გია ხუხაშვილი - “ტრამპს არჩევანის გაკეთება უწევს რუსეთსა და ევროპას შორის და არა მგონია, ეს მარტივი იყოს”
ვისთვის ასუფთავებს “ოცნება” პოლიტიკურ ველს
ვახტანგ ხმალაძე - “დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად გასულია კონსტიტუციური რეჟიმიდან”
რატომ ვერ შეაჩერა კანონების გამკაცრებამ აქციები - პრემიერი აცხადებს, რომ ოპოზიციას “გარკვეული წარმატებები” მაინც აქვს.
ვახტანგ ძაბირაძე - ”აგერ გვაქვს 4 ოქტომბერი და დღეს იგივე ხალხი ამბობს, რომ თურმე ბოიკოტი კარგია..."
* * *
გია ხუხაშვილი - “ტრამპს არჩევანის გაკეთება უწევს რუსეთსა და ევროპას შორის და არა მგონია, ეს მარტივი იყოს”
“ტრამპის პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვა, ძალიან უცნაურია. მისი პოზიცია თავიდანვე არათანამიმდევრულია, პრეზიდენტობა დაიწყო სწორედ ამგვარი მკაცრი დამოკიდებულებით უკრაინის მიმართ, შემდეგ რუსეთის მიმართ გახდა გაცილებით ხისტი და გასაგებიც, მაგრამ ახლა ისევ დაუბრუნდა იმ დღის წესრიგს, რომლის შედეგადაც ეს ე.წ. სამშვიდობო გეგმა შესაძლებელია აღვიქვათ როგორც უკრაინის კაპიტულაცია, თუ, რა თქმა უნდა, გამოქვეყნებული პირობები რეალობას შეესაბამება. შეუძლებელია ტრამპის ადმინისტრაციას არ ესმოდეს, რომ უკრაინა ამ პირობებს, უბრალოდ, ვერ დათანხმდება. ეს იქნება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის, ზოგადად ცივილიზებული მსოფლიოს მარცხის ტოლფასი. არ ვიცი, რა ჩანაფიქრი დგას ამის უკან და როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ამ ეტაპზე შექმნილია საკმაოდ დრამატული ვითარება”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ჩატარდება თუ არა 2026 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები?!
“ზელენსკიმ იცის, რომ ამერიკა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამასთანავე, ტრამპის ფსიქოტიპიდან გამომდინარე, დიპლომატიურობაა საჭირო. ახლა დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად კარგად მოახერხებენ კოორდინირებას უკრაინა და დანარჩენი ევროპა, რათა ტრამპი აიძულონ, რომ ამ ე.წ. სამშვიდობო გეგმით შექმნილ დღის წესრიგს ჩამოშორდეს. მე არ ვიცი, რა მოტივები ამოძრავებს ტრამპს, როდესაც ამ მიმართულებით მოძრაობს. მას ამ გზაზე არა აქვს სერიოზული არგუმენტები. ეს ყველაფერი თუ მართლაც დაიჟინა, ვფიქრობ, პასუხს თავის ქვეყანაშივე მიიღებს და მისთვის ეს არ იქნება მარტივად აღსადგენი რეპუტაციული ზიანი. როგორც უკვე ვთქვი, ერთი ამგვარი შეტევა უკრაინაზე ტრამპმა უკვე მიიტანა, რაც საბოლოოდ ე.წ. იშვიათ ლითონებზე წვდომის შეთანხმებით დასრულდა. ამჯერად რა მიზანი აქვს, რთული სათქმელია. შესაძლოა ეს იყოს ტრამპის ერთგვარი დიპლომატიური თამაში ან კიდევ სხვა რამ. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ბევრი რამ გამოჩნდება. შესაძლოა ტრამპი გარკვეული გარემოებების გამო იძულებულია, რუსეთს აჩვენოს ტაქტიკური ლოიალურობა, რათა გარკვეული საფრთხეების პრევენცია მოახდინოს. შესაძლებელია კიდევ უფრო ცუდადაც არის საქმე...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ამ ეტაპზე თავს შევიკავებ წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან. ეს ომი არ არის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მსგავსი, რომ ტერიტორიების დათმობით მოგვარდეს, ყარაბაღის შემთხვევაში ყველაფერი საერთაშორისო სამართლის ლოგიკით განვითარდა, რუსეთ-უკრაინის ომი კი ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს გაცდენილი კონფლიქტია - ეს არის ერთი ქვეყნის აგრესია მეორე ქვეყნის წინააღმდეგ, ეს არ არის ტერიტორიული დავა. ამასთანავე, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის თემა, რაც შეუძლებელია ტრამპს არ ესმოდეს. ეს არის მთლიანად ევროპის უსაფრთხოების საკითხი. ბუნებრივია, ევროპა დღეს მხოლოდ უკრაინას კი არა, თავს იცავს. ამ შეთანხმების რეალიზება კი ნიშნავს, რომ უკვე საფრთხე დაემუქრება მთელ ევროპას. დღეს ტრამპს არჩევანის გაკეთება რუსეთსა და უკრაინას შორის კი არ უწევს, არამედ რუსეთსა და ევროპას შორის, და არა მგონია, ეს მარტივი იყოს. აშშ-ის პრეზიდენტი გავლენიანი ფიგურა კია, მაგრამ ის არ არის აბსოლუტური ძალაუფლების მფლობელი, რომ ასეთ კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანოს მთელი სამყაროს წესრიგი, რომელიც დღეს სრულიად ახლებურად ყალიბდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“თუ ტრამპი ყველა პარტნიორზე უარს იტყვის, გამოდის, რუსეთის იმედად დარჩება? ეს ცოტა არ იყოს, რთული წარმოსადგენია, თანაც ვეჭვობ, ტრამპის ადმინისტრაციას ამის რესურსი ჰქონდეს. შეიძლება სხვა ფარული მიზეზებიც იყოს, იგივე ეფშტეინის ფაილების გამოქვეყნების საკითხი, სადაც, როგორც ამბობენ, ტრამპზეც მოიპოვება მასალები. საზოგადოდ, დღის წესრიგში აქცენტების შეცვლა, ერთი თემის მეორით გადაფარვა, დამახასიათებელია პოლიტიკისთვის. თუმცა ეს მაინც ვარაუდებია და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მოსკოვშიც და კიევშიც ესმით, რომ ვინც პირველი ჩამოაყალიბებს ამ პირობებზე საკუთარ პოზიციას, წაგებული იქნება. აქ პაუზის დაჭერა იქნება მთავარი იარაღი. ზელენსკიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, ამ პირობებს არ და ვერ დათანხმდება, თავს იკავებს კატეგორიული განცხადებებისგან. მას კარგად ესმის, რომ ხისტი პოზიციის გამოხატვა შეიძლება პოლიტიკურ წაგებად დაუჯდეს. ამიტომ ყველა ეცდება ჯერჯერობით დროის გაყვანას”... - მიიჩნევს ექსპერტი.
“ივანიშვილი იყო აბსოლუტურად პროდასავლური, ანტირუსული განწყობის ადამიანი. მათ შორის დიდი ლიბერალიც ყველა იმ მიმართულებით... განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა აშშ-ის მიმართ. რა `დიპ სტეიტი~, აღმატებულ ხარისხში მოიხსენიებდა ხოლმე დასავლეთს. შეიძლება მკითხოთ, დღევანდელი გადასახედიდან ეს თამაში იყო თუ არა? - ჩემი აზრით, არა, ბოლოს და ბოლოს, სულ ცოტა, იმის აღიარება არ მინდა, რომ იმდენად ბრიყვი ვიყავი, რომ ის `დიპ სტეიტს~ ებრძოდა, მე კიდევ ვერაფერს ვხვდებოდი. მე ჩემი დიაგნოზი მაქვს რატომ განვითარდა ასე მოვლენები. არა მგონია, ივანიშვილი თავიდანვე რუსული პროექტი იყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა რუსეთში, თანაც არა აქვს პოლიტიკური განათლება და ცოტა რამ იცის, თუ როგორ ყალიბდება ცივილიზებული სახელმწიფო, ის ქვეყნის მართვისას ხელმძღვანელობდა იმ ემპირიული გამოცდილებით, რაც მიიღო რუსეთში. შესაბამისად, მოდელი, რომლის ფორმირებაც დაიწყო, რუსული გამოუვიდა. იცით, როგორ მოუვიდა - ბავშვი კაცის ხატვას რომ იწყებს და ბოლოს ქალი გამოსდის. ეს რომ დაემართა, თავისთავად აღმოჩნდა საკუთარი ნახელავის ტყვეობაში და გახდა რუსეთის ლუკმა - ის დღეს რუსეთის მძევალია”, - ამტიცებს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “სჭირდება “ოცნებას” ვადამდელი არჩევნები?” - პასუხობს:
“ჩემი აზრით, გადაწყვეტილებები საქართველოში აღარ მიიღება. უფრო სწორად, რუსული პოლიტიკა სერიოზულ გავლენას ახდენს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე. რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან ამოიღოს 78-ე მუხლი, რასაც სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. შესაბამისად, ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. არის ერთი მიზეზიც - პუტინის ხელისუფლების დასუსტების შემთხვევაში, ივანიშვილმა შეიძლება გადააგდოს რუსეთი და შემობრუნება დაიწყოს დასავლეთისკენ. ამ შემთხვევაში მას არჩევნები დასჭირდება ლეგიტიმაციის დასაბრუნებლად. თუმცა ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ არჩევნები აუცილებლად ვადაზე ადრე ჩატარდება. დღევანდელ სამყაროში იმდენი პოლიტიკური ფაქტორი მოქმედებს, კაცმა არ იცის, რა მოხდება”.
“ერთი ფრაზით თუ შევაფასებთ იმას, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, ეს არის სისუსტის დემონსტრირება, რა დროსაც სამიზნეც ერევათ და სხვა ბევრი რამაც. ამ ყველაფრით ძალიან კარგად სარგებლობს ხელისუფლება. შიგაპოლიტიკური რისკები ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის მეთოდურად აშენებს რუსული ტიპის სუვერენულ დემოკრატიას ერთი სახელისუფლებო ძალით და მისი სატელიტი ოპოზიციით. როგორც დაგეგმილი აქვთ, ყველა ურჩი პოლიტიკოსი უნდა გადაიყვანონ არასისტემური ოპოზიციის სტატუსში. მოგეხსენებათ, არაერთი პარტიის გაუქმებას აპირებენ, რასაც მაინცდამაინც არც აპროტესტებს ოპოზიცია. ოპოზიციის ლიდერები დღეს უფრო არაფორმალურ დისიდენტებად გამოიყურებიან, ვიდრე შედეგზე ორიენტირებულ პრაგმატულ პოლიტიკოსებად. ციხეში ჩაჯდომა კი კარგ ამბად მიაჩნიათ - ასე, როგორც წესი, დისიდენტები იქცევიან და არა პოლიტიკოსები. პოლიტიკოსის ამოცანა ხელისუფლებაში მოსვლაა და არა გმირობის პირადი მაგალითების ჩვენება. აქედან გამომდინარე, არსებული პოლიტიკური კლასის არა მხოლოდ “აპდეიტი”, არამედ “აპგრეიდიც” გვჭირდება - ანუ სისტემის სრული განახლება”, - განმარტავს ექსპერტი.
“აქ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს ახალ თაობას, რომელსაც ყველაფერი აქვს: პატრიოტიზმი, გამბედაობა, ინტელექტი, თავისუფლების წყურვილი და ა.შ. ერთადერთი, რაც არ მომწონს მათში, ის არის, რომ ამბიცია არა აქვთ. რატომღაც ახალმა თაობამ მიიჩნია, რომ პოლიტიკა არ არის მათი საქმე. არადა, მათ წიაღში არიან ის ლიდერები, რომლებიც უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე. ამისთვის მეტი ამბიციაა საჭირო. ნუ უყურებენ ამ პოლიტიკურ კლასს, თვითონ აიღონ პროცესების მართვის სადავეები ხელში და დააბრუნონ ქვეყანა ნორმალური განვითარების გზაზე. ჩვენი თაობის პოლიტიკოსებს თუ სამოქალაქო აქტივისტებს ერთადერთი რამ დაგვრჩენია, მათ ხიდად ვიქცეთ, დავეხმაროთ, ზურგი გავუმაგროთ. დარწმუნებული ვარ, სწორედ მათშია ის სარდლობა, რომელიც საზოგადოებაში არსებული დიდი პროტესტის კონსოლიდირებას შეძლებს და წინ გაუძღვება. 28 ნოემბერს დიდი აქციაა დაანონსებული და რაც შეიძლება ბევრი უნდა მივიდეთ და ვაჩვენოთ ამ ხელისუფლებას, რომ დიქტატურის დამყარება ასე ადვილად არ გამოუვა. ეს უწყვეტი პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა ერთიც - თუ წარმატების მიღწევა გვინდა, პროტესტი უნდა იქცეს დიდი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილად”, - დასძენს ხუხაშვილი.
ვისთვის ასუფთავებს “ოცნება” პოლიტიკურ ველს
“მმართველ გუნდში აქცენტს ისევ ახალი პოლიტიკური ძალების შექმნასა და პოლიტიკური ველის გაჯანსაღების საჭიროებაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. პრემიერი კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შემდეგ, შეიქმნება პირობები ქვეყანაში “ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრის” ფორმირებისთვის. ანალიტიკოსებს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილის აზრით, “ოცნება” უბრალოდ მთავარ კონკურენტებს იშორებს და ნაკლებადაა დაინტერესებული ახალი რეიტინგული ოპოზიციური ძალების გაჩენით. მეორე ნაწილის აზრით კი, ახალი პოლიტიკური ძალების ფორმირება ბუნებრივად მოხდება და ამ მხრივ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა “ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ 2028 წელს, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საქართველოს კოალიციური მთავრობა ეყოლება. შეგახსენებთ, რომ “ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც სამი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის - “ნაციონალური მოძრაობის”, “ახალის” და “ლელოს” აკრძალვას ითხოვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვისთვის ასუფთავებს “ოცნება” პოლიტიკურ ველს - “არ დაგვავიწყდეს, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 2028 წელს საქართველოს კოალიციური მთავრობა ეყოლება”.
“პრემიერ ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღევანდელი ოპოზიცია საქართველოში ლაგდება ქვეყნის გარედან და ეს არის ხელოვნური პროცესი. “ოპოზიციის მხარეს ყველაფერი ლაგდება ქვეყნის გარედან. იქიდან ნიშნავენ პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებს. შექმნეს ერთი პარტია, მეორე, მესამე, გეგმებს უწერენ, მესიჯების დონეზე უდგენენ ტექსტებს და ა.შ. ყველაფერი ხდება გარედან”, - აცხადებს კობახიძე. მისი თქმით, საქართველოში ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია, რომ კონკრეტული სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვა მოხდეს. “ეს არის ერთადერთი გამოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად დავრჩებით ამ ჩაკეტილ წრეზე და მოგვიწევს ერთ წრეზე სიარული”, - თქვა პრემიერმა. ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის აზრით “ოცნება” პოლიტიკურ ველს მხოლოდ თავისთვის ასუფთავებს. განსხვავებულად ფიქრობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველაფერი ხალხის დაკვეთაზეა დამოკიდებული”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ვფიქრობ, “ოცნება” პოლიტიკურ ველს არავისთვის არ ასუფთავებს. საკუთარი თვისთვის ასუფთავებენ, მას არ სჭირდება ოპოზიცია და აქ “ნაცებზე” არ არის საუბარი. ეს არის საბაბი რეალურად. მაგალითად, ეს აკრძალვა ეხებათ ისეთ პარტიებს რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” არანაირად არ არიან დაკავშირებული - მაგალითად, “ლელო”. თან ისიც აქვთ გამოცხადებული - პარტია, რომელიც სუსტია და მოძლიერდება, ავკრძალავთო. ასე რომ, მხოლოდ თავისთვის ასუფთვებენ პოლიტიკურ ველს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ის ზოგადად პოლიტიკური ველის გასაჯანსაღებლად პარტიების აკრძალვას სიგიჟედ მიიჩნევს. იგი არც ახალი პარტიების გამოჩენას ელოდება და არც უკვე არსებული პარტიების გაძლიერებას. “კობახიძემ პარტია შეიქმნებაო რომ თქვას, “ოცნება” კიდევ შექმნის მეორე “ოცნებას”, თუ რა მოხდება? რა იქნება, რომ შექმნას ისეთი ფუყე და არაფრის მთქმელი, როგორიც არის “ხალხის ძალა” ან ინჯიას პარტია? როგორ შეიძლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვით გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი, სიგიჟეა”, - დაასკვნის დავით ზურაბიშილი.
“ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ რას აპირებს “ქართული ოცნება”. მოგეხსენებათ, პოლიტიკური ველი ზუსტად იგივეა, რაც ბიზნესმარკეტი - არის მოთხოვნა და არის მიწოდება. შესაბამისად, თუ საზოგადოების დაკვეთა არის, რომ იყოს ამა თუ იმ პოლიტიკური ორიენტაციის პარტია, მაგალითად, მემარჯვენე ან მემარცხენე, ისინი გამოჩნდებიან. აქ მთავარი არის ის, რასაც ქართულ რეალობაში ვაწყდებით - ვინ იქნება ამა თუ იმ პარტიის უკან, ვისი ყურები გამოჩნდება. ძალიან არ მინდა არც მე და არც ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს, რომ ე. წ ჯიბის პარტიები გამოჩნდნენ, მაგრამ თუ იქნება თანასწორი ველი, როცა ამა თუ იმ აქტორს თავისუფლად მოქმედების საშუალება აქვს, რა თქმა უნდა, იქ ჯიბის პარტიები არ იქნებიან, მაგრამ იქნებიან ამა თუ იმ იდეით შეკრებილი ადამიანები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ზუსტად ვერ გეტყვით მემარცხენეები იქნებიან თუ მემარჯვენეები, ეს არის დამოკიდებული ხალხის დაკვეთაზე”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“აბაშიძე სავსებით რეალურად მიიჩნევს ახალი პოლიტიკური ძალების ფორმირებას. “ძალიან რთულია ამაზე პროგნოზი, მაგრამ, ვფიქრობ, ის აქტიური ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ მედია-სივრცეში, ალბათ, ისინი შეკავშირდებიან და შექმნიან ახალ გაერთიანებას. როდესაც პროგნოზებზე ვსაუბრობთ, არ დაგვავიწყდეს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ 2028 წელს საქართველოს კოალიციური მთავრობა ეყოლება. როგორც კობახიძემ, ასევე უწინარესად ბიძინა ივანიშვილმა, მათ უკეთ იციან პოლიტიკური პროგნოზები, რომლებიც ზუსტად ხდება”, - დასძენს აბაშიძე.
ვახტანგ ხმალაძე - “დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად გასულია კონსტიტუციური რეჟიმიდან”
“საარჩევნო კოდექსში ბოლო ცვლილებების პაკეტი გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რომელსაც “ქართული ოცნება” უკვე კარგა ხანია ატარებს. საარჩევნო გარემოში იგულისხმება: საარჩევნო ადმინისტრაცია, პროცედურები, რომელთა მიხედვითაც უნდა წარიმართოს თავად საარჩევნო პროცესი, ამომრჩეველზე ზემოქმედებისა და არჩევნების დროს დაშვებული დარღვევების გამოვლენის შესაძლებლობა... ყველა ეს პარამეტრი ბოლო პერიოდში თანდათან უფრო და უფრო აუარესებდა საარჩევნო გარემოს. ეს უპირველესად განპირობებული იყო იმით, რომ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში წევრთა ნახევარზე მეტი, ფაქტობრივად, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი იყო და შესაბამისად, საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს მთლიანად “ქართული ოცნება” აკონტროლებდა. ასეთ ვითარებაში ნდობა საარჩევნო კომისიებისადმი ძალიან დაბალია, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საარჩევნო კომისიები კანონის სრული დაცვით იმოქმედებენ”, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რატომ ეკრძალებათ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა და რას ითვალისწინებს “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებები?! / “დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად გასულია კონსტიტუციური რეჟიმიდან”
“ამ ბოლო ცვლილებებს თუ შევხედავთ, მოდი, ყველაზე სკანდალურ ცვლილებაზე ვთქვათ - საარჩევნო უბნები საქართველოს ტერიტორიის გარეთ აღარ გაიხსნება. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობისთვის საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებს ჩამოსვლა დასჭირდებათ. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას. ჯერ ერთი, ხელისუფლების არგუმენტი, თითქოს ემიგრანტები ნაკლებად ინფორმირებული არიან, რეალობას არ შეესაბამება - 21-ე საუკუნეში მათ აქვთ იმავე ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რაც საქართველოში მყოფ ამომრჩეველს. გარდა ამისა, ასიათასობით ემიგრანტის გადმოფრენა რამდენიმე დღეში ფიზიკურად შეუძლებელია. ემიგრანტებს აქამდეც შეზღუდული ჰქონდათ მონაწილეობა, რადგან საზღვარგარეთ იმდენი უბანი არ იხსნებოდა, რამდენიც საჭირო იყო, ახლა კი მონაწილეობა საერთოდ შეუძლებელი ხდება. ამავე მდგომარეობაში ხვდებიან დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებიც, რასაც დიპლომატიური სამსახურის პარალიზებაც მოჰყვება. ეს ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს - არჩევნების საყოველთაობას, ამომრჩევლის ნების თავისუფლებასა და სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს მოქალაქეთათვის მონაწილეობის შესაძლებლობა, მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
“საარჩევნო კოდექსის თანახმად, უბანი იქმნება იქ, სადაც 25 ამომრჩეველზე მეტია, რათა მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობის უფლება იყოს დაცული და ადამიანებს, პირობითად, სხვა სოფელში არ მოუხდეთ წასვლა. ახლა კი ტოკიოში, სიდნეიში, ჩიკაგოში ან რიოში ასიათასობით მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ეუბნებიან, ჩამობრძანდნენ საქართველოშიო. ეს დიდი ხარჯისა და ფიზიკური შეუძლებლობის გამო არღვევს კონსტიტუციურ უფლებებს და პრაქტიკულად ერთი მილიონამდე ამომრჩეველს აკარგვინებს მონაწილეობას ქვეყნის ხელისუფლების ფორმირებაში. ამომრჩეველთა თითქმის 1/3-ს ვართმევთ უფლებას შეასრულოს თავისი კონსტიტუციური უფლება, მონაწილეობა მიიღოს ხელისუფლების შექმნაში. ემიგრანტთა არჩევნებში მონაწილეობა დიდი მართლაც არასოდეს ყოფილა, თუმცა არ არის გამორიცხული, ემიგრაციაში მყოფი ამომრჩეველი გააქტიურდეს, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს შედეგებზე. ტრადიციულად, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველი უპირატესობას აძლევს არა მმართველ პარტიას, არამედ ოპოზიციას. აი, იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, არ განმეორდეს, ვთქვათ, მოლდოვის პრეცედენტი, როდესაც როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებზე არსებითი გავლენა მოახდინეს, ჩანს, მმართველი პარტია ცდილობს ამ ცვლილებებით შეამციროს ხელისუფლების დაკარგვის ალბათობა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ცალკე პრობლემაა, რომ ამ კანონპროექტით უფრო მეტად იზღუდება საარჩევნო პროცესის მონიტორინგიც, 2024 წელს იყო სხვადასხვა პირის ჩვენებები, რომ მათ აძლევდნენ სხვადასხვა მოქალაქის პირად ნომერს და ისინი რამდენიმე უბანზე აძლევდნენ ხმას. ვისი პირადი ნომრები იყო? იმ მოქალაქეთა, რომლებიც თავად არ მონაწილეობდნენ არჩევნებში. ნაწილი შეიძლება საქართველოში იყო, მაგრამ დიდი ნაწილი, მაღალი ალბათობით, იყო უცხოეთში, ემიგრანტი ამომრჩეველი, რომელიც არც იქ იღებდა მონაწილეობას და არც აქ. ახლა, როდესაც ემიგრანტებს უცხოეთში ეზღუდებათ ხმის მიცემა, ცხადია, გაიზრდება იმ ემიგრანტთა რაოდენობა, რომლებიც არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ხელისუფლებას შესაძლებლობა მიეცემა თავისი საარჩევნო კომისიების მეშვეობით ისინი ისე გაატაროს, თითქოს მიიღეს მონაწილეობა და დააფიქსიროს “ოცნებისთვის” მიცემულ ხმად. ცხადია, ამ სიყალბის ჩადენა უფრო გაუადვილდებათ... დაკვირვების შესაძლებლობა ისედაც ძალიან გართულებული იყო და ახლა ეს შესაძლებლობა, ფაქტობრივად, განულებულია. მსგავსი თითქოსდა მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები რეალურად აკარგვინებს ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების შედეგებზე კანონიერი ზემოქმედების შესაძლებლობას, რის შედეგადაც საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობა უფრო შემცირდება და შეამცირებს აღქმას, რომ არჩევნები წესიერად ჩატარდა, რაც არის ხელისუფლების ლეგიტიმაციის საფუძველი”, - განმარტავს კონსტიტუციონალისტი.
“მეორე ჯგუფის ცვლილებები, - პარტიამ რომ მხოლოდ პარტიის წევრი უნდა წარადგინოს კანდიდატად და დამატებით თვითმმართველობის არჩევნებზე საინიციატივო ჯგუფმა მხოლოდ არაპარტიული წევრი - იმისთვისაა, რომ შეიზღუდოს პარტიების და საინიციატივო ჯგუფების მოქმედების თავისუფლება. აი, თქვენ და მე ამომრჩევლები ვართ და გვინდა კანდიდატად დავასახელოთ რომელიმე პარტიის წევრი, რომელიც თავისმა პარტიამ არ წარადგინა, მაგრამ ამომრჩეველთა ჯგუფს მიგვაჩნია, რომ ის იქნებოდა კარგი კანდიდატი. აი, ჩვენ ამ უფლებას გვართმევენ და თან ეს ეხება ადგილობრივ თვითმმართველობით ორგანოებს, რადგან საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პარტია წარადგენს კანდიდატს. ახლა შევხედოთ საპარლამენტო არჩევნებს. ზოგი პარტია არჩევნებზე არ ან ვერ რეგისტრირდება რესურსების ან მხარდაჭერის ნაკლებობის გამო, მაგრამ იდეოლოგიური ერთობა აქვთ სხვა პარტიებთან და მათი ჩართვა სურთ ამ რეგისტრირებულ პარტიებს, ახლა კი მათ ამასაც უკრძალავენ”, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე და შეკითხვაზე - “ანუ გრძელდება მრავალპარტიულობის წინააღმდეგ პოლიტიკა?” - პასუხობს:
“რასაკვირველია, და როცა ვამბობ, რომ ამდაგვარი ცვლილებებიც, ფაქტობრივად ანტიკონსტიტუციურია, ვამბობ იმიტომ, რომ როგორც თითოეული ამომრჩეველი, ასევე ქვეყანაში არსებული თითოეული პარტია ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის პროდუქტია. ამომრჩევლები ხომ თავისი სურვილით ქმნიან ამ სხვადასხვა პარტიას? და იმ აკრძალვის დაწესება, რომ გინდა თუ არა ასეთი წესით იმოქმედეო, ამისი ლოგიკური გამართლება ვერ მოვისმინე. კი, შეიძლება ვინმემ თქვას, ამით ვცდილობთ საქართველოში არ იყოს წვრილ-წვრილი პარტიები, არამედ იყოს მსხვილი, ძლიერი პარტიებიო. კი, მაგრამ ვინ ხართ თქვენ, რომ მე და სხვებს აგვიკრძალოთ უფლება, გვქონდეს რამდენიმე წვრილი პარტია, ნაცვლად ერთი ძლიერი პარტიისა? ის, რომ თქვენ არ მოგწონთ წვრილი პარტიები, არ ნიშნავს, რომ მათ არა აქვთ არსებობის უფლება. არსებობის კონსტიტუციური უფლება აქვთ წვრილ და მსხვილ პარტიებსაც. არჩევნებში როგორ მიიღონ მათ მონაწილეობა, ესეც თვითონ მათზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა ხელისუფლების ნებაზე!~
“სხვათა შორის, ეს სხვადასხვა ქვეყანაშიც მომხდარა. გავიხსენოთ, რა მოხდა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, როდესაც რუსეთის იმპერატორი გადადგა, შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელიც იყო მრავალპარტიული, მაგრამ ეს მთავრობა თებერვალში შეიქმნა, ოქტომბერში ბოლშევიკებმა ის დაამხვეს და შექმნეს თავისი მთავრობა. თუმცა მაშინაც ეს არ იყო მხოლოდ ერთი პარტია, იყო კომუნისტური პარტიის ბოლშევიკური ფრთა, კიდევ სხვებიც და სულ მალე ისინი გაანადგურეს არა მარტო ორგანიზაციულად, ფიზიკურადაც - დაიჭირეს, გადაასახლეს, დახვრიტეს და ბოლოს კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ საბჭოთა კავშირში არის მხოლოდ ერთი პარტია, რომელიც წარმართავს ქვეყნის ცხოვრებას - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია. სხვა ქვეყნებშიც ყოფილა ასეთი რამ და ამის შემდეგ ამ ქვეყნებში როგორი ხელისუფლება შექმნილა? - უკეთეს შემთხვევაში ავტორიტარული, უარეს შემთხვევაში - დიქტატორული. რომ ვამბობ, ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური რეჟიმიდან, უამრავი რამ არის დარღვეული და გააგრძელებენ, თუ გაუვიდათ. გაუვათ თუ არა? საბოლოოდ, ალბათ, არა, მაგრამ ეს საბოლოო როდის დადგება, არ ვიცი. ეს არის დამოკიდებული ხალხზე, საქართველოს მოქალაქეებზე”, - დაასკვნის ხმალაძე.
რატომ ვერ შეაჩერა კანონების გამკაცრებამ აქციები - პრემიერი აცხადებს, რომ ოპოზიციას “გარკვეული წარმატებები” მაინც აქვს.
“პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციამ ვერ შეძლო “უცხოელი პატრონების” დახმარებით “ძალაუფლების დაბრუნება”, თუმცა “გარკვეულ წარმატებებს” აღწევენ, რადგან ქვეყანა ვერ დამშვიდდა და საზოგადოებაში განხეთქილებაა. “რადიკალური ოპოზიციის უცხოელი პატრონების მცდელობა რეალურად, წარუმატებელია იმ გაგებით, რომ მათ ვერ შეძლეს ძალაუფლების დაბრუნება, მაგრამ გარკვეულ წარმატებებს აღწევენ - ჩვენი ქვეყანა ბოლომდე დამშვიდებული არ არის, სიძულვილი სჭარბობს საზოგადოებაში, ეს მათთვის უკვე შედეგია”, - განაცხადა კობახიძემ შაბათს “პოსტ ტვ”ის ეთერში. ნიშნავს თუ არა ეს იმის აღიარებას, რომ შეკრებებსა და მანიფესტაციებზე კანონების გამკაცრებამ რეალურად ვერ იმუშავა და რა პერსსპექტივა აქვს პროტესტის გაგრძელებას? ანალიტიკოსთა აზრით, ერთის მხრივ ესაა იმის აღიარება, რომ გამკაცრებული კანონები, რომლის მიზანი პროტესტის საბოლოო შეწყვეტა იყო, არ მუშაობს, მეორეს მხრივ კი გზავნილია, რომ ისინი უფრო გამკაცრებისკენ წავლენ.”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ვერ შეაჩერა კანონების გამკაცრებამ აქციები - პრემიერი აცხადებს, რომ ოპოზიციას “გარკვეული წარმატებები” მაინც აქვს.
“17 ოქტომბრიდან ძალაშია “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვით, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ეს შეკრებაში მონაწილე პირთა რაოდენობა ამას არ მოითხოვს, შეკრების მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის - 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას იწვევს. კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განმეორების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული - სასჯელის სახით 1-დან 2 წლამდე პატიმრობა. როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ჩანს, რომ კანონების გამკაცრება ჯერჯერობით არ მუშაობს. საპროტესტო მუხტი კი გარკვეული გარემოებების გამო ნარჩუნდება. კონლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ “ოცნებას” უნდა კანონებმა იმუშაოს, მაგრამ საზოგადოება არ ემორჩილება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“კობახიძის ნათქვამიდან თუ ამოვალთ, ძირითადი მოტორი და სტიმულატორი უცხოეთია და აქ მიღებული კანონებით უცხოეთს ვერ დაარეგულირებ. გამკაცრების ხაზი ჯარიმების ხარჯზე მიდის, მაგრამ იმის ჯიბეს არ ურტყამს, ვისაც აჯარიმებენ, ამის გადახდას უკვე უცხოეთის გარკვეული ჯგუფები კისრულობენ. კანონი იმისთვის გაამკაცრეს, რომ პროცესი როგორმე დარეგულირდეს, თუმცა ჯერჯერობით ვხედავთ, რომ გამკაცრება არ მუშაობს. იმიტომ, რომ (ერთსა და იმავე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას) არ იმეორებენ და ახალ-ახალი ფიგურები ხდებიან სანქციის მსხვერპლი. სანქცირების მეორე ნაწილი თავიდან შეიძლება აირიდონ, პირველ ნაწილს იმით იშორებენ, რომ ჯარიმებს უხდიან. აქციის მონაწილეთა ნაწილს, ძირითადად ახალგაზრდებს, რუსთაველზე ყოველდღიურად გამოსვლა უბრალოდ ეხალისება. ნაწილს ალბათ მიაჩნია, რომ ამით დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებს. ეს ალბათ საშუალო ასაკია და არის კიდევ უფრო მცირე ორგანიზაციული ნაწილი, რომელსაც კავშირი აქვს იმ ჯგუფებთან, ვისგანაც ეს პოლიტიკური იმპულსი და დაფინანსება მოდის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“შიშით უნდათ ქვეყნის მართვა და არ გამოუვათ. კი, უნდათ კანონებმა იმუშაოს, მაგრამ საზოგადოება არ ემორჩილება, მზადაა ციხეში წავიდეს. სტალინივით დახვრეტას ხომ არ დაიწყებენ?! ეს მოსახლეობის დამორჩილების ერთადერთი ფორმაა, მაგრამ ეჭვი მეპარება აქამდე მივიდნენ. ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს, რომ პროტესტი გარედან იმართება, საზოგადოება ჯარიმებს თავად იხდის. ქუჩაში ვინცაა - ეს ერთია და და პროტესტი საზოგადოებაშია. ავტორიტარიზმის რესურსი არ ჰყოფნით, მთელი ენერგია გადასულია არა ქვეყნის მართვაზე, არამედ სამოქალაქეო საზოგადოების წინააღმდეგ. სამოქალაქო საზოგადოება მხოლოდ არსამთავრობო ორგანიზაციები კი არა, სამოქალაქო ღირებულებების მატარებელი ადამიანების ერთობაა. ამ ბეჩავებს არ ესმით, რომ სამოქალაქო საზოგადოება უკვდავია, ძლიერია და ერთადერთი რაც მას მოერევა, ესაა სტალინიზმი”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
„პრემიერი თავის განცხადებაში აქციებს გულისხმობს, თორემ ძალაუფლებაზე არც დგება საქმე და მიტინგის სულისკვეთება აქამდე არ აღწევს. არც კი ისმის, რომ არიქა ხელისუფლება გაგადგეს და ა.შ. მოთხოვნებია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები. “გადადექი”-ს დაძახილისთვის ზურგს უკან ალტერნატიული ძალა უნდა გყავდეს და როცა ათკაციანი ჯგუფი იტყვის გადადექიო, ეს სერიოზულად არ აღიქმება. მეეჭვება, რომ მომავალში “გადადექი”-ს მოწოდება შემოვიდეს. ამდენი ხანია აქციებია და ამ ტიპის კარდინალური მოთხოვნა არ დაყენებულა, თუკი არ იქნა დაკვეთა იმაზე, რომ ბრძოლა უფრო კარდინალური გახდეს. თუმცა, ვხედავთ, რომ დამკვეთებს როგორც არ უნდა უნდოდეთ, რეალურად აქციების მასშტაბი ისეთ ზომებს ვერ იღებს, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზულ მოვლენად იქცეს”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.
“თუ ეს ტემპერატურა არ დაეცა, რაც ახლაა, ეს გაგრძელდება. არ არის ბევრი, მაგრამ არც ცოტაა. გარკვეულ თარიღებში ხალხი მეტი გამოდის, რითაც მთავრობას ატყობინებს, რომ არ სძინავთ. ასე გაგრძელდება შემდეგ არჩევნებამდე, ყველაზე შორს 2028 წლის ოქტომბერში, ყველაზე ახლოს - ნებისმიერ დროს. საგარეო ფაქტორიც მნიშვნელოვანი იქნება. უკრაინაში სიტუაცია დუღილშია, ტრამპმა მორიგი წინდაუხედავი წინადადებები შესთავაზა, რაც თვით სენატსა და კონგრესშიც მიუღებელი აღმოჩნდა. იქაურმა ცვლილებებმა შეიძლება ჩვენზე მოახდინოს გავლენა. თუ რუსეთი თავისას ვერ მიაღწევს, მაშინ ევროპა მოინდომებს ასეთი წარუმატებელი რუსეთი მაქსიმალურად შებოჭონ და გააყვანინონ ძალები მოლდოვასა და სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან. თუ საქართველოს მთავრობა ამაზე უარს იტყვის, შეიძლება ქართულმა საზოგადოებამ იხუვლოს და ეს იყოს ბოლო წვეთი, როცა გარეთ გამოვა და სახლში არ შევა, ვიდრე თავისას არ მიაღწევს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“პრემიერი განცხადება ხელისუფლების მხარდამჭერებზეა გათვლილი. მუდმივი დაუსაბუთებელი ბრალდება - რადიკალური ოპოზიციის უცხოელი პატრონები - არ არსებობენ. ან ეს რადიკალური ოპოზიცია რომელია, ამისი არანაირი საკანონმდებლო ცნება არაა. ვისაც რას უნდა იმას აბრალებს, ამ დროს კი თავს მთელი ქვეყნის პრემიერად თვლის და როგორ შეიძლება ასე ყოფდეს საზოგადოებას - რადიკალებად და არარადიკალებად?! ეს განცხადებები ქუჩის აქციების მონაწილეებისთვის არაა. ესაა მათივე ამომრჩევლისთვის, თუმცა ისინიც ხედავენ, რომ ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს, რომ გარედან ფინანსდება და ზღაპრებს ყვებიან”, - დასძენს ზაქარეიშვილი.
ვახტანგ ძაბირაძე - ”აგერ გვაქვს 4 ოქტომბერი და დღეს იგივე ხალხი ამბობს, რომ თურმე ბოიკოტი კარგია..."
“დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ ცდილობენ კანონმდებლობა იმდენად მოირგონ საკუთარ თავზე, რომ უბრალოდ, კანონთან შეუსაბამობის თქმის საშუალებაც არ გვექნება, იქნება ეს არჩევნების გაყალბება თუ სხვა რამ. დღეს ამის გაკეთება, მართალია, პროტესტსა და ოპოზიციური სპექტრის წუხილს იწვევს, მაგრამ “ოცნებას” ურჩევნია ეს გააკეთოს დღეს, ვიდრე, დავუშვათ, 2028 წლის გაზაფხულზე, როცა არჩევნები მოახლოვდება და ცვლილებებს მართლა დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება. 2028 წლამდე ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცემა. ყოველ შემთხვევაში, თუ პროტესტი იქნება, იტყვიან, “კანონში ასე გვაქვს მიღებული და ვაკეთებთ იმას, რაც კანონში წერია”. იმის გარკვევას, რამდენად სამართლიანია კანონი, “ოცნება” არად დაგიდევთ. კანონებისადმი ძალზე თავისუფალი დამოკიდებულება აქვთ. ამას აკეთებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რომ ქვეყანაში, ფაქტობრივად, ავტორიტარული რეჟიმი დაამყარონ...” - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ”აგერ გვაქვს 4 ოქტომბერი და დღეს იგივე ხალხი ამბობს, რომ თურმე ბოიკოტი კარგია“ / რამ შეიძლება “ქართული ოცნება” ვადამდელ არჩევნებამდე მიიყვანოს.
“ოცნებამ" კარგა ხანია გადალახა ის წითელი ხაზი, რომელიც აკავებდა. ეს წითელი ხაზი ჩვენი პარტნიორებიდან, დასავლეთიდან მოდიოდა. დღეს ამას “დიპ სტეიტი" დაარქვეს, რომ ყველაფერს ის აკონტროლებს. ამიტომაც თურმე ის, რომ ემიგრანტებს უკრძალავენ ხმის მიცემას, გამოწვეულია იმით, რომ გერმანიის ან სხვა ქვეყნის ხელისუფლებამ არ მოახდინოს მათზე გავლენა. რამდენი ხანია, “ემიგრანტთა შესახებ” კანონპროექტი შეიტანეს პარლამენტში. მას შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე დღესაც იძულებულია ამ კითხვებს უპასუხოს. წარმოიდგინეთ, ეს რომ საარჩევნო წელს ხდებოდეს, მათთვის გაცილებით მძიმე იქნებოდა. ამიტომ დღესვე მიიღებენ თუ ორი წლის შემდეგ, არჩევნების დროს ვინმე რამეს თუ იტყვის, უპასუხებენ, კანონში ასე წერიაო. რეალურად კი მიზეზი ის არის, რომ არ ენდობიან ემიგრანტებს სადაც მათი მხარდაჭერა, ფაქტობრივად, ნულია. საელჩოს თანამშრომლის გარდა, არა მგონია, რომელიმე ემიგრანტმა “ქართულ ოცნებას” ხმა მისცეს. თუ ვინმეს ჰგონია, “ოცნება” ვინმეს აზრს გაითვალისწინებს, იქნება ეს ევროპა თუ აშშ, ძალიან ცდება. ბოლომდე გაატარებენ ამ პოლიტიკას, თუ ქვეყანაში არ შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ გაუჩნდეთ პრობლემები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ჯერჯერობით ჩვენი ოპოზიციის ბედოვლათობიდან გამომდინარე, ეს არ ემუქრებათ. პირიქით, იქით ადანაშაულებენ, რომ თურმე ბრიუსელმა უარი თქვა სანქცირებული პირებით დაკომპლექტებული დელეგაციის მიღებაზე და ეს ყოფილა შიდა საქმეში ჩარევა. პროპაგანდა მუშაობს და იმუშავებს. ასე რომ, მოულოდნელი არაფერია, ყველაფერი მათ ლოგიკას მიჰყვება... ამიტომ რიგგარეშე არჩევნები დღეს, როგორიც არ უნდა იყოს, გაყალბებული თუ გაუყალბებელი, ფინანსური ხარჯი ხომ მაინცაა და რაში სჭირდებათ? რატომ უნდა ჩაატარონ, როდესაც მშვენივრად აქვთ აწყობილი საქმე? “ოცნებას” დასავლეთი არალეგიტიმურად ცნობს, მთელი წელი გავიდა და, ფაქტობრივად, არავინ ეკონტაქტება, ავტორიტარული ქვეყნების გარდა, და აწუხებთ და ადარდებთ ეს? ასე რომ, ეს პრობლემა არაა. ან საკონსტიტუციო უმრავლესობა რაში სჭირდებათ? ჩვენთან კონსტიტუცია მუშაობს? რაში სჭირდებათ აუტკივარი თავის ატკივება? აი, სხვა თემაა, თუ საგარეო ვითარება შეიცვალა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“თუ დავუშვათ, უკრაინაში ომი დასრულდა, ეს გავლენას მოახდენს გლობალურ პოლიტიკაზეც და ბევრ საკითხზეც. ეს ისეთი ფაქტორია, რომელიც დიდი ალბათობით, განაპირობებს არჩევნების ჩატარებას. შიგნით ყველაფერი მოგვარებული აქვთ, გარეთ კი უკვე გადკვეთილია ის ზღვარი, რომელიც აკავებდათ... ურთიერთობები გაფუჭებულია, ზღვარი გადალახულია, წითელი ხაზი გადაკვეთილია. ამიტომ არ სჭირდებათ დღეს არჩევნების ჩატარება. ეს ზედმეტი ძალისხმევა იქნება. არის ორი ვარიანტი: თუ “ოცნებამ” ჩათვალა, რომ ამ ომის შეწყვეტის შემთხვევაში რუსეთი უფრო გამარჯვებული გამოვიდა, მაშინ შეიძლება ჩაატაროს არჩევნები, რადგან დასჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოსაღებად. მაგრამ, თუ დარწმუნდა, რომ დასავლეთს უფრო მომგებიანი პოზიცია აქვს, უფრო ძლიერ გავლენას ახდენს ქართულ ხელისუფლებაზე და იძულებულია დასავლეთთან ითანამშრომლოს, მაშინ ვფიქრობ, კობახიძე თავისი გუნდით პენსიაზე გავა”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ძალიან მეეჭვება, რომ კობახიძე რასაც ამბობს, მის რწმენას შეესაბამებოდეს. ვიცი, რა გაქანების კაცია, თუნდაც როგორც კონსტიტუციონალისტი - 2010 წელს ბრწყინვალე კრიტიკული პოზიცია ჰქონდა სააკაშვილის მიერ მიღებულ კონსტიტუციაზე... ისიც მეეჭვება, რომ უმრავლესობიდან, თუნდაც “ხალხის ძალა” რომ ჰქვია, ეს კურსი იყოს მათი გულწრფელი რწმენა... ხვალ კობახიძეს იმიტომ კი არ შეცვლის, რომ მას ასეთი განწყობა აქვს, არამედ იმიტომ, რომ არ შეიძლება იმავე პირმა, დღეს ევროპას რომ ლანძღავს, ხვალ თქვას, რა `დიპ სტეიტიო~. ამიტომ სხვამ უნდა ილაპარაკოს. დღეს ვინც არ ჩანს, ის ილაპარაკებს. რიტორიკა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ვინ გაახმოვანებს ამ შეცვლილ რიტორიკას, ეს სხვა საკითხია. ახლა შათირიშვილებს მოუწევთ გარკვეულწილად ჰონორარზე უარის თქმა, ან მათაც მოუწევთ რიტორიკის შეცვლა. საქართველოში განათლების მინისტრი გვყავს ადეიშვილის მოადგილე და რაზე ვლაპარაკობთ? საძებარი არაფერია. რამდენიც გინდათ, იმდენია, ვინც სიამოვნებით დათანხმდება, თუნდაც დროებით, ერთი წლით იყოს პრემიერი”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
“ოპოზიცია რომ არაადეკვატურია, ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. რაც შეეხება ჭკუის სწავლას, ვერ ისწავლიან, იმიტომ, რომ, მოდი, ასე ვთქვათ, თუ გავიძახით, ივანიშვილმა იყიდა მთელი საქართველოო, ოპოზიციაც ხომ შედის ამ მთელ საქართველოში. საინტერესო იქნებოდა მათი ბედი, ვინც დააპატიმრეს. ვგულისხმობ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ციხეში არიან, და არა სინდისის პატიმრებს. მათ უკვე უდიდესი საქმე გააკეთეს, საქართველოში ჭეშმარიტი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება დაიწყო. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ისინი მაინც ვერ ასრულებდნენ სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციას. ამ ხალხმა, ვინც ციხეშია და ვინც აპროტესტებს, დაიწყო ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ეს ცალკე მხარეა. მეორე მხარეა ოპოზიციონერი და პარტიული ლიდერები, ციხეში თუ მის გარეთ...”, - თვლის რესპონდენტი.
|4 ოქტომბრის შემდეგ ისევ იმაზე ვლაპარაკობთ, რომ თურმე ვიღაცას არ უნდა გაერთიანება. გაერთიანება როგორ წარმოუდგენია, ვინც ამბობს, მხოლოდ მე დამეთანხმეო. თუ არ მეთანხმები, მაშინ კრემლის აგენტი და ივანიშვილის მორჩილი ხარო. არადა, 4 ოქტომბერი გვაქვს, რომელიც არ შეგვიფასებია, აღარაფერს ვამბობ წარსულზე. აგერ გვაქვს 4 ოქტომბერი და დღეს იგივე ხალხი ამბობს, რომ თურმე ბოიკოტი კარგია. რით არის კარგი? რა მოიტანა? გარდა იმისა, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი მოხვდა ციხეში და კაცმა არ იცის, ვინ რამდენი წლით და რატომ? შედეგი რა არის? ნული! მაშინ, როდესაც იცი, რომ თბილისის მოსახლეობა მხარს გიჭერდა და არჩევნებში არ მონაწილეობდი. ამ ბოიკოტს არასოდეს მოუტანია პოზიტიური შედეგები. კიდევ ეს ლეგიტიმაციის თემა - აღარ მინდა ამ სიტყვის გაგონება. ამ თემაზე აპელირებასაც არ მოუტანია არაფერი, ყოველთვის შემოგდებული თემა იყო. ახლაც ასეა. მეტი რა უნდა ქნას დასავლეთმა, არ მესმის. არ აღიარებენ, სანქციებს უწესებენ ნელ-ნელა, არც ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მაინც”, - განმარტავს ანალიტიკოსი.
“სანამ ჩვენ არ დავიწყებთ სერიოზულ ფიქრს, როგორი საზოგადოება ვართ, რას წარმოვადგენთ, სად ვართ, განვითარების რა დონე გვაქვს, მანამდე არ გვეშველება არაფერი. სამწუხაროდ, ოპოზიციაც ამ საზოგადოების პირმშოა. აი, ასეთ მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ 30 წელია და ვერც ვერაფერი ვისწავლეთ და ვერც ვერაფერს ვცვლით. როდესაც ეს ხალხი გაერთიანებაზე ლაპარაკობს, თუნდაც თეორიულ გაერთიანებაზე, პოლიტიკოსებისა და ლიდერების გაერთიანება კი არ იძლევა შედეგს, შედეგს იძლევა ელექტორატის გაერთიანება. პოლიტიკური ლიდერების გაერთიანება გამოიწვევს ელექტორატის გაერთიანებას? ამ კითხვაზე პასუხი ვინმეს აქვს, ან უფიქრია, ან უმსჯელია, ან უკვლევია? არავის! ხელაღებით შეიძლება ვთქვათ, კი ბატონო, გავერთიანდეთ, კი ბატონო, გამოვუცხადოთ ბოიკოტი ყველა არჩევნებს და გავიდეთ ყველა ტყეში ფირალებადო, მერე რა, იქნება რამე შედეგი? ცხადია, არა და ვიდრე ამაზე არ დაფიქრდება ჩვენი ოპოზიციონერი საზოგადოება, მანამდე არაფერი შეიცვლება. სამწუხარო ის არის, რომ ვიღაცები ამას მუდმივად ვამბობთ, მაგრამ რა, შედეგი ნულია!” - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.