ალექსანდრე დარახველიძე პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ელექტროშოკური იარაღითა და გაზის აეროზოლით მივიდა და ვიზუალური ახსნით სცადა ეჩვენებინა, როგორ ხდება მათი გამოყენება

შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ელექტროშოკური იარაღითა და გაზის აეროზოლით მივიდა.

დარახველიძემ ელექტროშოკური მოწყობილობის შემთხვევაში, ვიზუალური ახსნით სცადა კომიტეტის წევრებისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ ხდება მისი გამოყენება.

დარახველიძემ, პირველი მოსმენით განხილვისთვის, შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომლის გათვალისწინებით, აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები იცვლება.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ელექტროშოკური იარაღისა და ე.წ. წიწაკის სპრეის შეძენა ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მათ შორის ბავშვს შეუძლია და ამ მხრივ არანაირი კონტროლი არ მოქმედებს. მისი თქმით, არის რისკი, რომ მათ როგორც საკუთარი თავი, ასევე ერთმანეთი დააზიანონ. დარახველიძის ინფორმაციით, ამის თაობაზე შს სამინისტროს სკოლებისგან არაერთი შეტყობინება ჰქონია.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, ელექტროშოკური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში იკრძალება. ელექტროშოკური მოწყობილობის შემოტანასა და გამოყენებას საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოები ან კერძო დაცვითი ორგანიზაციები შეძლებენ.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) იმპორტი ნებართვას დაექვემდებარება. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, შსს-ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის წარდგენის საფუძველზე.

რაც შეეხება ხმოვან (აკუსტიკური) იარაღს, როგორც დარახველიძემ განმარტა, ის დამზადებულია მხოლოდ ხმოვანი - ფუჭი ვაზნის სასროლად და თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციასა და სპორტულ ღონისძიებაში გამოიყენება. მისი საქართველოში შემოტანა ნებართვას დაექვემდებარება. მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობის წარდგენის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ამასთან, ძალაში რჩება მოქმედი ნორმები, რომელიც აკუსტიკური იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნას მხოლოდ პოლიციის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე უშვებს. გარდა ამისა, პოლიციას ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს აკუსტიკური იარაღის შეძენაზე შეზღუდვები, როგორც რაოდენობის, ისე შეძენის პერიოდულობის კუთხით.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის