ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მინიმალური 1000-ლარიანი ხელფასის დაწესებისთვის, პარლამენტში კანონპროექტი დააინიცირა.
როგორც პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ეხება როგორც კერძო სექტორში, ისე საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს.
შარაშიძე ამბობს, რომ მისი ფრაქცია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს, თუკი „ქართული ოცნების“ დეპუტატები აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.
„ჩვენმა ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დააინიცირა პირველი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოში მინიმალური ხელფასის კანონით უზრუნველყოფის შესახებ. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული შრომის უფლება, ოღონდ არა ისე როგორც ამას „ოცნება“ განმარტავს. საქართველოს მოქალაქეს, ოფიციალური საარსებო მინიმუმზე, მინიმუმ სამჯერ მეტი მინიმალური ხელფასი უნდა ჰქონდეს. ეს საქართველოს რეალობაში არის 1000 ლარი. ეს ინიციატივა ეხება როგორც საჯარო სექტორში დასაქმებულებს, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულებს. დღეისათვის, საქართველოში 280 000-მდე ადამიანი იღებს ხელფასს 900 ლარზე ნაკლებს. მათ შორის, 170 000 ადამიანი იღებს 500 ლარზე ნაკლებს. მე მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ როდესაც ბიუჯეტი იზრდება, როდესაც 2026 წლისთვის საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი აღემატება 35 მლრდ ლარს, რა თქმა უნდა, სათანადო პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ამ ინიციატივაზე დათანხმების პრობლემა არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ვერ პასუხობს ქვეყანაში შექმნილ სოციალურ პრობლემებს, ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს. ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ, თუ ჩვენი ინიციატივა 1000 ლარიანი მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ არ იქნება მხარდაჭერილი "ოცნების" 89 დეპუტატის მიერ“, - განაცხადა შარაშიძემ.