საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტი - „მადლობელი ვარ, რომ გავხდი 36-წლიანი მეგობრობის ნაწილი“

„მადლობელი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის 36-წლიანი მეგობრობის ნაწილი ვყოფილიყავი. საქართველოში ჩასვლისთანავე მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფენომენია ამ ქვეყანაში სტუმართმოყვარეობა. თბილისმა სრულიად მომხიბლა თავისი მრავალფეროვნებით, ისტორიითა და ატმოსფეროთი, ხოლო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თავისი საუკუნოვანი ისტორიით, ლაბორატორიებითა და კვლევითი ცენტრებით. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის საშუალება მომეცა”, - ასე აფასებს ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტი გაბრიელ ლიზა როსა, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „ხელისუფლება და საზოგადოება - 2025“ - მონაწილეობას.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სტუდენტმა გაბრიელ ლიზა როსამ, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკლულტეტზე გამართულ XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „ხელისუფლება და საზოგადოება - 2025“, მიიღო მონაწილეობა.

როგორც გაბრიელ ლიზა როსა თავის წერილში აღნიშნავს, გერმანელი სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს შეხვდნენ.

„საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებში ვიგრძენი ის გულღია და უშუალო გარემო, რომელსაც ასე ხშირად ახასიათებენ, მაგრამ სანამ პირადად არ შეგხვდება, მის ნამდვილ ძალას ვერ იგრძნობ. თბილისმა სრულიად გამაოცა. ქალაქის მრავალფეროვნება, ძველი უბნების სიმყუდროვე, თანამედროვე სივრცეების ენერგია, ისტორიით გაჯერებული ქუჩები და ადამიანების ნამდვილი მეგობრულობა ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. ყოველ დილას ახალი ადგილის აღმოჩენის სურვილით ვიწყებდი და ყოველ საღამოს უდიდესი შთაბეჭდილებებით ვასრულებდი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებით დამამახსოვრდა თავისი ინტელექტუალური ატმოსფეროთი. უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია, ინოვაციური ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრები ჩემთვის არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ პროფესიული ინსპირაციის წყაროდ იქცა. კონფერენციის ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებით ღირსშესანიშნავი მომენტი იყო. ძალიან ვაფასებ იმ გულწრფელ ინტერესსა და ყურადღებას, რომელიც მან ჩვენი, უცხოელი სტუდენტების მიმართ გამოიჩინა. რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ დასამახსოვრებელი სიტყვებით მოგვმართა - „თქვენს სწავლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კარგი ადამიანები იყოთ. რადგან ბოროტი ადამიანები, რომლებსაც დიდი ცოდნა აქვთ, ბოროტებას სჩადიან”, - ეს წინადადება მას შემდეგ სულ მახსენდება. ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მქონდა მონაწილეობა მიმეღო XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „ხელისუფლება და საზოგადოება - 2025“. ეს იყო სივრცე, სადაც სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთად აზიარებდნენ იდეებს, გამოცდილებას და მომავალზე საკუთარ ხედვებს. ყველაზე მეტად მადლობელი ვარ, რომ გავხდი 36-წლიანი მეგობრობის ნაწილი, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს აკავშირებს. ეს მეგობრობა არა მხოლოდ აკადემიურ პარტნიორობას, არამედ ადამიანურ ახლობლობას, კულტურათა შეცნობასა და ურთიერთპატივისცემას ნიშნავს. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამ გაცვლის მონაწილე ვიყავი. განსაკუთრებული მადლობა HTW Saar-ს და განსაკუთრებით პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერს, რომელმაც ამ მოგზაურობას ორგანიზება გაუწია და გაამყარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი მეგობრობის საფუძველი და ერთი რამეც ცხადია - მე უკვე მოუთმენლად ველი, როდის ვიქნები მასპინძელი და როდის შევძლებ ჩვენი ზარლაანდის წარდგენას”, - აღნიშნავს გაბრიელ ლიზა როსა თავის წერილში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის