დიმიტრი პესკოვი - სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრებს რუსეთის წარმომადგენლები არ დაესწრებიან - დაველოდებით ინფორმაციას, რა საკითხებზე ისაუბრებენ

სტამბოლში ხვალ დაგეგმილ შეხვედრებს რუსეთის წარმომადგენლები არ დაესწრებიან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს კიევისგან მოლაპარაკებების განახლების განზრახვის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.

„კიევიდან ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. როგორც ჩანს, ზელენსკი ხვალ სტამბოლში დაგეგმილ კონტაქტებს გულისხმობდა. ეს არის ზელენსკის შეხვედრები ჩვენს თურქ მეგობრებთან, რომლებსაც, სავარაუდოდ, ბატონი უიტკოფიც შეუერთდება. ჩვენ დაველოდებით ამ მოლაპარაკებების შედეგებს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი დაელოდება ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საკითხებს განხილავენ სტამბოლში გამართული შეხვედრების დროს.

„დაველოდებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რეალურად რაზე იქნება საუბარი“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი მტკიცებით, რუსეთი კვლავ ღია რჩება მოლაპარაკებების პროცესისთვის და მოსკოვის პოზიცია კარგად არის ცნობილი შეერთებული შტატებისთვის, თურქეთისთვის და უკრაინისთვის.

„რუსეთი კვლავ ღია რჩება მოლაპარაკებების პროცესისთვის. ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი. ეს კარგად არის ცნობილი ვაშინგტონში, სტამბოლში და კიევში“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხვალ თურქეთში ჩასვლას გეგმავს, რათა მოლაპარაკებები განაახლოს. მისი თქმით, კიევი ასევე მუშაობს ომის ტყვეების გაცვლის აღსადგენად.

„ხვალ შეხვედრებს თურქეთში გავმართავ. ჩვენ მოლაპარაკებების განახლებისთვის ვემზადებით და შევიმუშავეთ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენს პარტნიორებს შევთავაზებთ. უკრაინის მთავარი პრიორიტეტია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ომის დასრულებას მივუახლოვდეთ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ომის ტყვეების გაცვლის აღდგენასა და ჩვენი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაზე“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში ჩავა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფიც.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება