებენ”. დასასრულ გეტყვით ერთსაც - ცარიელი ადგილი არასდროს რჩება ამოუვსები. ეს არის თერმოდინამიკის კანონი, რომელიც საზოგადოებაზეც ვრცელდება. ნელ-ნელა აუცილებლად გამოჩნდება ალტერნატივა, ოპოზიციას კი ვურჩევდი უკვე დაიწყოს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

მსვლელობა ქალაქში ერთ ადგილზე დგომისა და ქუჩის გადაკეტვის ნაცვლად - რა შედეგი ექნება აქციების ახალ ფორმას

“ბოლო დღეებში რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ფორმა შეიცვალა. აქციის მონაწილეები, რუსთაველზე დგომისა და პერიოდულად გზის გადაკეტვის მცდელობის ნაცვლად, ახლა ქალაქის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე მართავენ მსვლელობებს. მათ პერიოდულად პოლიციასთან მოსდით დაპირისპირება. რატომ შეცვალეს ტაქტიკა და რას აძლევს ეს მათ? 15 ნოემბრის ღამეს, აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ, საიდანაც მეტრო “რუსთაველის” მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ზანდუკელის ქუჩაზე, მერაბ კოსტავას სახლთან მივიდნენ. ამასთან, პოლიციამ ზანდუკელის ქუჩა აღნიშნულ მონაკვეთზე გადაკეტა და მოქალაქეებს გზის ამ მიმართულებით გაგრძელების უფლებას არ აძლევს, რასაც ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეების თქმით, სირცხვილია, რომ სამართალდამცველები კეტავენ ტერიტორიას, რომელიც “საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მსვლელობა ქალაქში ერთ ადგილზე დგომისა და ქუჩის გადაკეტვის ნაცვლად - რა შედეგი ექნება აქციების ახალ ფორმას.

“მსგავსი მსვლელობები გაიმართა წინა დღეებშიც და როგორც ჩანს, ეს ეს პრაქტიკა ახლო მომავალშიც გაგრძელდება. ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, პროტესტანტების მიერ გეგმის შეცვლის მიზეზი შიშია. ხოლო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ გამკაცრებულმა სანქციებმა აიძულა პროტესტის მონაწილეები, რომ ტაქტიკა შეეცვალათ. “ხომ გაგიგიათ, შიშს დიდი თვალები აქვსო... შემოელიათ ხალხი, რომელიც 5-10-დღიან ციხეზე მიდიოდნენ. ახლა არავის უნდა ერთწლიანზე წასვლა. ეს არის მიზეზი, თუ რატომ შეცვალეს ფორმატი. მეტი ახსნა ამას არ აქვს. არ არიან მზად ციხეები მოიხადონ. ასე რომ, აქ მხოლოდ და მხოლოდ შიშია. რა თქმა უნდა, ამას არავითარი შედეგი არ ექნება”, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ, რომლის თქმით, “ახლა მიდის ბრიუსელიდან მიღებული ფულების ათვისება ასე ქუჩა-ქუჩა ხეტიალით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შეცვლილი გეგმა პროტესტანტებს აძლევს იმას, რომ ხელისუფლებას ნაკლები საფუძველი ექნება დააპატიმროს მონაწილეები და აღძრას სისხლის სამართლის საქმეები. აქამდე გზის გადაკეტვაზე მკაცრი სანქცია იყო და შემდეგ უკვე, მეორე მცდელობაზე, ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის საქმე იწყებოდა. ამასთან, დიდი საპოლიციო ძალები იყო მობილიზებული. ამ ყველაფერს მომიტინგეებმა დაუპირისპირეს მსვლელობა გზის გადაკეტვის ნაცვლად. აქედან გამომდინარე, ხალხის რაოდენობა არ იცვლება და პროტესტი გრძელდება. ყველა აცნობიერებს, რომ ასე თუ გადაადგილდებიან, ივანიშვილი არ დათმობს ძალაუფლებას. თუმცა, ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ბრძოლა გრძელდება. ტაქტიკა კი შეიცვალა, მაგრამ მიზანი დარჩა იგივე. მნიშვნელოვანია, რომ ამას სხვა ფაქტორებმაც შეუწყოს ხელი. მაგალითად, “ოცნების” წარმომადგენლების დასანქცირებამ. ასევე გეოპოლიტიკური ვითარება უკრაინის სასარგებლოდ უნდა შეიცვალოს, აშშ-მა კიდევ უფრო მეტი დაინტერესება უნდა გამოხატოს საქართველოს მიმართ. ამას პლუს ქვეყნის შიგნით ძლიერი მოძრაობა უნდა შეიქმნას, რომელიც მოსახლეობას დაარწმუნებს, რომ “ოცნება” შესაცვლელია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

გია ხუხაშვილი - “ჯერ გამოაქვთ ვერდიქტი, რომ ვიღაც უნდა დაიჭირონ და მერე იწყება ფიქრი, რაზე უნდა დაიჭირონ”

“პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესი კანონზომიერი და ლოგიკურია იმ სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ხელისუფლებას აქვს - საქართველოში უნდა დამყარდეს რუსული მოდელის ავტოკრატია, რომელსაც რუსეთში, რა თქმა უნდა, არ უწოდებენ ავტოკრატიას, სუვერენულ დემოკრატიას ეძახიან. ეს გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთი დომინანტური პოლიტიკური ძალა და მისი სატელიტური ოპოზიცია პოლიტიკის ლეგალურ სივრცეში. იმისათვის, რომ ეს მოდელი დაამყარო, პოლიტიკური ველი უნდა გაასუფთაო, გაწმინდო ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც ამ თამაშის წესებს არ ეთანხმებიან. და როგორ უნდა გაასუფთაო? უნდა გამოიყენო მართლმსაჯულების მექანიზმები, შანტაჟი, მოსყიდვა და ა.შ. ვინც არ ემორჩილება, მას უკერავენ იმ ტიპის საქმეებს, რომლებითაც იძულებით გაგყავს ისინი ლეგალური პოლიტიკური სივრციდან და გადაგყავს ე.წ. არასისტემური, არაინსტიტუციური ოპოზიციის რანგში”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჯერ გამოაქვთ ვერდიქტი, რომ ვიღაც უნდა დაიჭირონ და მერე იწყება ფიქრი, რაზე უნდა დაიჭირონ”.

“გახარიაზე საქმეების აღძვრა, მინიმუმ, იმას ემსახურება, რომ ის არასდროს ჩამოვიდეს საქართველოში. ნელ-ნელა პოლიტიკური ძალა, რომელიც პირადად მასთან ასოცირდება, ეფექტურად ვეღარ იფუნქციონირებს - ეს არის ამოცანა. პარალელურად, ვინც მისი პარტიიდან აქ დარჩება, შეეცდებიან გადაიბირონ, შეიძლება ვიღაც დაიჭირონ, ვიღაცასთან მოილაპარაკონ, რომ დათანხმდეს ამ თამაშის წესებს... სააკაშვილი კი მუდმივი კატათაგვობანას თამაშის ელემენტია. ახლა სააკაშვილი ციხეში გადაიყვანეს და ამას ურთავენ პოლიტიკურ განცხადებებს, მათ შორის, რატომღაც შემოიტანეს დასავლეთის თემაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც კი თქვა, ბრიუსელმა უნდა გადაიხადოს მისი საავადმყოფოში ყოფნის ხარჯებიო. ეს ნონსენსია, აბსურდი. თუ სააკაშვილი ავად იყო და ამიტომ მკურნალობდნენ, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა - პატიმარს, რომელიც ავად არის, უნდა უმკურნალო. თუ ავად არ იყო და ჯანმრთელ ადამიანს წამლებით ჭყიპავდნენ, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და რა შუაშია ბრიუსელი?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“თუ პაპუაშვილი ამას იმიტომ ამბობს, რომ სააკაშვილი ავად არ იყო, მაგრამ საავადმყოფოში ჰყავდათ და ამას ვიღაცას აყვედრის, გამოდის, ჯანმრთელ ადამიანს წამლებს ტყუილად ასმევდნენ. გარდა ამისა, ხელისუფლებას მუდმივად სჭირდება მნიშვნელოვანი თემების გადაფარვა. ურჩევნიათ, ვილაპარაკოთ იმაზე, სააკაშვილი აქედან სად წაიყვანეს და იქიდან სად გადმოიყვანეს, რასაც სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა არა აქვს; ან იმაზე, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოსვლისას თურმე მაცივარი გამოიტანა და მერე სამი დღე ამ თემაზე ვსაუბრობთ. ხელისუფლებას აქვს სტრატეგიული გეგმა, მაგრამ, იმავდროულად, იყენებს ყოველდღიური პრობლემების გადაფარვის ტექნოლოგიას. მუდმივად ქმნის საინფორმაციო ქაოსს და ამ ქაოსში გვაცხოვრებს. ამასობაში დრო გადის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რა მნიშვნელობა აქვს, რა ჩადო ღარიბაშვილმა გირაოში. უფრო მნიშვნელოვანია, თვითონ რა პროცესთან გვაქვს საქმე ამ ე.წ. კორუფციასთან ბრძოლაში. ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, იმიტომ, რომ სისტემა თავად ისეა მოწყობილი, რომ კორუფციის გარეშე ვერ იარსებებს. შესაბამისად, ჩვენ საქმე გვაქვს ქონებისა და ბიზნესების გადანაწილებასთან. საქართველოში მძვინვარებს ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმი, სადაც ხელისუფლება აკონტროლებს ბიზნესს და იღებს გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ბიზნესმენთან დაკავშირებით - ვის ხელში უნდა იყოს ესა თუ ის სფერო. საუბარი არ არის მხოლოდ ლეგალურ ბიზნესზე. არ დაგვავიწყდეს, რომ ძირითადი შემოსავალი სალაროში სწორედ რუხი ზონიდან შემოდის, იქნება ეს ქოლცენტრები, ნარკოტიკების ბრუნვა, არალეგალური ტრანზიტი თუ რეექსპორტი, მაგალითად, რუსეთთან მიბმული. ეს არის ფულის ყველაზე დიდი წყარო. ვიღაც ამას ხომ კურირებდა? ძნელი წარმოსადგენია, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის გარეშე ეს რგოლი მუშაობდეს”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“დარწმუნებული ვარ, სუს-ს მისამართებით აქვს ქოლცენტრების სია და იცის, სად რა მუშაობს, მაგრამ რატომღაც ხელს არ ახლებენ. აქედან გამომდინარე, ახლა მიდის­ გადანაწილება - ვიღაც პატრონობდა ამას, ახლა მეორე ჯგუფმა გაიმარჯვა და მიდის ამათი ჩაჩოჩება და ახალი მოთამაშეების შემოყვანა. ბაკურიანის ქეისი (სტეფანიანის საქმე) ავიღოთ, ეს ხომ შერჩევითი სამართლის პირდაპირი მაგალითია. თურმე 20 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ვიღაც რაღაცას უნებართვოდ აშენებდა. თბილისში მშენებლობების ნახევარი უნებართვოდ და დარღვევებით მიმდინარეობს. რატომ იმას არ ეხებიან? ამის ფაქტებიც დაიდო, ვხედავთ, რომელი კომპანია აწარმოებს უნებართვო მშენებლობებს, მაგრამ მათ რატომღაც არ ეხებიან. ეს, ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ ბაკურიანში ვიღაცას გაუჩნდა სტეფანიანის ჩანაცვლების ინტერესი. ანუ რით განსხვავდება ავტორიტარული სისტემები დემოკრატიულისგან? დემოკრატიულ სამყაროში ჯერ არის დანაშაული და მერე ვერდიქტი, ავტორიტარულ სისტემებში კი ჯერ ვერდიქტი გამოდის და მერე ამ ვერდიქტს “აბამენ” დანაშაულს. - ჯერ გამოდის ვერდიქტი, რომ ვიღაც უნდა დაიჭირონ და მერე იწყება ფიქრი, რაზე უნდა დაიჭირონ. დარწმუნებული ვარ, სტეფანიანის საქმეშიც ზუსტად ასე მოხდა - ჯერ გამოიტანეს ვერდიქტი, რომ სტეფანიანი უნდა გაწეწონ, დაიჭირონ და მერე დაიწყო საქმეების შეკერვა”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“ღარიბაშვილის ქეისიც ავიღოთ. რა, არ იცოდნენ, რას აკეთებდა? ის არა მხოლოდ ხელდასხმული იყო, დარწმუნებული ვარ, იმ ჯამიდან ძალიან ბევრი ჭამდა, ვინც დღესაც ხელისუფლებაშია. ისე კი არ მომხდარა, უი, რაღაც დააშავა და მოდი, მართლმსაჯულება აღსრულდესო. არა, პირიქით, ჯერ გამოუტანეს ვერდიქტი, თქვეს, დროა ღარიბაშვილი გავწეწოთო, და მერე შეუკერეს საქმეები. მე იმას არ ვამბობ, რომ ღარიბაშვილი უდანაშაულოა, მაგრამ პროცესუალურად ყველაფერი უკუღმაა. თუ ადრე მართლმსაჯულებას ღარიბაშვილზე თვალები მაგრად ჰქონდა დახუჭული, თემიდამ მიიღო ბრძანება, აბა, ახლა გაახილეო, და გაახილა კიდეც. საერთოდ, ჩვენ ძალიან კარგად თვალგახელილი თემიდა გვყავს. ეს არ არის ის თვალახვეული თემიდა, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს ახასიათებს. ჩვენ დაჭყეტილთვალებიანი თემიდა გვყავს”, - თვლის რესპონდენტი.

“რატომ არის ღარიბაშვილი გარეთ? მას კიდევ აძლევენ შანსს, შეაგროვოს, იმუშაოს და მიიტანოს სალაროში. ციხიდან ხომ ვერ შეაგროვებს იმ თანხას? ამასთან, დასაჭერ სამიზნეს ჯერ პირადად ხელს არ ახლებენ, რათა ვალდებულებების შესრულების შანსი მისცენ, მაგრამ მის ირგვლივ ვიღაცებს იჭერენ, რომ უფრო კარგად იმუშაოს და შეაგროვოს. რა ხდება ლილუაშვილის ირგვლივ, ხომ ვხედავთ? მგონი, მძღოლიც კი დაუჭირეს. იგივე ხდება გზების დეპარტამენტის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირგვლივ. ამ ხალხს სთხოვენ, ფული მოიტანეთო... ეს არის ქონების გადანაწილება, მაგრამ ამას აქვს პოლიტიკური განზომილებაც. როდესაც დიდი ქონების გადანაწილება ხდება, ბევრს უჩნდება ინტერესი. ვფიქრობ, აქ უკვე ტრანსნაციონალური კრიმინალიც მონაწილეობს და ეს პროცესი განსაკუთრებით ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ გააქტიურდა”, - განმარტავს ექსპერტი.

“ვფიქრობ, კობახიძე და მისი გუნდი იმ მოლოდინით, რომ ბიძინა ამ ბინძურ პროცესს მათ აჰკიდებს და ჩარეცხავს, როგორც არაერთხელ გაუკეთებია, ცდილობენ ეს პროცესი ბიძინას “სტერილიზაციისთვის” გამოიყენონ - დატოვონ ის ალტერნატივის გარეშე, რათა ერთადერთ მემკვიდრეებად თვითონ დარჩნენ და ამით შეინარჩუნონ ძალაუფლება. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ხალხი ბიძინასგან ალტერნატიულ ძლიერ ზურგს უკვე ეძებს. კრემლი ერთადერთია, რომელსაც შეუძლია ბიძინას ალტერნატივა შექმნას. კრემლისთვისაც ეს კომფორტულია, ბიძინა მაინც ძვირი უჯდება. უფრო იაფი მსახურები აწყობს. ამით ისინი, ერთი მხრივ, ბიძინას აკონტროლებენ, ეუბნებიან, თუ კარგად არ მოიქცევი, აგერ ამათ ჩაგანაცვლებო. მეორე მხრივ, საჭირო მომენტში შეიძლება რეალური მექანიზმებიც ჩართონ. ასე რომ, დღეს ბიძინაც სერიოზულ საფრთხეშია. ნუ ვიფიქრებთ, რომ ბიძინას დალხენილი ცხოვრება აქვს. ის აღარ არის ადამიანი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს და სიტუაციას აკონტროლებს. მას დიდწილად კონტროლი უკვე დაკარგული აქვს. ამიტომ, როდესაც ყველაფერს ბიძინას ვაბრალებთ, არასწორია. ვფიქრობ, კრემლი უკვე იმდენად არის შემოსული, რომ ბიძინა ამ სისტემის მხოლოდ ერთი აღმასრულებელი ელემენტია და არა გადამწყვეტი ინსტანცია”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ოპოზიციამ, საზოგადოებამ რა უნდა გააკეთონ?” - პასუხობს:

“მე ოქროს გასაღები არა მაქვს. ოპოზიციას ბევრი შანსი ჰქონდა და ვერასდროს გამოიყენეს. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური კლასის ძირეულად გადახალისება, გაახალგაზრდავება, გასუფთავება, სისხლის გადასხმა. ფაქტია, ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერების დეფიციტია, ისეთი ლიდერების, რომელთაც ხალხში ნდობა და ავტორიტეტი აქვთ. შესაბამისად, როდესაც არსებობს დეფიციტური მოთხოვნა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოჩნდება შესაბამისი მიწოდება ბაზარზე. მე ასეთ მიწოდებას უფრო ახალ თაობაში ვხედავ. მიკვირს, რატომ ერიდებიან ისინი პოლიტიკას. კი ბატონო, გავიგეთ, რომ ოპოზიცია არ ვარგა, მაგრამ თქვენ, ასეთი აქტიურები, შემართულები, პატრიოტები რომ ხართ, რატომ არა გაქვთ ამბიცია, თავად აიღოთ სადავეები ხელში? გამოდით წინა პლანზე და თავად გახდით ლიდერები!”

“კოკა-კოლა” ცხინვალში რეგისტრირებულ შპს-ს უჩივის - ფალსიფიცირებული სასმელი ქართული წარწერით

“მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ კომპანია “კოკა კოლას” სარჩელი წარმოებაში მიიღო. ამერიკული მწარმოებელი მოითხოვს, რომ ცხინვალში რეგისტრირებულ შ.პ.ს. “კოკა-კოლა კომპანიას” რუსეთში ამერიკული ბრენდის სახელის გამოყენება აეკრძალოს. მათი ცნობით, ცხინვალური კომპანია რუსეთის ბაზარს ფალსიფიცირებული “კოკა-კოლათი” ამარაგებს, თანაც ქართულენოვანი ეტიკეტით. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ოფიციალურ სარჩელში მითითებული მოპასუხის - შ.პ.ს. “კოკა-კოლა კომპანიას” იურიდიული მისამართი: “100001, რუსეთი, ქ. ცხინვალი, გორკის ჩიხი, ნომერი 6”. აქვე გეტყვით, რომ რუსეთის ხელისუფლებამ 2010 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთს მიენიჭა “საერთაშორისო” საფოსტო ინდექსი 100001. ამ საქმეზე “კოკა-კოლამ” ჯერ კიდევ წლის სექტემბერში შეიტანა სარჩელი მოსკოვის სასამართლოში, თუმცა, როგორც “ტელეგრამ” არხი “საპა” წერს, სარჩელი ხარვეზებს შეიცავდა და მაშინ მას მსვლელობა არ მიეცა. ახლა კი ეს ხარვეზები გამოსწორებულია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “კოკა-კოლა” ცხინვალში რეგისტრირებულ შპს-ს უჩივის - ფალსიფიცირებული სასმელი ქართული წარწერით.

“როგორც ოსური “ტელეგრამი” წერს, პოლიტიკოსმა ჩრდილო ოსეთიდან იოსებ ჯაგაევმა, რომელიც ბოლო ადგილობრივ არჩევნებზე მოსკოვის მერობაზეც იყრიდა კენჭს, საქმეში მესამე მხარის სახით ჩართვა მოისურვა. გასულ პარასკევს ის მოსკოვში შევეიცარიის საელჩოში არსებულ საქართველოს ინტერესების სექციაში იმყოფებოდა. ამ ვიზიტის შემდეგ კი განაცხადა, რომ “მისი წყალობით, საქმეში რუსეთის ფედერალური სამსახური ჩაერთო, რამაც საქმის წარმოებისადმი ინტერესკი კიდევ უფრო გაზარდა” და სავარაუდოდ “სამხრეთოსეთური კომპანიის დღეები დათვლილია”. “საქართველოს ინტერესების სექციას ვაცნობე, რომ რუსეთში, პრაქტიკულად ყველგან - რესტორნებსა და მაღაზიებში - იყიდება კუსტარულად დამზადებული “კოკა-კოლა”, რომელსაც ქართული ეტიკეტები აქვს. ყველასათვის ნათელია საიდან მოდის ეს”, - განაცხადა ჯაგაევმა. ოკუპირებული ცხინვალი მიიჩნევს, რომ ჯაგაევი “ქართული ინტერესების ერთგული წარმომადგენელი ფანატიკოსი და “კოკა-კოლას” დამცველია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამერიკულმა კომპანიამ სარჩელი თავდაპირველად 8 სექტემბერს შეიტანა და მოსკოვის სასამართლომ ის არ მიიღო წარმოებაში. მარტში “კომერსანტი” წერდა, რომ რუსულმა საცალო ქსელებმა მიიღეს შეთავაზებები ცხინვალში რეგისტრირებულ “კოკა-კოლა კომპანიის” მიერ წარმოებული “კოკა-კოლას” ბრენდის სასმელების მიწოდებაზე, რომელიც რუსულ შპს “პკბ”-სთან პარტნიორობით აწარმოებს. გაზეთის ცნობით, პროდუქტის ეტიკეტი პრაქტიკულად ორიგინალის იდენტური იყო. მარტში ცხინვალის ე.წ. საბაჟო კომიტეტმა კომენტარი გააკეთა რუსეთში “კოკა-კოლას” ყალბი პროდუქციის გაგზავნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. “ბოლო დროს მედიაში აქტიურად განიხილება სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ფედერაციაში კომპანია “ლოკას” მიერ “კოკა-კოლის” ბრენდის სასმელების მასობრივი იმპორტის თემა. ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საბაჟო კომიტეტს არ აქვს ინფორმაცია აღნიშნული პროდუქციის მიწოდების შესახებ”, - განაცხადა უწყების პრესსამსახურმა. კომიტეტის განცხადებით, “ლოკას” დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან საქონლის საექსპორტო დეკლარაცია არ წარადგინა, თუმცა მიწოდების ფაქტი პირდაპირ არ უარყო” - განაგრძობს გამოცემა.

“2022 წლის მარტში რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებული სანქციების გამო, ივნისში რუსეთის ბაზარზე “კოკა-კოლას”, “სპრაიტისა” და “ფანტას” ბრენდების ქვეშ გაზიანი სასმელების გაყიდვებისა და წარმოების შეწყვეტის შესახებ გახდა ცნობილი. ივლისის ბოლოს “კოკა-კოლას” რუსულმა განყოფილებამ სახელი შეიცვალა და “კოკა-კოლას” ანალოგის - “დობრი კოლას” წარმოება დაიწყო. კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ფალსიფიკატორებმა ქართული წარწერა გამოიყენეს, როგორც ხარისხის ნიშანი. მისი განმარტებით, რუსეთში ქართულ წარწერიანი “კოკა-კოლა” უფრო იყიდება, ჩვენ ხარისხის ნიშანი ვართ, რადგან ოფიციალურად ვაწარმოებთ და ფიქრობენ, რომ ეს ნამდვილია. შესაძლოა ფალსიფიკატორებიც ამაზე აკეთებენ გათვლას - ქართულად თუ დავაწერთ, უფრო გაყიდვადი იქნებაო. მისივე თქმით, “ვინაიდან „კოკა-კოლა” რუსეთიდან გამოვიდა, რუსეთის ტერიტორიაზე გამოჩენილი ეს სასმელი, უკვე პროვოკაციაა “კოკა-კოლას” წინააღმდეგ”, დასძენს გამოცემა.

“ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში გასულ ქართულ წარწერიან პროდუქტებზე უტყუარი ინფორმაციები არ მაქვს. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული პროდუქტი ჩუმად იყიდება - დახლის ქვემოდან. რაც შეეხება სარჩელში დაფიქსირებულ მისამართს, კომპანიამ დაიქირავა ადვოკატი, ის ამ საქმეს ძალიან ფორმალურად მიუდგა, შევიდა რაღაც რუსულ საიტებზე და ჩათვალა, რომ ასე უნდა მიეთითებინა. ამაზე აუცილებლადაა ყურადღება გასამახვილებელი. აუცილებელია საგარეო საქმეთა სამინისტრომ “კოკა-კოლას” მიუთითოს, რომ მისამართი არასწორადაა გამოყენებული. გულახდილად გეტყვით, მე აქ ბოროტ გაზრახვას ვერ ვხედავ. “კოკა-კოლა” ვალდებული არაა საერთაშორისო სამართლის ყველა ნიუანსებში ერკვეოდეს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“სჯობს ერკვეოდეს, მაგრამ ვალდებული არაა და თუ შეცდომას დაუშვებს და ვინმე შეუსწორებს, ამას გამოასწორებს. რეალურად, რუსული კანონმდებლობითაც კი, ცხინვალი არაა რუსეთი და ის არის რუსეთის მიერ უკანონოდ აღიარებული ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს ქალაქი”, - დასძენს ზაქარეიშვილი და შეკითხვაზე - “კოკა-კოლას” პირველ სარჩელში აღმოჩენილი ხარვეზი რამდენად შეიძლება სწორედ მოპასუხის იურიდიულ მისამართს უკავშირდებოდეს და რამდენად შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ პირველ სარჩელში სწორედ ცხინვალური კომპანიის მისამართი ყოფილიყო მითითებული რუსული სასამართლოსათვის მიუღებელი ფორმით”? - პასუხობს:

“რუსეთის სასამართლოს ყოველთვის შეუძლია უთხრას უარი “კოკა-კოლას” და სხვა კომპანიებსაც, ვინც მიუთითებს ცხინვალს, როგორც საქართველოს ქალაქს და მოსთხოვს ჩაწეროს რუსული კანონმდებლობით სწორად ცხინვალის ადგილმდებარეობა. ასეთი დავები წინასწარ წარუმატებლობისთვისაა განწირული”.

ვახტანგ კაპანაძე - რა ხდება უკრაინის ფრონტზე?!

“რუსეთი მუდმივ ფსიქოლოგიურ და მორალურ დარტყმებს აყენებს უკრაინას. იწყება ოპერაცია “ცივი ზამთარი, რა დროსაც რუსები შეეცდებიან დაარტყან უკრაინის არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც. ეს გულისხმობს, რომ მათ უნდათ ენერგოსისტემები გამოიყვანონ მწყობრიდან, რაც უპირველესად მოსახლეობას ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად და ადეკვატურად მოახერხებს დასავლეთი სათადარიგო ნაწილების გაგზავნას ამ ობიექტების აღდგენისთვის, რათა დასახლებულ პუნქტებში შენარჩუნდეს სიცოცხლისუნარიანობა. მსგავსი რამ 2022 წლიდან ხდება სხვადასხვა მასშტაბითა და ინტენსივობით, რის გამოც უკრაინის ძალიან ბევრი მოსახლეს აქვს ინდივიდუალური გენერატორები. შეიძლება არის დარტყმები, გარკვეული რაიონების გამორთვა, მაგრამ დასავლეთის დახმარებიდან გამომდინარე, უკრაინელები სწრაფად ახერხებენ ამ ობიექტების აღდგენას”, - აცხადებს გენერალ-მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა ხდება უკრაინის ფრონტზე?!

“უკრაინელების დარტყმების შედეგად არც რუსეთია დალხინებული, სულ ახლახან ნოვოროსიისკის ნავთობგადამამუშავებელ ცენტრს დაარტყეს - ეს არის ყველაზე მსხვილი ამ ტიპის ობიექტი შავ ზღვაზე და მნიშვნელოვანი ზარალია რუსებისთვის. უკრაინელებმა დაბომბეს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც. ამის გარდა, რამდენჯერმე ჩაბნელდა ბელგოროდი, მოსკოვის მიდამოებშიც არის დარტყმები, ყოველ შემთხვევაში, მოსკოვსაც კი არ სძინავს წყნარად... არის მონაცემები, რომ რუსებმა კვლავ მოახერხეს წინ წაწევა - გრუშინოს მიმართულებით გადაადგილდებიან. მთავარი ისაა, აქედან პოკროვსკისკენ მიდის საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა - უკრაინელების მომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი, რომელიც ცეცხლში იყო მოქცეული, თუმცა მაინც უკრაინელების მომარაგებისთვის გამოიყენებოდა. მე არ დავაყენებდი ისე მძაფრად საკითხს, რომ პოკროვსკის აღება იქნება ომის ბედის გადამწყვეტი. რუკას თუ დავხედავთ, პოკროვსკი ერთი პატარა ჯიბეა რუსების განლაგებაში დარჩენილი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ეს არცთუ ისე დიდი ტერიტორიაა, რომელსაც უკრაინელები დაკარგავენ. სანამ რუსები აქედან ხარკოვამდე მივლენ, რომელიც საკმაოდ შორსაა, შეეცდებიან დონბასის ადმინისტრაციული საზღვრის გაკონტროლებას. თუმცა ეს რომ გააკეთონ, კიდევ არაერთი დასახლებული პუნქტიც უნდა გაიარონ, მერე მიადგნენ ძლიერად გამაგრებულ თავდაცვის რაიონს, როგორიცაა კრამატორსკი-სლავიანსკის კონგლომერაცია და ა.შ. ექსპერტების გათვლით, რუსებმა ამ ტემპით თუ გააგრძელეს წინსვლა, რომ გააკონტროლონ დონბასი, ამას 5 წელი დასჭირდება. რუსები ძალიან ნელა მიიწევენ წინ, მაგრამ არის ერთი პოლიტიკური საკითხი: პოკროვსკის მიმართულება ძალზე მნიშვნელოვანი იყო ტრამპთან მოლაპარაკების წინ, როდესაც პუტინს უნდოდა გამარჯვებულის პოზიციიდან დაემტკიცებინა ტრამპისთვის, რომ რუსული ძალები აქტიურ წინსვლას აგრძელებენ და დაიკავებდნენ პოკროვსკის, ზელენსკი ცდილობდა არ მიეცა ამის საშუალება რუსეთისთვის და პირიქით, ტრამპისთვის ეჩვენებინა, რომ რუსები ვერ ახერხებდნენ წინსვლას. ეს იყო პოლიტიკურად მნიშვნელოვანი რაიონი. მთლიანად კი ეს რაიონი დიდი ნაცრისფერი ზონაა, გაურკვეველია, სად გადის შეხების ან მოწინააღმდეგის წინა ხაზი, მისი ზურგი. ყველაფერი ათქვეფილია და ახლა მიმდინარეობს ნანგრევებიდან ნანგრევებზე ბრძოლა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გერასიმოვის თანამდებობაზე დარჩენა-არდარჩენა, წყაროების ინფორმაციის თანახმად, სწორედ პოკროვსკის აღებაზეა დამოკიდებული. ასახელებენ კიდეც მის შემცვლელს, ესაა ვიქტორ პოზნიხინი. უკრაინული წარმოშობის გენერალი, რომელიც სუმის ოლქშია დაბადებული. გამოვა, რომ სირსკი რუსული წარმოშობისაა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მართავს, რუსებს კი უკრაინული წარმოშობის გენერალი ეყოლებათ... დღეს ფრონტზე ერთ-ერთ გადამწყვეტ მნიშვნელობას ასრულებენ დრონები, ეს არის ის საშუალება, რომლებმაც, ფაქტობრივად, ტრანსპარანტული გახადა ბრძოლის ველი. უკრაინელებს ნაკლები გადაადგილება სჭირდებათ. რუსებმა საერთოდ გააჩერეს ჯავშანტექნიკის გამოყენება, ვინაიდან ისინი გამოჩენისთანავე ნადგურდებოდა. რუსები დრონებზე გადავიდნენ, რაკი დაინახეს მისი მნიშვნელობა”, - ამბობს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი

“ჩემი აზრით, დრონების ეფექტიანობა ბრძოლის ველზე გამომდინარეობს მხარეების გარკვეულწილად თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების დეფიციტში. ამან გამოიწვია ის, რომ მოწინააღმდეგე მხარეებმა - ვერც უკრაინელებმა და ვერც რუსებმა ვერ შეძლეს ჰაერში ბატონობის მოპოვება. რომელიმეს უპირატესობა რომ ჰქონდეს, ამდენი დრონის ფრენაც არ იქნებოდა. აქვე საინტერესოა, რომ უკრაინელებმა დაიწყეს ე.წ. დრონსაწინააღმდეგო კედელზე მუშაობა, რისი ძირითადი კომპონენტია დრონგამანადგურებლები, რომლებიც უშუალოდ ახერხებენ კინეტიკური დარტყმით განადგურებას (განსაკუთრდებით “შაჰედებზეა” აქცენტი გაკეთებული), ფეთქებადი ან ელექტრომაგნიტური საშუალებით განადგურებას და ა.შ. საინტერესოა, რომ დრონები ეწყობა უკრაინული ინჟინერიით (ნახაზებით და უკრაინელი ინჟინრების გამოყენებით) დიდ ბრიტანეთში. დიდი ბრიტანეთიდან აწყობილი დრონები ბრუნდება უკრაინაში. ფაქტობრივად, ეს არის მათი გამოცდა საბრძოლო ვითარებაში და უკვე შესწორებებით და დამატებითი მოთხოვნებით ბრუნდება უკან, სადაც მათ ხვეწენ. ანუ ეს ციკლი _ იარაღის წარმოება-შემოწმება-დაბრუნება მრავალჯერადად მოკლდება, არ სჭირდება საველე გამოცდები, კომისიები და სხვა”, - განმარტავს ვახტანგ კაპანაძე.

“ეს საშუალებები ღირს დაახლოებით იმდენივე, ან ცოტა უფრო იაფი, ვიდრე “შაჰედები”, რაც უკრაინას აძლევს საშუალებას დაზოგოს უცხოური ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები, რომლებიც მილიონიც კი ღირს. ასე რომ, დრონები ძალიან დიდი მნიშვნელობისაა და ისიც კია განსაზღვრული, რომ წინა ხაზიდან 5კმ-ზე არის სასიკვდილო ზონა (საკუთარ სიღრმეში 5-დან 10 კმ-მდე არის დიდი საფრთხის მატარებელი ზონა), 15-დან 20 კმ-მდე არის სავარაუდო ზემოქმედების ზონა, ხოლო 20 კმ-ის იქით არის სიფრთხილის ზონა. ხერსონში მთელი ქუჩები დრონსაწინააღმდეგო ბადეებითაა გადახურული, სადაც მოსალოდნელია დრონების დარტყმები და ა.შ. ეს ტიპური ამბავია - როდესაც ვითარდება რაღაცა ტიპის იარაღი, გარკვეული პერიოდის მერე მისი საწინააღმდეგო საშუალებების განვითარებაც იწყება. ე.წ. “ბანჯგვლიანი” ტანკებიც ისევ გამოჩნდა _ ტანკზე დადუღებულია სხვადასხვა ზომის და სისქის არმატურის, რკინის ნაჭრები და ის ზღარბივითაა. ესეც დრონსაწინააღმდეგოდ. ის რამდენიმე დრონსაც იგერიებს, მაგრამ ამ ტექნიკის წინააღმდეგ იმდენი დრონია, რომ ჯამში მაინც ხერხდება მისი განადგურება. ასე რომ, დღეს ისევ იმ მოტოციკლეტების და ინდივიდუალური 2-3-კაციანი ჯგუფების გადაადგილებაზეა დამოკიდებული რუსების შეტევები”, - დასძენს გენერალ-მაიორი.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ