სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სფეროა, სადაც რთულ და რისკიან გარემოში, ყოველდღიურად ათასობით ადამიანი მუშაობს. საქართველოში შრომის ინსპექციის მონაცემებით, სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მშენებლობაზე მოდის. ხშირია როგორც მსუბუქი, ისე სიცოცხლისთვის საშიში ტრავმები, რაც ხშირად უსაფრთხოების წესების უგულებელყოფის შედეგია.
შრომის უსაფრთხოება ამ კონტექსტში სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მექანიზმია. როდესაც კომპანიები არ უზრუნველყოფენ შესაბამის პირობებს, შედეგები შეიძლება იყოს ტრაგიკული როგორც ინდივიდუალური თანამშრომლისთვის, ისე მთლიანად ორგანიზაციისთვის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს იმ დარღვევებზე, რომლებიც სამშენებლო ობიექტებზე ყველაზე ხშირად გვხვდება.
რისკების სპექტრი სამშენებლო ობიექტებზე
სამშენებლო სექტორი თავისი ბუნებით მრავალფაქტორიანი რისკის ზონაა. აქ დასაქმებულებისთვის საფრთხე ყოველდღიური პროცესების თანმდევი ნაწილია: სიმაღლეზე მუშაობა, მძიმე სამშენებლო ტექნიკის გამოყენება, ელექტროენერგიასთან კონტაქტი, ქიმიური ნივთიერებები, უწყვეტი ხმაური და მტვერი. ამ ყველაფრის ფონზე, რთულ და დინამიკურ გარემოში, სადაც ერთდროულად რამდენიმე ქვეკონტრაქტორი მუშაობს, უსაფრთხოების მენეჯმენტი გამორჩეულად რთული ამოცანა შეიძლება გახდეს.
ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული ეს ფაქტორი ცალ-ცალკე უკვე საფრთხის შემცველია, მათი კომბინაცია კი ქმნის ისეთ სამუშაო გარემოს, სადაც ერთმა მცირე შეცდომამაც კი შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს. სიმაღლიდან ჩამოვარდნა, დანგრეული კონსტრუქციის ქვეშ მოყოლა, ელექტროშოკი, მძიმე აღჭურვილობის არასწორი გამოყენებით გამოწვეული დაზიანებები და ა.შ. - ეს მხოლოდ ნაწილია იმ საფრთხეებისა, რომლებიც ამგვარ სამუშაო პროცესს ახლავს.
სისტემური დარღვევები და მათი შედეგები
სამშენებლო ობიექტებზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფაა. ხშირად სპეციალისტები ჩაფხუტის, დამცავი ღვედის ან ხელთათმანის გარეშე მუშაობენ, რაც ტრავმის რისკს ზრდის.
მეორე სერიოზული პრობლემა არის უსაფრთხოების გეგმის არქონა. ბევრ ობიექტზე არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული პროცედურები ავარიული სიტუაციებისთვის, რაც კრიტიკულ მომენტში ქაოსსა და არაეფექტურ რეაგირებას იწვევს. ამას ემატება არასაკმარისი ტრენინგი - თანამშრომლები ხშირად არ არიან ინფორმირებულნი უსაფრთხოების წესების შესახებ ან ვერ აფასებენ რისკებს სათანადოდ, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს უსაფრთხოების დარღვევების მასშტაბს.
პრობლემის წყარო შეიძლება გახდეს გადატვირთული სამუშაო გრაფიკი და დასაქმებულთა ფიზიკური გადაღლა - ეს ხშირად მნიშვნელოვანი შეცდომების საფუძველი ხდება. თითოეული ეს დარღვევა გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობისთვის საშიშია, კომპანიისთვის ზოგჯერ ისეთი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებს აყენებს, როგორიცაა: ჯარიმები, საქმიანობის შეჩერება ან სისხლის სამართლის დევნა.
სახელმწიფო ზედამხედველობის ეფექტურობა და კერძო სექტორის როლი
საქართველოში შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია შრომის ინსპექცია, რომელიც უფლებამოსილია შეამოწმოს სამშენებლო ობიექტები და დააჯარიმოს კანონმდებლობის დამრღვევი კომპანიები.
კანონმდებლობა განსაზღვრავს მკაფიო სტანდარტებს შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა ეს მოთხოვნები ხშირად მხოლოდ ფორმალურად სრულდება. ჯარიმები ჯერჯერობით საკმარისი არ არის იმისთვის, რომ რეალურად აღიკვეთოს დარღვევები, ხოლო მონიტორინგის სისტემა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.
გარდა სახელმწიფო ზედამხედველობის ტექნიკური შეზღუდვებისა, მთავარი გამოწვევა რჩება უსაფრთხოების კულტურის ნაკლებობა თავად სამშენებლო ინდუსტრიაში. კომპანიების ნაწილი შრომის უსაფრთხოებას აღიქვამს როგორც ზედმეტ ხარჯს და არა როგორც აუცილებელ ინვესტიციას. მსგავსი მიდგომა აისახება დასაქმებულებზეც, რომლებიც ხშირად არ ემორჩილებიან წესებს.
ამ ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კერძო კომპანიების როლს, რომლებიც ხელს უწყობენ შრომის უსაფრთხოების სისტემურ დანერგვას. მაგალითად, კომპანია „გერგილი’’ აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომელთა დაცვის სტანდარტების ასამაღლებლად - ატარებს ტრენინგებს, ახორციელებს ობიექტების რეგულარულ მონიტორინგს და უზრუნველყოფს უსაფრთხოების პროცედურების შესაბამისობას კანონმდებლობასთან.
მსგავსი კომპანიების ჩართულობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საერთო უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას და უზრუნველყოფს, რომ სამუშაო გარემო რეალურად შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს.
პრევენცია და ეფექტური მიდგომები
სამშენებლო კომპანიებმა, რომლებიც გრძელვადიან განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, უნდა დანერგონ პრევენციული მექანიზმები. ეს მოიცავს რეგულარულ ტრენინგებს, სადაც თანამშრომლები გაეცნობიან უსაფრთხოების წესებს და ისწავლიან რისკების შეფასებას.
ტექნიკური ინსპექცია და აღჭურვილობის რეგულარული შემოწმება კიდევ ერთი აუცილებელი ნაბიჯია. თანამედროვე, სერტიფიცირებული აღჭურვილობა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები მნიშვნელოვნად ამცირებს ტრავმების რისკს. ამასთან, უნდა არსებობდეს მკაფიო პროცედურები ავარიული სიტუაციებისთვის.
შრომის უსაფრთხოება მხოლოდ რეგულაციების შესრულება არ არის - ეს არის ინვესტიცია ადამიანებში, კომპანიის რეპუტაციასა და ბიზნესის მდგრადობაში. რაც უფრო მეტად ზრუნავს კომპანია თავის თანამშრომლებზე, მით უფრო სტაბილურ და სანდო პარტნიორად აღიქმება ის ბაზარზე.
უსაფრთხოების კულტურა - სიცოცხლის დაცვის საფუძველი
სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების კულტურის განვითარება არ არის არჩევანი, ეს აუცილებლობაა. თითოეული დარღვევა, რომელიც შეიძლება უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, რეალურად სიცოცხლის ფასად შეიძლება დაგვიჯდეს.
უსაფრთხოების წესების დაცვა ნიშნავს არა მხოლოდ კანონთან შესაბამისობას, არამედ ადამიანური ღირებულებების პატივისცემას. კომპანიები, რომლებიც ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ, ქმნიან არა მხოლოდ უსაფრთხო სამუშაო გარემოს, არამედ სამართლიან და პასუხისმგებლობიან ბიზნესს.
(R)