ტრამპის 28-პუნქტიანი დოკუმენტი არ არის არც სრულყოფილი და არც სამართლებრივი ტექსტი, ეს არის მოსაზრებების, იდეების კრებული, რაც შემდგომ ძალიან ღრმა დამუშავებას საჭიროებს - ჟენევის გუშინდელი კონსულტაციები საკმაოდ ნაყოფიერი და დამაიმედებელი იყო, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი შეფასებით, ყველა თანხმდება, რომ ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად შემუშავდა, „ძირითადად, რუსეთში დაიწერა“.
„28-პუნქტიანი დოკუმენტი არ არის არც სრულყოფილი გეგმა და მით უმეტეს, არც სრულყოფილი სამართლებრივი ტექსტი. სრულად გამოვრიცხავ, რომ მისი ხელმოწერა შეიძლება იმ ჩარჩოებში შედგეს, რაც ტრამპმა განაცხადა, ანუ 27-ამდე. ისეთი ურთიერთსაწინააღმდეგო პუნქტებია ჩადებული და ზოგიერთი იმდენად ბუნდოვანია, ისეთი არასამართლებრივი ენით არის შედგენილი, რომ ეს არის მოსაზრებების, იდეების კრებული, რაც შემდგომ ძალიან ღრმა დამუშავებას საჭიროებს. გუშინდელი მოლაპარაკებების შემდგომ რუბიომ, პრაქტიკულად, აღიარა, რომ მისი ხელმოწერა ვერ შედგება 27-მდე. გუშინდელი კონსულტაციები, როგორც ჩანს, საკმაოდ ნაყოფიერი იყო. რუბიოს ახლა შელახული დოკუმენტის გამოსწორება უწევს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დოკუმენტის შემუშავებაში მარკო რუბიო არანაირად არ იღებდა მონაწილეობას. გუშინდელი დღე ძალიან დამაიმედებელი იყო“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
კითხვაზე, „აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებული 28-პუნქტიანი გეგმა ტოვებდა თუ არა აღქმას, რომ ის მსხვერპლს ჩაგრავს და აგრესორს ახალისებს?“, ჩეჩელაშვილმა დასძინა, რომ „კი“.
„დოკუმენტი ისე იყო შედგენილი, რომ უკრაინის თანხმობის შემთხვევაში, ის, პრაქტიკულად, უარს ამბობდა თავისი ტერიტორიების რაღაც ნაწილზე, მაგრამ აქაც ძალიან ბუნდოვანი იყო. გაურკვეველი „დე-ფაქტო“ ცნება შემოდიოდა, რაც ეფექტურ კონტროლს ნიშნავს. ეფექტურ კონტროლს რუსეთი დღეს ნამდვილად ახორციელებს უკრაინის ტერიტორიების ნაწილზე. იმავე დოკუმენტში, სადაც საუბარი იყო დონეცკის ოლქზე, მოთხოვნა იყო, რომ უკრაინას საკუთარი ძალები გაეყვანა. ამის შემდგომ სრულად ახალი ტერმინი შემოდიოდა, რომ ის ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებული გახდებოდა, როგორც რუსეთის კონტროლის ქვეშ და ამავდროულად, დელიმიტირიზებული ზონა. ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ევროპის დოკუმენტი ტრამპის პირვანდელ იდეას ეფუძნება, რომ უპირველესად, ცეცხლი შეწყდეს და ამის შემდგომ დაიწყოს მოლაპარაკება. ეს განსხვავებული მოდელია. იქ არის მთელი რიგი დებულებები, რომელიც იმეორებს იმ პუნქტებს, რომლებიც ტრამპის 28-პუნქტიან დოკუმენტშია, ოღონდ უფრო დახვეწილია იურიდიული სამართლებრივი ენით. იქ ბევრი რამე უფრო კარგად და უკრაინის სასარგებლოდაა ჩამოყალიბებული.
უკრაინას უარი არ უთქვამს ტრამპის მიერ შეთავაზებულ ტექსტზე მუშაობაზე, შევიდა დიალოგში და თავისი არგუმენტებით ცდილობს, ეს ტექსტი ევროპელებთან ერთად გააკეთილშობილოს.
დღეს, უკრაინის ამოცანა ზუსტად ისაა, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგად ჩამოაყალიბოს იმისთანა ტექსტი, რომელზეც აშშ იძულებული იქნება, რომ დათანხმდეს, ანუ ვერ უარყოფს უკრაინის წინადადებებს. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკება. ყოველ შემთხვევაში, უკრაინა-ამერიკის ერთობლივი პრესრელიზი ამაზე მეტყველებს. მეორე მხრივ, იმ პუნქტებთან ერთად, რომელიც პირვანდელ დოკუმენტში რუსეთს არ აწყობდა, ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტი სერიოზული პუნქტი ამ ახალ შეთანხმებულ ტექსტში, რომელზეც რუსეთი ვერ და არ დათანხმდება. ამის შედეგად, მივიღებთ იმას, რომ უკრაინის პოზიცია უფრო გამყარებული და კონსოლიდირებული იქნება ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით, აშშ-ის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, რუსეთი იზოლაციაში მოექცევა. ბევრი რამ შეიძლება რუსეთს არ აწყობდეს პირველ ვარიანტშიც, მაგრამ გაცილებით მეტი არ უნდა აწყობდეს უკრაინას, ვიდრე რუსეთს“, - განაცხადა დიპლომატმა.
რაც შეეხება სამშვიდობო გეგმაში უკრაინის ჯარის შესახებ ჩანაწერს, ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, დაუშვებელი უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირება, რადგან უკრაინა საკუთართან ერთად, ევროპის სტაბილურობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტსაც იცავს.
„ახალ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ შესაბამისი შეიარაღებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი უკრაინა. ევროპელები ძალიან კარგად ხედავენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იცავენ არა მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, არამედ ევროპის სტაბილურობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინის ძლიერი ჯარი ევროპულ ჯარებთან ერთად, ყველაზე მტკიცე გარანტიაა არა მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის, არამედ ევროპის კეთილდღეობისაც“,- აღნიშნა მან.
რაც შეეხება სამშვიდობო გეგმის კიდევ ერთ პუნქტს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატო-ში ინტეგრაციაზე, ჩეჩელაშვილის თქმით, „უკრაინისთვის მთავარი მყარი გარანტიების მიღებაა“.
„თუ ახალ დოკუმენტში პირდაპირ იქნება ჩაწერილი, რომ უკრაინა აშშ-დან ან ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნებიდან მეხუთე პუნქტის ტოლფას უსაფრთხოების გარანტიებს მიღებს, ეს შეიძლება სავსებით დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
რაც შეეხება უკრაინაში ახალი არჩევნების, ცეცხლის შეწყვეტიდან 100 დღეში ჩატარების შესახებ მოთხოვნას, დიპლომატის შეფასებით, რუსეთს ახალი არჩევნები იმიტომ უნდა, რომ „ზელენსკი შეასუსტოს ან ჩაანაცვლოს“.
„რუსეთის პოზიცია გასაგებია იმიტომ, რომ ძალიან გაღიზიანებულები არიან ზელენსკის ძალიან პრინციპული და თანმიმდევრული პოზიციით და მეორე იმით, რომ მას ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული რეპუტაცია და ავტორიტეტი აქვს, როგორც ევროპაში ისე, მის ფარგლებს გარეთაც. ამიტომაც, ის ძალიან სერიოზულ მოწინააღმდეგედ მიაჩნიათ და უნდათ, რომ შეასუსტონ. ან შეასუსტონ ან მთლიანად გამოცვალონ არჩევნების შედეგად. [რუსეთს ახალი არჩევნები უნდა იყო იმიტომ, რომ] ჩაერიოს. არჩევნების ჩატარება ცეცხლის შეწყვეტიდან რაღაც პერიოდში უნდა მოხდეს, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტასთან პრობლემა რუსეთს აქვს. ის თავის თავსაც ეწინააღმდეგება, როცა ამბობს, რომ 90 დღეში უნდა ჩატარდეს არჩევნები“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა, რომლის შეფასებითაც, „ტრამპს რუსეთის მიმართ რაღაცნაირი განსაკუთრებული პოზიტიური სენტიმენტები აქვს“.
ჩეჩელაშვილი არ გამორიცხავს, რომ ახალი არჩევნების შემთხვევაში, ზელენსკიმ ისევ გაიმარჯოს, თუმცა ამავე დროს დასძინა, რომ არ არის დარწმუნებული, იყრის თუ არა ის კენჭს.