გიორგი შარაშიძე - ყველა ცრუმოწმე, ვინც გიორგი გახარია დაასმინა, პასუხს აგებს იმაზე, რომ სოფელ ჩორჩანას ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი დღეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიად აცხადებს

ქართული მიწის დაცვის საქმეზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნით „ოცნება“ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს - როგორ გინდათ აუხსნათ მოსახლეობას, რომ თურმე 6 წელია ეს მიწები დაკარგული გვაქვს და არაფერი იცოდით? - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ გიორგი გახარიას გაბედული და პრინციპული გადაწყვეტილებით მოხერხდა ქართული მიწების შენარჩუნება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმით.

„თუ თავად საქართველოს ხელმძღვანელობა აღიარებს ამ საგუშაგოს განთავსებას შეცდომად, მაშინ ერთადერთი სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება ამ საგუშაგოს აღება იქნება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან!“ - ეს არის ცხინვალის დე - ფაქტო მარიონეტული რუსული რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელის იგორ კოჩიევის სიტყვები. კარგად მოგეხსენებათ, რას გულისხმობს კოჩიევი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაში. არც მეტი, არც ნაკლები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას. დიახ, კოჩიევის ამ განცხადებით დასტურდება, რომ ივანიშვილის მოხდილი ბოდიშის შემდეგ, ქართული მიწის დაცვის საქმეზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნით „ოცნება“ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პროკურატურას და საქართველოს პროკურატურას ერთი და იგივე პრეტენზია აქვთ გიორგი გახარიას მიმართ?! სიმართლე კი არის ის, რომ გიორგი გახარიამ საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით მცოცავი ოკუპაცია მშვიდობიანი და კანონიერი მეთოდებით შეაჩერა და საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით ქვეყანას შეუნარჩუნა კონტროლი ჩვენს მიწებზე.

მინდა გითხრათ, რომ ყველა ცრუმოწმე, ვინც გიორგი გახარია დაასმინა, პასუხს აგებს იმაზე, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი დღეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიად აცხადებს, როცა საგუშაგოს აღებას ითხოვს ქართული მიწიდან, იმ ძირძველი ქართული მიწიდან, რომელიც გიორგი გახარიამ მშვიდობიანად დაიცვა, თქვენ კი დაკარგულად აღიარებთ, როცა ამბობთ, რომ თურმე ეს მიწები დავკარგეთ. და თუ ეს მიწები მართლაც დავკარგეთ, რატომ ვერ იღებს საგუშაგოს თავისივე ტერიტორიიდან ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი?

თუ ვინმემ ეს მიწა შესაძლოა მართლაც დაკარგოს, ეს ის ცრუმოწმეები არიან, ცრუ ჩვენებებით და საჯარო განცხადებებით ქართული მიწა დაკარგულად რომ გამოაცხადეს და ამით ოკუპანტს სამართლებრივი არგუმენტი მისცეს ქართულ მიწებზე პრეტენზიის დასაფიქსირებლად! იმ ცრუ ჩვენებებით, რომელსაც ოკუპანტი არა გიორგი გახარიას, არამედ საქართველოს წინააღმდეგ იყენებს!

თქვენ ხომ კარგად იცით, რომ სინამდვილეში სწორედ გიორგი გახარიას გაბედული და პრინციპული გადაწყვეტილებით მოვახერხეთ ქართული მიწების შენარჩუნება საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. და, რაც მთავარია, ქართული მიწა შევინარჩუნეთ მშვიდობიანად! დავიცავით ჩვენი მოქალაქეები ისე, რომ ამ ღირსეულ ნაბიჯს არანაირი სამხედრო ესკალაცია და დაპირისპირება არ მოჰყოლია. რას პასუხობთ ქართველ ხალხს, ვინც სამართლიანად არის შეშფოთებული ოკუპანტის ამ განცხადებით, რომ ჩორჩანა თურმე სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ყოფილა და ქართული მხარის მიერ აქ ჩადგმული საგუშაგო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან უნდა ავიღოთ?! როგორ გინდათ აუხსნათ საქართველოს მოსახლეობას, რომ თურმე 6 წელია ეს მიწები დაკარგული გვაქვს და 6 წელი არაფერი იცოდით? თუ არ იცოდით, გამოდის სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა და ეროვნული უშიშროება საერთოდ მოშლილია და თუ იცოდით და არ ამხელდით მანამ, სანამ გახარიას მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დაწყება არ გადაწყვიტეთ, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია! ან როგორ მოახერხეთ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ გიორგი გახარიას ორჯერ რომ დაუჭირეთ მხარი პრემიერ-მინისტრის პოსტზე? პირველად თურმე „დიფ-სთეითმა“ დაგავალათ და მეორედ ვინ დაგავალათ? გინდათ ის აბსურდი დააჯეროთ ვინმეს, რომ საგუშაგოს ჩადგმის გადაწყვეტილებაზე არავინ იყო ინფორმირებული?! თითქოს ეს საგუშაგო, ზურგზე მოიკიდა და მარტომ, ყველასგან მალულად ჩორჩანას ტყეში ღამით ჩადგა თურმე გიორგი გახარიამ. ამ ბინძურ და შეთითხნილ საქმეში მონაწილე ყველა ადამიანის ხვედრი იქნება ძალიან მძიმე, როცა მათ სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხების გაცემა მოუწევთ, თუ რატომ მისცეს ჩვენებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ“,- განაცხადა შარაშიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო