ევროკავშირს არ აქვს განათლების საერთო ევროპული პოლიტიკა. განათლების სფერო არ შედის ევროკავშირის ექსკლუზიურ კომპეტენციებში. ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ (ლისაბონის) ხელშეკრულების თანახმად,
ზემოაღნიშნული ნორმატიული დებულებები მოწმობს, რომ ევროკავშირი არ მოქმედებს განათლების სფეროში საკანონმდებლო იმპერატიული მექანიზმებით, არამედ, - მხარდაჭერის, პროგრამული დაგეგმარების, განვითარების, განათლების გადაადგილების თავისუფლების ხელშეწყობის ინსტრუმენტებით. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, ევროკავშირი იღებს სავალდებულო ხასიათის საკანონმდებლო აქტებს და ასეთი შემთხვევებიც წევრი ქვეყნების მიერ არის წინასწარ გადაწყვეტილი (მისცენ ევროკავშირს კომპეტენცია).
განათლების პოლიტიკისა და ფუნქციონირების პრაქტიკის სპეციფიკა აისახა კიდეც ასოცირების შეთანხმებაშიც. კერძოდ, VI კარის, მე-16 თავით (358-361 მუხლებით) დადგენილი მიზანია: „მხარეები ითანამშრომლებენ განათლებისა და ტრეინინგის სფეროში, რათა გაააქტიურონ თანამშრომლობა და დიალოგი, მათ შორის, დიალოგი პოლიტიკის საკითხებზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან მიახლოვებას. მხარეები ითანამშრომლებენ, რათა ხელი შეუწყონ მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლას, წაახალისონ განათლებისა და ტრეინინგის სფეროში თანამშრომლობა და გამჭვირვალობა ყველა დონეზე, უმაღლეს განათლებაზე განსაკუთრებული აქცენტით.“
ამ მიზნის მისაღწევად, ასოცირების შეთანხმების XXXII დანართში გაიწერა ევროკავშირის ის დოკუმენტები, რომლებსაც საქართველო უნდა დაუხლოვდეს, კერძოდ:
ზემოჩამოთვლილიდან პირველი დოკუმენტი არის ევროკავშირის გადაწყვეტილება და იგი მიეკუთვნება სავალდებულოდ შესასრულებელ ვალდებულებას, ხოლო დანარჩენი დოკუმენტები ევროკავშირის რეკომენდაციებია, რომელთა გათვალისწინება, ეტაპობრივად, დროთა განმავლობაში საქართველოს საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისთვის მნიშვნელოვანია. ეს ვალდებულებები 2014 წელს განისაზღვრა.
განათლების, კვლევების, მეცნიერების, ტრენინგების სფერო ევროკავშირისთვის არამხოლოდ ადამინების პერსონალური და პროფესიული განვითარების საშუალებაა, არამხოლოდ ინფორმირებული, განათლებული, ჰუმანური, სოლიდარული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების გზაა, არამედ, პირდაპირ დაკავშირებულია ევროკავშირის ეკონომიკურ, სამრეწველო, სავაჭრო სფეროს პროგრესსა და ბაზრის კონკურენტუნარიანობასთან. განათლებული ადამიანები და საზოგადოება ქმნიან დოვლათს, ტექნოლოგიურ სიახლეებს, გამოგონებებს, რითიც იზრდება ეკონომიკა, საქონელწარმოება, შემოსავლიანობა, უსფრთხოება (მაგალითად სოფლის მეურნეობაში მავნებლებთან ბრძოლაში) და ა.შ. ამიტომაც, მიუხედავად, იმისა, რომ ევროკავშირი მოქმედებს სუსტი საკანონმდებლო ძალაუფლებით, იგი მოქმედებს ძლიერი პროგრამული და განმავითარებელი დაფინანსებითა და მხარდამჭერი მექანიზმებით. ევროკავშირის ასეთი ქმედებანი მნიშვნელოვნად ასტიმულირებს და კრავს ადამიანურ, სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ ინტერესებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ურთიერთგანვითარებას, კეთილდღეობის ზრდას, კონკურენციას შიდა და საერთაშორისო დონეზე.
ევროკავშირის თითოეულ სახელმწიფოს აქვს თავისი, ინდივიდუალური და სრულად ორიგინალური საგანმანათლებლო სისტემა, მაგალითად:
ფინეთი:
მშობლებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ შვილს ასწავლონ სახლში სკოლაში გაგზავნის ნაცვლად (დაწყებითი და საშუალო განათლების ქვედა საფეხური). ასეთი გადაწყვეტილების თაობაზე, მშობლებმა უნდა აცნობონ ადგილობრივ საგანმანათლებლო ორგანოს, თუმცა სპეციალური ნებართვა არ არის საჭირო. ამის შემდგომ, განათლება გრძელდება საშუალო განათლების ზედა საფეხურის სკოლებში ან პროფესიული განათლებისა და ტრენინგის დაწესებულებებში. სტუდენტს შეუძლია მიიღოს ინდივიდუალიზებული საშუალო საფეხურის კვალიფიკაცია, რაც გულისხმობს დამოუკიდებლად სწავლებას და მხოლოდ გამოცდებში მონაწილეობას შესაბამის სკოლაში. სტუდენტმა უნდა მიმართოს იმ სკოლას, სადაც სურს გამოცდების ჩაბარება. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მუშავდება, ხოლო სკოლა აკონტროლებს სტუდენტის პროგრესს. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, სტუდენტს შეუძლია ცოდნისა და უნარების დამოუკიდებლად შეძენა, მაგალითად, სამუშაო გარემოში, ოჯახში ან სხვაგან. ამის შემდეგ ის მიმართავს პროფესიული განათლების დაწესებულებას, სადაც შეძენილი უნარები პრაქტიკული დავალებების ე.წ. „კომპეტენციის დემონსტრირების“ საშუალებით ფასდება. დაწესებულება ადგენს გეგმას იმის შესახებ, თუ როგორ განხორციელდება სწავლების შეფასება, და აკვირდება სტუდენტის პროგრესს საშუალო განათლების მიღების პროცესში.
დაწყებითის წინა/სკოლამდელი განათლება (pre-primary) იწყება ბავშვის 6 წლის ასაკში და გრძელდება ერთი წელი. დაწყებითი და საშუალო განათლების ქვედა საფეხური (primary and lower secondary education) გრძელდება 9 წელი და ხორციელდება ყოვლისმომცველ (comprehensive) სკოლებში. ასეთ სკოლებში 1-9 კლასია. განათლება იწყება იმ წელს, როდესაც ბავშვები 7 წლის ხდებიან და გრძელდება მანამ, სანამ მოსწავლეები 15-16 წლის ასაკს მიაღწევენ. მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო განათლება არსებობს, სკოლაში დასწრება სავალდებულო არ არის და მშობლებს შეუძლიათ შვილების განათლების უზრუნველყოფა სახლშიც. ასეთ შემთხვევებში, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი მუნიციპალიტეტის მოვალეობას წარმოადგენს იმის ზედამხედველობა, რომ სავალდებულო განათლების პროგრამები სრულად სრულდებოდეს. მოსამზადებელი განათლება საშუალო განათლების ზედა საფეხურისთვის (TUVA-პროგრამა), ემსახურება საშუალო განათლების ზედა საფეხურზე (upper secondary education) გადასვლას. იგი განკუთვნილია შესაბამისი ასაკის მქონე მოსწავლეთათვის, მიგრაციული წარსულის მქონე სტუდენტებისთვის, ასევე იმ ზრდასრულ მსმენელთათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საშუალო საფეხურის კვალიფიკაცია. TUVA-განათლება უზრუნველყოფს სტუდენტებს იმ აუცილებელი ცოდნით, უნარებითა და კომპეტენციებით, რომლებიც მათ საშუალო განათლების ზედა საფეხურის კვალიფიკაციაზე კანდიდატურად წარდგომისთვის ესაჭიროებათ. ასეთი მოსამზადებელი სასწავლო პროგრამა მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში გრძელდება. TUVA სავალდებულო არ არის. მისი მიზანია სტუდენტებისთვის დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა. დაწყებითი და საშუალო განათლების ქვედა საფეხურის დასრულების ან მოსამზადებელი (TUVA პროგრამის) შემდეგ, მოსწავლეები სწავლას აგრძელებენ საშუალო განათლების ზედა საფეხურზე. განათლების ეს საფეხური იყოფა ზოგად მაღალ საშუალო განათლებად და პროფესიულ საშუალო განათლებად. მოსწავლეები ირჩევენ, თუ რომელ მიმართულებაზე გააგრძელებენ სწავლებას. ეს საფეხური გრძელდება 3 წელი. სტუდენტებს ამ საფეხურის გავლის შემდეგ შეუძლიათ გააგრძელონ სწავლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. საუნივერსიტეტო სწავლებისას, ძირითადად, საბაკალავრო საფეხური გრძელდება 3 წელი და სამაგისტრო 2 წელი.
ესპანეთი
ადრეული განათლება 6 წლის ასაკამდე გრძელდება. ეს არ არის განათლების სავალდებულო ეტაპი. საჯარო დაწესებულებებს, რომლებიც ამ განათლებას სთავაზობენ, საბავშვო ბაღები ეწოდებათ, ხოლო იმ დაწესებულებებს, რომლებიც ასევე სთავაზობენ დაწყებით განათლებას, ადრეული ბავშვობის და დაწყებითი სკოლები ეწოდებათ. საბაზისო განათლება სავალდებულოა. ის მოიცავს 10-წლიან სწავლებას და შედგება შემდეგი პროგრამებისგან: დაწყებითი განათლება, რომელიც ხორციელდება დაწყებით სკოლებში ან სკოლამდელ და დაწყებით სკოლებში. ის შედგება ექვსი სასწავლო წლისგან, ჩვეულებრივ, 6-დან 12 წლამდე ასაკის პირებისთვის. შემდეგი საფეხურია სავალდებულო საშუალო განათლება (ESO), რომელიც უზრუნველყოფილია საშუალო სკოლებში 12-დან 16 წლამდე ასაკის პირებისთვის. ამ ეტაპის ბოლოს, სტუდენტები იღებენ პირველ ოფიციალურ კვალიფიკაციას, სავალდებულო საშუალო განათლების დიპლომს (Graduado en Educación Secundaria Obligatoria), რაც მათ საშუალებას აძლევს მიიღონ წვდომა საშუალო განათლების ზედა კლასებში ან შრომის ბაზარზე. საშუალო განათლების ზედა საფეხურიც (Upper secondary education), ძირითადად უზრუნველყოფლია საშუალო განათლების სკოლებში. სწავლება გრძელდება 2 აკადემიური წლის განმავლობაში და, როგორც წესი, მოიცავს 16–18 წლის ასაკობრივ პერიოდს. აღნიშნული საფეხური სტუდენტებს ორ შესაძლებლობას სთავაზობს:
უმაღლესი განათლება მოიცავს საუნივერსიტეტო სწავლებას, სამხატვრო/შემოქმედებით სწავლებას და პროფესიულ სწავლებას.
საფრანგეთი
სკოლამდელი განათლება (pre-primary) მოიცავს ბავშვის 3-6 წლის ასაკს. 2019 წლიდან ყველა ბავშვი ვალდებულია დაესწროს სკოლამდელ სასკოლო განათლებას სამი წლის ასაკიდან. ამიტომ, ასეთი სკოლები - წარმოადგენს ფრანგული „განათლების დაწყებითი საფეხურის“ განუყოფელ ნაწილს.
დაწყებითი განათლება (primary) ხორციელდება „დაწყებით სკოლებში“. ასეთ განათლებას იღებენ ბავშვები 6-დან 11 წლამდე ასაკში. ამ 5-წლიანი კურსის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები ავტომატურად გადადიან განათლების საშუალო საფეხურზე (არ არსებობს არც სტანდარტიზებული ტესტები და არც ხელმძღვანელობის პროცედურები).
საშუალო განათლების ქვედა საფეხური (lower secondary education) ხორციელდება „კოლეჯებში“ 4 სასწავლო წლის განმავლობაში (მოსწავლეები 11-დან 15 წლამდე). „კოლეჯებში“ განათლება სავალდებულოა და საერთოა ყველა მოსწავლისთვის. საშუალო განათლების ქვედა საფეხურის დასრულება დასტურდება ეროვნული დიპლომით (DNB); თუმცა, საშუალო სკოლის ზედა საფეხურზე მიღება არ არის დამოკიდებული DNB-ში წარმატებაზე.
საშუალო განათლების ზედა საფეხური (Upper Secondary Education) ხორციელდება „ზოგადი და ტექნოლოგიური ლიცეუმების“ ან „პროფესიული ლიცეუმების“ სახით, 3 წლიანი განათლებით (15-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის). საშუალო განათლების ზედა საფეხურის დასრულება დასტურდება „ბაკალავრიატით“ და ეს არის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესვლის პირობა. „პროფესიული ლიცეუმებში“ კი მოსწავლეები შეიძლება მოემზადონ პროფესიული უნარების სერტიფიკატისთვის (CAP), რომელიც 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება, რის შემდეგაც მათ შეუძლიათ ინტეგრირება აქტიურ სამუშაო ცხოვრებაში, ან პროფესიული „ბაკალავრიატისთვის“ მომზადება.
უმაღლესი განათლება ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამ დაწესებულებებს აქვთ მრავალფეროვანი სამართლებრივი სტატუსი, რომელიც ჩამოთვლილია საფრანგეთის განათლების კოდექსში. არსებობს მოკლე ციკლის სწავლების ორი ტიპი („Sections de Techniciens Supérieurs“ და „Bachelor universitaire de technologie“). საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსებს აქვთ განსხვავებული მიზნები და მიღების პირობები, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი სტრუქტურირებულია სამ სასწავლო ციკლად (ბაკალავრის ხარისხი, მაგისტრის ხარისხი და დოქტორის ხარისხი) და ECTS კრედიტებით, ბოლონიის პროცესის პრინციპების შესაბამისად.
ევროკავშირის თითოეული ქვეყნის, ასევე, გაფართოების ქვეყნების განათლების პოლიტიკის, საფეხურების და სპეციფიკის შესახებ ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ევროკომისიის სპეციალურ გვერდზე: https://eurydice.eacea.ec.europa.eu/eurypedia
ზემოაღნიშნული მაგალითები მოწმობს, რომ ქვეყნებს საკუთარი ინდივიდუალიზებული სისტემა აქვთ - სწავლების სხვადასხვა საფეხურები და ხანგრძლივობები, თუმცა, იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს განათლების გადაადგილების თავისუფლება, საჭიროა კვალიფიკაციების საერთო ჩარჩოს ქონა. ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩო (EQF) არის ევროკავშირში მთავარი გამაერთიანებელი სტანდარტი. ის არ არეგულირებს არც ეროვნულ დონეზე სწავლების ადმინისტრირების ასპექტებს, არც ეროვნული განათლების პოლიტიკის შტრიხებს, არც ეროვნული სწავლის წლებს. ის არეგულირებს სწავლის შედეგებს და კვალიფიკაციის დონეებს. EQF დონეებია:
ასეთი გამაერთიანებელი მიდგომა, საშუალებას იძლევა, ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში გაცემული კვალიფიკაცია შევადაროთ სხვა ქვეყნისას, მაშინაც კი, თუ სწავლის ხანგრძლივობა განსხვავებულია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის უმრავლეს ქვეყნებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებებში სწავლების გაგრძელებისთვის, როგორც წესი, ახალგაზრდები გადიან 12 წლიან სწავლებას (სხვადასხვა ფორმით).
2025 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტში ევროკომისიამ მოაქცია გაწევრების კანდიდატი ათივე ქვეყნის ინდივიდუალური შეფასება. საქართველოს შეფასების ანგარიშის 26-ე თავში, „განათლებისა და კულტურის“ ნაწილში წერია შემდეგი:
/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/
გამოყენებული წყაროები: