გიორგი სიორიძე - ემიგრანტებს ვალი დაადეს, კეთილი ინებონ და ჩამოვიდნენ საქართველოშიო - დიდი ნაწილი მართლაც რომ ჩამოვიდეს 2-3 დღით, ამის პრაქტიკული-ლოჯისტიკური საშუალებაც არაა

ცხადია, ჩვენ ვხედავთ რუსულ კვალს, რუსეთს არ მოსწონს ქართული ემიგრაციის განწყობა, რადგან ის არის პრორუსული მთავრობის საწინააღმდეგო, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც დაანონსებულ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, საზღვარგარეთ ყოფნის პირობებში აღარ ექნებათ.

როგორც გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, მართლაც რომ გადაწყვიტონ ემიგრანტების დიდმა ნაწილმა, რომ 2-3 დღით საქართველოში ჩამოვიდნენ, ლოჯისტიკურად შეუძლებელია.

„ემიგრანტებს ვალი დაადეს, კეთილი ინებონ და ჩამოვიდნენ საქართველოშიო. დიდი ნაწილი მართლაც რომ ჩამოვიდეს 2-3 დღით საქართველოში ამის პრაქტიკული-ლოჯისტიკური საშუალებაც არაა, ეს შეუძლებელია მოხდეს. ეს არის რუსული პოლიტიკა. თქვეს, რუსეთშია ჩვენი ძალიან ბევრი თანამემამულეო და მათ თუ არ ეძლევათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, უსამართლოა მათთან მიმართებაში, რომ სხვა ქვეყანაში მცხოვრებლებს მივცეთო. ეს რა დამოკიდებულებაა? ისინი არიან ამ ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეები. რუსეთში კი იმიტომ ვერ ხერხდება ჩვენი თანამოქალაქეების ჩართვა საარჩევნო პროცესში, რომ რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ამის გამო სხვებიც უნდა დავსაჯოო, ამას გვეუბნება ჩვენ „ქართული ოცნება“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გიორგი სიორიძე „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელსაც გამოეხმაურა.

„ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია იმასთან დაკავშირებით, რომ ბრძოლის ყველა გზა უნდა იყოს გამოყენებული და ბოიკოტი არის არასწორი, რაც, ჩვენი აზრით, 4 ოქტომბრის შემდეგაც დადასტურდა. მაგრამ ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ თუ აგვკრძალავენ, ჩვენ აკრძალვის პროცესშიც ძალიან აქტიურად ვიბრძოლებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, საერთაშორისო დონეზე პარტნიორებთან, საერთაშორისო სასამართლოში, რათა შევქმნათ პოლიტიკური პროცესი. თუ აგვკრძალავენ, ახლა ძალიან რთულია იმის თქმა, რა იქნება ამის კონკრეტული შედეგები. ჩვენი ბრძოლა ნამდვილად არ გაჩერდება“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს