მოსამართლემ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირის მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.

ამით მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. საქმის ერთ-ერთი პროკურორის, როინ ხინთიბიძის თქმით, 4 ოქტომბრის აქციის დღეს, ბრალდებულთაგან ზოგიერთმა სცადა პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება, ხოლო ყველა მათგანმა ჩაიდინა ძალადობა.

კიდევ ერთი პროკურორის ნუგზარ ჭიტაძის თქმით, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია ბრალდებულთა დანაშაულის შინაარსი სახელმწიფოს წინააღმდეგ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შემთხვევაში კი არსებობს მათი მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.

ბრალდების მხარის ამ პოზიციას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე და პატიმრობის შეცვლას ითხოვდა. ამასთან, ისინი მიუთითებდნენ, რომ ბრალდებულები პოლიტიკური მოტივით არიან დაკავებულები.

ადვოკატების განცხადებით, მოცემული სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების საფუძველს არ ქმნის. მათი თქმით, ბრალდებულების მხრიდან არ არსებობს მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.

ამასთან, ბრალდებულთა ადვოკატების ნაწილმა სასამართლოს 2 000 ლარის, ნაწილმა კი 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა. სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართა ბრალდებულ იური ლომიძის და გიორგი ტალახაძის ადვოკატებმა და ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიანდეს.

ცნობისთვის, 13 პირს: კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას,ავთანდილ თოფჩიშვილს, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება